წიწკანა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
18:45, 31 მაისი 2025-ის ვერსია, შეტანილი Echelidze (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

წიწკანა (ლათ. Parus coeruleus Linnaeus, 1758) – ფრინველი ბეღურასნაირთა რიგიდან.

წიწკანა პატარა ზომის ფრინველია, ფრთა 60-70 მმ-ია, კუდი 45-55 მმ, ნისკარტი – 7-9 მმ, წონა – 10-12 გ. მამალი ოდნავ დიდია დედალზე. შეფერილობაში სქესთა შორის განსხვავება არაა. ზრდასრული ფრინველის საერთო შეფერილობაში ცისფერი ჭარბობს. თავი ზემოდან ლაჟვარდოვანი ცისფერია, მაგრამ შუბლი მოთეთროა, ხოლო კეფაზე თეთრი ზოლია შემოვლებული. პირის კუთხეებიდან თვალების გასწვრივ კეფისაკენ ვიწრო მოლურჯო-შავი ზოლი გადის. ასეთივე ფერისაა ყელი. ლოყები და ყურების მფარავები თეთრია, ზურგი მოწენგოსფრო-მწვანე. საჭის ბუმბულების შუა წყვილი, პირველი რიგის მომქნევებისა და საჭის ბუმბულების გარეთა მარაოები, აგრეთვე საჭის შუა წყვილი მთლიანად ცისფერია, ისევე როგორც მხრების ბუმბულები. მომქნევებისა და საჭის ბუმბულების შიგნითა მარაოები ღია მურა ფერისაა. ფრთების მფარავების თეთრი წვეროები ფრთაზე განივ თეთრ ზოლს წარმოქმნის. თეთრი წვეროები აქვთ მეორე რიგის მომქნევებსაც. მუცლის მხარე ღია მოყვითალოა, ნისკარტი და ფეხები მურა ფერისა.

აღწერილია 15 ქვესახეობა. საქართველოში მოიპოვება კავკასიური წიწკანა – P. c. satunini Sarudny, 1908.

სარჩევი

გავრცელება

სახეობის არეალი მოიცავს თითქმის მთელ ევროპას, ბრიტანეთის კუნძულების ჩათვლით, ატლანტის ოკეანის სანაპიროებიდან ურალის ქედამდე. ჩრდილოეთით – 64-ე და მე-60 პარალელებამდე; სამხრეთით – ჩრდილო-დასავლეთ აფრიკას (ალჟირი, ტუნისი, მაროკო) და კანარის კუნძულებს; მცირე აზიას, ირანს, კავკასიასა და თურქმენეთს. არეალის უმეტეს ნაწილში მობინადრეა, მაგრამ ჩრდილოეთ ნაწილში ეწევა მომთაბარეობას. საქართველოში მოიპოვება ყველგან როგორც მობინადრე ფრინველი.

ბიოტოპი

ბინადრობს მეტწილად ფოთლოვან ან შერეულ ტყეებში, პარკებსა და ბაღებში, ჭალებსა და ბუჩქნარებში.

გამრავლება

ბუდობს ჩვეულებრივად ფუღუროში. წელიწადში მრავლდება ორჯერ. პირველად აპრილის დასაწყისში, მეორედ კი მაისის ბოლოს, დებს 9-13 კვერცხს. კრუხად ჯდება მხოლოდ დედალი. საინკუბაციო პერიოდის ხანგრძლივობა 13-14 დღეს გრძელდება.

კვება

წიწკანას ძირითად საკვებს შეადგენენ მწერები, მათი კვერცხები და ლარვები, ობობები. მცირე რაოდენობით ჭამს თესლებსა და კენკრასაც.

მნიშვნელობა

დიდი რაოდენობით ანადგურებს ტყისა და ბაღების მავნებელ მწერებს, რითაც დიდი სარგებლობა მოაქვს სახალხო მეურნეობისათვის.

წყარო

საქართველოს ფრინველების სარკვევი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები