რუხი მემატლია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
23:28, 30 მაისი 2025-ის ვერსია, შეტანილი Echelidze (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

რუხი მემატლია (ლათ. Muscicapa striata Pallas, 1764) – ფრინველი ბეღურასნაირთა რიგიდან.

რუხი მემატლია პატარა ზომის ფრინველია, ფრთა 80-92 მმ-ია, კუდი – 60-70 მმ, ნისკარტი – 10-12 მმ, წონა – 12-20 გ. მამალი დიდია დედალზე. შეფერილობაში სქესთა შორის განსხვავება მცირეა. ზრდასრული ფრინველი ზურგის მხარეს ერთფეროვანი მოწაბლისფრო-რუხია, მაგრამ ახალ ბუმბულსაფარველზე ჟანგმიწისფერი ელფერია, განსაკუთრებით კუდზედა ბუმბულებზე. შუბლი მოჟანგმიწისფრო-მოთეთროა; თავზე მკაფიო რუხი-მურა ღერძულა ლაქებია. მომქნევები და საჭის ბუმბულები მუქი რქისფერია. ფრთის დიდი მფარავებისა და მეორე რიგის შიგნითა მომქნევების წვეროებზე მოთეთრო არშიებია. სხეულის ქვემო მხარე ჭუჭყიანი თეთრია, გასწვრივი მუქი წინწკლებით ყელის ირგვლივ, მკერდის გარდი-გარდმო და გვერდებზე. მამალი ყელსა და მუცელზე უფრო თეთრია, ვიდრე დედალი. ნისკარტი მუქი რქისფერია, ფეხები – მოცისფრო-რუხი, ბრჭყალები – მუქი.

აღწერილია 8-მდე ქვესახეობა. საქართველოში მოიპოვება ციმბირული რუხი მემატლია – M. s. neumanni Poche, 1904.

სარჩევი

გავრცელება

სახეობის ბუდობის არეალი მოიცავს თითქმის მთელ ევროპას, აზიის დასავლეთ ნაწილს, აღმოსავლეთით ბაიკალის ტბამდე. ჩრდილოეთი საზღვარი გადის სკანდინავიისა და კოლის ნახევარკუნძულების უკიდურეს ჩრდილოეთში, 70-ე პარალელამდე, არხანგელსკზე, ურალზე 61-ე პარალელამდე, ენისეისკამდე, შემდეგ კი კრასნოიარსკამდე და ირკუტსკამდე. სამხრეთით ვრცელდება აფრიკის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, ხმელთაშუა ზღვის ევროპის სანაპიროებზე, პალესტინამდე, სამხრეთ-აღმოსავლეთ ირანამდე, ჰიმალაისა და მონგოლეთის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილებამდე. ზამთრობს მთელ აფრიკაში, მესოპოტამიის, ირანისა და პაკისტანის სამხრეთ ნაწილებში და ჩრდილო-დასავლეთ ინდოეთში. საქართველოში მოიპოვება ყველგან როგორც მობუდარი ფრინველი.

ბიოტოპი

ამჟღავნებს ევრიბიონტულობას. მოიპოვება ყველგან ტაიგიდან ნახევარუდაბნოებამდე, მაგრამ ეტანება მეტწილად ტყის გამეჩხერებულ ნაკვეთებს, ტყისპირებს, ბუჩქნარებს, პარკებს, ბაღებს, დასახლებულ პუნქტებს, ველებში მოიპოვება ზოგჯერ სრულიად უტყეო ადგილებში.

გამრავლება

ბუდეს იკეთებს ხეებზე მიწიდან არც ისე მაღლა, ფუღუროში, ხის ნახევრად ახლეჩილი ქერქის ქვეშ, ზოგჯერ მიწაზეც. აპრილის ბოლოს და მაისის დასაწყისში დებს 4-5 კვერცხს. საინკუბაციო პერიოდი 11-12 დღეს გრძელდება. დადასტურებულია ზოგან ივლისში მეორე ბუდობაც.

კვება

რუხი მემატლია იჭერს და ჭამს ყოველგვარ მფრინავ მწერს, გარდა დიდი ზომის ხოჭოებისა. მათ შორის ბევრია ტყის სერიოზული მავნებლები.

მნიშვნელობა

მავნე მწერების მასობრივად განადგურებით დიდი სარგებლობა მოაქვს სახალხო მეურნეობისათვის.

წყარო

საქართველოს ფრინველების სარკვევი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები