ლელიანის მეჩალია
ლელიანის მეჩალია – Acrocephalus scirpaceus Hermann, 1804) − ფრინველი ბეღურასნაირთა რიგიდან.
- კლასი − ფრინველები (AVES)
- რიგი − ბეღურასნაირნი (Passeriformes)
- ოჯახი − ასპუჭაკასებრნი (Sylviidae)
- გვარი − მეჩალია (Acrocephalus)
ლელიანის მეჩალია პატარა ზომის ფრინველია, ფრთა 62-72 მმ-ია, კუდი – 50-58 მმ, ნისკარტი – 11-13 მმ, წონა – 10-12 გ. მამალი ოდნავ დიდია დედალზე. შეფერილობაში სქესთა შორის განსხვავება შეუმჩნეველია. ზრდასრული ფრინველი გამრავლების პერიოდში ზურგის მხარეს ღია მურა-წენგოსფერია, წელი და კუდზედა ბუმბულები – მოქარცისფრო. მომქნევები და საჭის ბუმბულები მურა-რქისფერია, მორუხო-წენგოსფერი არშიებით. ეს არშიები უფრო ფართოა მეორე რიგის შიგნითა მომქნევებზე. მუცლის მხარე მოთეთროა; გვერდებზე ზოგჯერ მოქარცისფრო ელფერია. ზაფხულში, გახუნებულ ბუმბულსაფარველზე, ქარცი ფერი უფრო მკრთალი ხდება ან სრულიად ქრება, მაგრამ შემოდგომით ახალ ბუმბულსაფარველზე იგი უფრო შესამჩნევია. ნისკარტი მურა-რქისფერია, ფეხები – მომწვანო-რუხი.
აღწერილია 2 ქვესახეობა. საქართველოში მოიპოვება აზიური ლელიანის მეჩალია – A. s. fuscus Hemprich et Ehrenberg, 1833.
სარჩევი |
გავრცელება
სახეობის ბუდობის არეალი მოიცავს: შუა და სამხრეთ ევროპას, ჩრდილოეთით სამხრეთ შვეციამდე, სმოლენსკამდე, ვოლგის ქვემო დინებამდე და ორენბურგამდე; კავკასიას, მცირე, წინა და შუა აზიას, აგრეთვე ყაზახეთს, სადაც გადის არეალის ჩრდილოეთი საზღვრის მნიშვნელოვანი ნაწილი. ზამთრობს ეკვატორულ აფრიკაში. საქართველოში მობუდარია.
ბიოტოპი
ბინადრობს წყლისპირა ლელიანში, ისლნარში, ტირიფნარში, ბუჩქნარში ან სხვა წყალხმელეთა მცენარეთა ბარდნარში.
გამრავლება
ლელქაშში, ბუჩქნარში, მაღალ ბალახნარებში იკეთებს კალათის ფორმის მაგარსა და მოხდენილ ბუდეს. მაისის მეორე ნახევარში დებს 3-6 კვერცხს. საინკუბაციო პერიოდი 11-12 დღეს გრძელდება.
კვება
ლელიანის მეჩალიას საკვებს შეადგენენ წვრილი მწერები, მათი კვერცხები და ლარვები. შემოდგომით მცირე რაოდენობით ჭამს კენკრასაც.
მნიშვნელობა
სასარგებლო მწერიჭამია ფრინველია.