მემატლიასებრნი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:21, 30 მაისი 2025-ის ვერსია, შეტანილი Echelidze (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მემატლიასებრნი (ლათ. Muscicapidae) − ფრინველთა ოჯახი ბეღურასნაირთა რიგიდან. მემატლიასებრნი ბეღურასნაირთა რიგის პატარა და საშუალო ზომის ფრინველთა ერთ-ერთი ვრცელი ჯგუფია. ოჯახში გაერთიანებული ფრინველებისათვის დამახასიათებელია საკმაოდ მკვრივი სხეული, შებრტყელებული და ძირში ფართო ნისკარტი, ნისკარტზედას წვეროში პატარა კაუჭი, რომლის წინ კიდეები ამოკვეთილია. ნესტოები განლაგებულია შუბლის წინ და დაფარულია წინ მიმართული ჯაგრისებური ბუმბულებით. კარგადაა განვითარებული ჯაგრისებური ბუმბულები პირის კუთხეებთან, რომლებიც ზოგჯერ თითქმის ნისკარტის სიგრძეს აღწევენ. ფრთები საკმაოდ გრძელი და მახვილია. პირველი რიგის 10 მომქნევიდან, პირველი მოკლეა და განუვითარებელი. ფეხები შედარებით სუსტია, გალო წინიდან დაფარულია რამდენიმე ფარით, ხოლო უკანიდან – ორი გასწვრივი ფირფიტით. თითები სუსტია და მოკლე, ბოლოში პატარა ბრჭყალებით. კუდი შედგება საჭის 12 ბუმბულისაგან და შეიძლება იყოს ნაირგვარი ფორმისა და სიგრძის. ბუმბულსაფარველი რბილია, შეფერილობა – ნაირგვარი, სადა მურა-რუხიდან, მკვეთრამდე, მეტალური ელვარებით. ბევრ სახეობას კარგად აქვს გამოხატული სქესობრივი დიმორფიზმი, მაგრამ ზოგიერთების შეფერილობაში სქესთა შორის განსხვავება შეუმჩნეველია.

მემატლიასებრნი ბინადრობენ უპირატესად მეჩხერ ტყეში, ტყისპირებში, მინდვრებში. არიან სახეობები, რომლებიც ეტანებიან ბაღებს, პარკებს, ეზოებს. ზოგიერთი ადის მთებშიც. ახასიათებთ სეზონური მიგრაციები, განსაკუთრებით ჩრდილოეთში მობუდარ არატროპიკულ ფორმებს.

მონოგამიური ფრინველებია. უმრავლეს შემთხვევაში მამლები მონაწილეობენ ბუდის აგებასა და ბარტყების გამოკვებაში, მაგრამ კრუხობს მხოლოდ დედალი. ბუდეს იკეთებენ როგორც ღიად, ხეებსა და ბუჩქებზე, ისე ფუღუროებში, ნაპრალებში ან ხვრელებში. დებენ მეტწილად 4-6, უფრო პატარა ზომის ფრინველები – 10-მდე კვერცხს. საინკუბაციო პერიოდი 11-15 დღემდე გრძელდება.

მემატლიასებრთა საკვებია მწერები, რომელთაც მოიპოვებენ დამახასიათებელი მანერით: ღია ადგილას ტოტზე ან რაიმე სხვა საგანზე მჯდომარე, მფრინავი მწერის დანახვისას აფრინდება, დაიჭერს მას და ისევ უბრუნდება თავის ადგილს. ზოგჯერ იჭერენ მჯდომარე მწერებსაც, განსაკუთრებით ბარტყების გამოკვების პერიოდში. უამრავი მავნე მწერების განადგურებით დიდი სარგებლობა მოაქვთ სახალხო მეურნეობისათვის.

მემატლიასებრთა ოჯახში ამჟამად აერთიანებენ 300-ზე მეტ სახეობას, რომელთაც ზოგჯერ ყოფენ 3 ქვეოჯახად. მათი უმრავლესობა გავრცელებულია აღმოსავლეთი ნახევარსფეროს ტროპიკულ ქვეყნებში. საქართველოში მოიპოვება ერთი გვარის წარმომადგენლები.

წყარო

საქართველოს ფრინველების სარკვევი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები