ხმელთაშუა ზღვის წივწივა
ხმელთაშუა ზღვის წივწივა (ლათ. Parus lugubris Temminck 1820) – ფრინველი ბეღურასნაირთა რიგიდან.
- კლასი − ფრინველები (AVES)
- რიგი − ბეღურასნაირნი (Passeriformes)
- ოჯახი − წივწივასებრნი (Paridae)
- გვარი − წივწივა (Parus)
ხმელთაშუა ზღვის წივწივა თითქმის დიდი წივწივასოდენაა; ფრთა 65-80 მმ-ია, კუდი – 60-65 მმ, ნისკარტი – 10-12 მმ, წონა – 12-18 გ. სქესთა შორის განსხვავება სიდიდეში თითქმის არაა, ხოლო შეფერილობაში – მცირეა ზრდასრული ფრინველი თავზე შავია, მოწაბლისფრო ელფერით ყელი და ჩიჩახვის წინა ნაწილი მოშავო-მურაა. ზურგი, მხრები და ფრთების მფარავები მოწაბლისფრო-რუხი; მომქნევები და საჭის ბუმბულები მურა-რქისფერია, თეთრი არშიებით. ეს არშიები ფართოა საჭის კიდურა ბუმბულებზე და მეორე რიგის შიგნითა მომქნევებზე. პირის კუთხეებთან, ლოყები, ყურების მფარავები და კისრის გვერდები, აგრეთვე სხეულის მთელი ქვემო მხარე (ყელისა და ჩიჩახვის წინა ნაწილის გარდა) თეთრია. დედალს თავი ზემოდან უფრო ღია, მურა ფერის აქვს, ყელი – მორუხო. ნისკარტი მოშავო-რქისფერია, ფეხები – მოშავო.
აღწერილია 6 ქვესახეობა. საქართველოში მოიპოვება მცირე აზიური ხმელთაშუა ზღვის წივწივა – P. l. anatoliae Hartert, 1905.
სარჩევი |
გავრცელება
სახეობის არეალი მოიცავს 2 იზოლირებულ რეგიონს: ევროპაში მოიპოვება იტალიის ჩრდილოეთ ნახევარში და ბალკანეთის ქვეყნებში; არეალის მეორე რეგიონი მოიცავს მცირე აზიას, ირანსა და სამხრეთ ამიერკავკასიას. ყოფნის ხასიათის მიხედვით ძირითადად მობინადრეა, ხოლო ზოგან მომთაბარეობს. საქართველოში ცნობილია შავი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთი სანაპიროებიდან (აჭარა), როგორც მობინადრე ფრინველი.
ბიოტოპი
ბინადრობს მთების ფერდობების ფოთლოვან ტყეებში, ბუჩქნარებში, ბაღებსა და პარკებში. ვერტიკალურად ვრცელდება 2000 მ-მდე ზრვის დონიდან.
გამრავლება
ბუდობს ჩვეულებრივად ფუღუროებში, ზოგჯერ კლდეთა ნაპრალებშიც. წელიწადში მრავლდება ორჯერ. პირველად აპრილის დასაწყისში, ხოლო მეორედ ივნისში დებს 6-8 კვერცხს. საინკუბაციო პერიოდის ხანგრძლივობა დადგენილი არაა. არაპირდაპირი დაკვირვებით იგი 14 დღემდე უნდა აღწევდეს.
კვება
ძირითადი საკვებია ტყის მწერები, როგორც იმაგოს, ისე ლარვის სტადიაში, აგრეთვე ობობები. მცირე რაოდენობით ჭამს თესლებსა და კენკრასაც.
მნიშვნელობა
მწერების მასობრივად განადგურებით სარგებლობა მოაქვს სატყეო მეურნეობისათვის.