წივწივასებრნი
წივწივასებრნი (ლათ. Paridae) − ფრინველთა ოჯახი ბეღურასნაირთა რიგიდან. წივწივასებრთა ოჯახში გაერთიანებულია პატარა, ზოგჯერ პაწაწინა ფრინველები, მრგვალი და საკმაოდ დიდი თავით, მოკლე კისრითა და კოხტა გარეგნობით, გრძელი და რბილი ბუმბულსაფარველით. ფრთები მოკლე და მომრგვალებულია; პირველი რიგის 10 მომქნევიდან, პირველი ზოგჯერ აღწევს მე-2 მომქნევის ნახევრამდე, ხოლო ყველაზე გრძელია მე-3 მომქნევი. საჭის ბუმბულები 12-ია. კუდი ჩვეულებრივად ფრთაზე მოკლეა ან იშვიათად მასზე ცოტათი გრძელია. ფეხები ძლიერია; გალო დაფარულია ფარებით, რომლებიც ზოგჯერ ერთმანეთს ერწყმიან. უკანა თითი შუა თითზე მოკლეა. ბრჭყალები მოხრილია და მაგარი, უფრო დიდი ბრჭყალი ჩვეულებრივად უკანა თითზეა. კონუსისებური ნისკარტი თავზე მოკლეა. ნესტოების ხვრელები მრგვალი ფორმისაა და დაფარულია მოკლე ჯაგრისებური ბუმბულებით. შეფერილობა ნაირგვარია, მაგრამ მასში არასოდეს არაა სუფთა წითელი ან იისფერი. არაა დამახასიათებელი ბუმბულებზე განივი ან ღერძულა ზოლიანობაც. უმრავლესობას „ქუდი“ და ყელი შავი აქვს. სქესობრივი დიმორფიზმი შეფერილობაში სრულიად არაა ან ძალიან მცირედაა გამოხატული.
წივწივასებრნი ძალიან მოძრავი ფრინველებია, დღის ცხოვრების ნირით. ბინადრობენ ნაირგვარი ტიპის ტყეებსა და ბუჩქნარებში, ბაღებში, პარკებში, ჭალებსა და მთების ფერდობებზე. ტუგაის ტიპის ტყეებითა და ჭალებით შედიან ველებისა და უდაბნოების ფარგლებშიც.
მონოგამიური ფრინველებია. ბუდობენ ფუღუროებში, კლდეთა ნაპრალებში, ხის ძირებში, სოროებში, მტაცებელ ფრინველთა ბუდეების კედლებში, შენობების ღრმულებსა და ხვრელებში. ხალისით სახლდებიან ხელოვნურ საბუდარებშიც. მხოლოდ რემეზი წნავს თავისებურ, მეტად მოხდენილ, ხის წვრილ და მოქნილ ტოტზე ჩამოკიდებულ, ჩანთისმაგვარ ბუდეს. დებენ 4-13 კვერცხს. კრუხად სხდებიან მხოლოდ დედლები. მამლები ამ დროს კვებავენ დედლებს. საინკუბაციო პერიოდის ხანგრძლივობა 13-17 დღემდე აღწევს. ბარტყებს კვებავენ ორივე სქესის ფრინველები.
წივწივასებრნი ძირითადად მწერიჭამია ფრინველებია. ანადგურებენ უამრავ მავნე მწერებს, რითაც დიდი სარგებლობა მოაქვთ სატყეო მეურნეობის, ბაღებისა და პარკებისათვის. ამიტომ მათ იზიდავენ და ხელს უწყობენ მომრავლებაში ხელოვნური საბუდარებით და ზამთარში საკვებურების მოწყობით. შემოდგომითა და ზამთარში ჭამენ თესლებსა და კენკრასაც.
წივწივასებრნი ფართოდ არიან გავრცელებული მთელ დედამიწაზე. ისინი არ მოიპოვებიან მხოლოდ არქტიკაში, ანტარქტიკაში, სამხრეთ ამერიკის უკიდურეს სამხრეთ ნაწილში და ოკეანეთის კუნძულებზე.
ოჯახის სისტემატიკური შედგენილობის შესახებ მკვლევართა შორის აზრთა სხვადასხვაობაა. ზოგიერთი სისტემატიკოსი ოჯახს ყოფს 3 ქვეოჯახად, 50-ზე მეტი სახეობით. საქართველოში მოიპოვება 2 გვარის წარმომადგენლები. ამ გვარებს ზოგჯერ ქვეოჯახებადაც კი თვლიან.