მგლინავასებრნი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:10, 2 ივნისი 2025-ის ვერსია, შეტანილი Echelidze (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მგლინავასებრნი (ლათ. Certhiidae) − ფრინველთა ოჯახი ბეღურასნაირთა რიგიდან. მგლინავასებრთა ოჯახში გაერთიანებულია პატარა ზომის ტყისა და კლდეებზე მცხოვრები ფრინველები, რომლებისთვისაც ყველაზე უფრო დამახასიათებელია გრძელი, წვრილი და რკალისებურად მოხრილი ნისკარტი. ფრთა მომრგვალებულია, 10 პირველი რიგის მომქნევით. მათ შორის ყველაზე გრძელია მე-3, მე-4 და მე-5. კუდი შედგება საჭის 12 ბუმბულისაგან. ბუმბულსაფარველი უხვი და რბილია, ზოგჯერ აბრეშუმივით ხასხასა. შეფერილობა ნაირგვარია, მაგრამ მწვანე და ცისფერი არასოდეს ურევია. სამაგიეროდ არის წითელი შეფერილობის ცალკეული ნაწილები. სქესობრივი დიმორფიზმი შეფერილობაში არაა გამოხატული. ზოგიერთ სახეობას შეფერილობა ეცვლება სეზონების მიხედვით. ფეხები საკმაოდ ძლიერი აქვთ, გალო წინიდან დაფარულია ერთმანეთთან თითქმის შერწყმული ფარებით. ბრჭყალები დიდი, მოკაუჭებული და წვეტიანია, რომლითაც ფრინველი ადვილად ეჭიდება ხეებისა და კლდეების ვერტიკალურ ზედაპირს და ადვილად შეუძლია მათზე ცოცვა, თუმცა მოძრაობენ მხოლოდ აღმა მიმართულებით.

მგლინავასებრნი ბინადრობენ ტყეებში ან მთის ფერდობების კლდეებზე და ფლატეებზე. ბუდობენ ფუღუროებში, ნახევრად ახლეჩილ ხის ქერქსა და ღეროს შორის, მერქნისა და ქერქის ნაპრალებში, კლდეებისა და ფლატეების ნაპრალებსა და ღრმულებში. აკეთებენ შედარებით დიდი ზომის რბილ ბუდეს, უხვი ამონაფენით. დებენ 3-10 კვერცხს. საინკუბაციო პერიოდი ორ კვირამდე გრძელდება. საკვებს შეადგენენ მწერები, მათი კვერცხები და ლარვები, აგრეთვე ობობები. მცირე რაოდენობით ზოგჯერ კენკავენ თესლებსაც. მწერებს შორის უმრავლესობა მავნე სახეობებია, რომელთა მასობრივად განადგურებით დიდი სარგებლობა მოაქვს სახალხო მეურნეობისათვის, განსა- კუთრებით დენდროფილურ ფორმებს. მგლინავასებრნი ფართოდ არიან გავრცელებული ევროპაში, აზიაში, აფრიკაში, ჩრდილოეთ ამერიკასა და ავსტრალიაში. ისინი არ მოიპოვებიან მხოლოდ ანტარქტიკაში, სამხრეთ ამერიკაში, ახალ ზელანდიასა და მადაგასკარზე.

ოჯახი შეიცავს რამდენიმე ქვეოჯახსა და გვარს, 17 სახეობით. საქართველოში მოიპოვება 2 გვარის წარმომადგენლები.

წყარო

საქართველოს ფრინველების სარკვევი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები