ქოჩორა წიწკანა
ქოჩორა წიწკანა (ლათ. Parus cristatus Linnaeus, 1758) – ფრინველი ბეღურასნაირთა რიგიდან.
- კლასი − ფრინველები (AVES)
- რიგი − ბეღურასნაირნი (Passeriformes)
- ოჯახი − წივწივასებრნი (Paridae)
- გვარი − წივწივა (Parus)
ქოჩორა წიწკანა პატარა ზომის ფრინველია, ფრთა 60-70 მმ-ია, კუდი – 50-55 მმ, ნისკარტი 7-10 მმ, წონა – 10-15 გ. სქესობრივი დიმორფიზმი სიდიდესა და შეფერილობაში მცირედაა გამოხატული. ზრდასრულ მამალს თავზე მუქი წაგრძელებული ბუმბულების ქოჩორი აქვს, რომელთა წვეროები თეთრია. თავის გვერდები მოთეთროა, მაგრამ ვიწრო შავი ზოლები, რომლებიც ნისკარტის ძირში იწყებიან, გაივლიან თვალების გასწვრივ, შემოუვლიან ყურების მფარავებს და კისრის გვერდებზე გამოყოფენ თეთრ ფართო ზოლებს. სხეულის დანარჩენი ზემო მხარე მოწენგოსფრო-მურაა, უფრო მუქი ფრთებზე და მოქარცისფრო კუდზედა მფარავებზე. სხეულის მუცლის მხარე ჭუჭყიანი თეთრია; ყელზე სამკუთხა ლაქაა; სხეულის გვერდებსა და კუდქვეშა ბუმბულებზე გადაჰკრავს მოყავისფრო ელფერი. დედალს ქოჩორი ოდნავ მოკლე აქვს; ქოჩორზე, აგრეთვე ყელზე, შავი ფერის მაგივრად მურა გადაჰკრავს. ნისკარტი თითქმის შავია, ფეხები – რუხი.
აღწერილია 5 ქვესახეობა. საქართველოში მოიპოვება ჩვეულებრივი ქოჩორა წიწკანა – P. c. cristatus Linn., 1758.
სარჩევი |
გავრცელება
სახეობის არეალი მოიცავს ევროპის უმეტეს ნაწილს: დასავლეთით ატლანტის ოკეანის სანაპიროებიდან, აღმოსავლეთით ცენტრალურ ურალამდე. ბრიტანეთში არის მხოლოდ მის ჩრდილოეთ ნაწილში. სკანდინავიასა და ფინეთში აღწევს 65-ე პარალელამდე, სსრ კავშირში ონეგის ტბამდე, შემდეგ სიკტივკარამდე, პერმის ოლქის სამხრეთ ნაწილსა და სვერდლოვსკამდე; სამხრეთით – ხმელთაშუა ზღვის სანაპიროებით ალბანეთსა და ბულგარეთში, კარპატებში, უკრაინის ტყე-ველებზე და კუიბიშევის ოლქში, სვერდლოვსკამდე. შემოდგომითა და ზამთარში, როცა მომთაბარეობს, მნიშვნელოვნად სცილდება ბუდობის არეალს. საქართველოში მოიპოვება ზოგჯერ მომთაბარეობის დროს.
ბიოტოპი
ბინადრობს წიწვიან ტყეებში, მეტწილად ნაძვნარებში, ზოგჯერ შეიძლება შეგვხვდეს შერეულ ტყეშიც, მაგრამ მხოლოდ წიწვიან ხეებზე.
გამრავლება
ბუდობს ფუღუროებში, ზოგჯერ – ციყვის ძველ ბუნაგში ან მტაცებელ ფრინველთა ბუდის ქვედა ნაწილში. ბუდის ძირითად ნაწილს აგებს ხავსისა და მღიერებისაგან, ხოლო შიგნითა ნაწილს – მატყლისაგან. ბუდის აგებაში მონაწილეობს ორივე სქესის ფრინველი. წელიწადში მრავლდება ორჯერ. პირველი ბუდობის დროს – აპრილის მეორე ნახევარში, დებს 7-10 კვერცხს. მეორე ბუდობა მიმდინარეობს ივნისში. ამ დროს კვერცხების რაოდენობა მხოლოდ 6-7-ია. კრუხად ჯდება მხოლოდ დედალი, ხოლო მამალი კვებავს მას. საინკუბაციო პერიოდი 15-17 დღემდე გრძელდება.
კვება
ქოჩორა წივწივას ძირითადი საკვებია წიწვიანი ხეების კრონაში მცხოვრები მწერები და ობობები. ზოგჯერ ჭამს წიწვიანთა თესლებსაც.
მნიშვნელობა
მავნე მწერების მასობრივად განადგურებით მნიშვნელოვანი სარგებლობა მოაქვს სატყეო მეურნეობისათვის.