თეთრთავა გრატა
თეთრთავა გრატა (ლათ. emberiza leucocephalos Gmelin, 1771) – ფრინველი ბეღურასნაირთა რიგიდან.
- კლასი − ფრინველები (AVES)
- რიგი − ბეღურასნაირნი (Passeriformes)
- ოჯახი − გრატასებრნი (Emberizidae)
- გვარი − გრატა (Emberiza)
თეთრთავა გრატა ბეღურასოდენა ფრინველია; ფრთა 80-95 მმ-ია, კუდი – 75-85 მმ, ნისკარტი – 10-12 მმ, წონა – 25-35 გ. სიდიდეში სქესობრივი დიმორფიზმი შეუმჩნეველია, ხოლო შეფერილობაში საკმაოდ კარგადაა გამოხატული. ზრდასრულ მამალს თხემი თეთრი აქვს; შუბლი და თეთრ თხემს შემოვლებული ზოლები ორივე მხრიდან – შავი ან მოშავო-წაბლისფერი; ბუმბულები პირის კუთხეებთან, წარბებზე, თვალების ირგვლივ და უკან, აგრეთვე წელი და კუდის ზედა მფარავები წაბლისფერია. ზოლები თვალების ქვემოთ და ლოყები თეთრია; ყურების მფარავები – მოშავო; კისერი – მურა-რუხი; ზურგი – მურა-ყავისფერი. მომქნევები მურაა, უფრო ღია ფერის ვიწრო არშიებით პირველი რიგის მომქნევების გარეთა მარაოებზე და უფრო ფართო არშიებით – მეორე რიგის მომქნევებზე. საჭის ბუმბულებიც მურაა, მაგრამ კიდურა ორ წყვილზე თეთრი ფერი დიდ ადგილს იჭერს. ნიკაპი, ყელი და კისრის გვერდების ზემო ნაწილი წაბლისფერია; ჩიჩახვი და კისრის გვერდების ქვემო ნაწილი თეთრი მკერდი და სხეულის გვერდები, ზოგჯერ მუცლის წინა ნაწილიც მოჟანგისფრო-წაბლისფერია. ნისკარტი მუქი მურაა, ფეხები – მურა. დედალი საერთოდ ჰგავს მამალს, მაგრამ თავზე თეთრი ფერი ნაკლებია, ხოლო მუქი წინწკლები უფრო ფართო და ხშირია. ზურგის მხარე, აგრეთვე წაბლისფერი ყელი გაცილებით მკრთალია.
აღწერილია 2 ქვესახეობა. საქართველოში ნაპოვნია ჩვეულებრივი თეთრთავა გრატა – E. l. leucocephalos Gmel., 1771.
სარჩევი |
გავრცელება
სახეობის ბუდობის არეალი მოიცავს აზიის ტყის ზონას ურალის ქედის აღმოსავლეთით, წყნარი ოკეანის სანაპიროებამდე. ჩრდილოეთით ვრცელდება დაახლოებით მდ. კაზიმისა და ობის ქვემო დინებამდე, მდ. ვილუის ხეობაში – 63-ე პარალელამდე, ხოლო მდ. იანის ხეობაში – 68-ე პარალელამდე. სამხრეთი საზღვარია: ტიუმენი, ომსკი, სემიპალატინსკი, სამხრეთი ალტაი, ჩრდილოეთი მონგოლეთი და ჩინეთი, ამურის შესართავამდე. მოიპოვება სახალინზე და კურილის კუნძულებზეც. გადამფრენი ფრინველია. ზამთრობს ჩრდილოეთ ჩინეთში, ინდოეთისა და მონგოლეთის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილებში, აღმოსავლეთ და სამხრეთ ყაზახეთში, შუა აზიაში, ირანში, ბელუჯისტანში და ავღანეთში. საქართველოში ნაპოვნია თბილისის მიდამოებში, როგორც მოზამთრე ფრინველი.
ბიოტოპი
ბინადრობს გამეჩხერებულ ტყეში, მეტწილად წიწვიანების ნაკაფებში, ტყისპირებში, ბუჩქნარებში, ზოგჯერ წარაფებში ან ტყის მეჩხერ და მცირე ფრაგმენტებში, ბაღებსა და პარკებში, უპირატესად მშრალ ადგილებში.
გამრავლება
მონოგამიური ფრინველია, ბუდობს ცალკეულ წყვილებად. ბუდეს აგებს დედალი მიწაზე, ბუჩქის ძირას ან ხმელი ბალახის საფარქვეშ. არეალის სამხრეთ ნაწილში წელიწადში ორჯერ მრავლდება, ხოლო ჩრდილოეთში – მხოლოდ ერთხელ. მობუდარი ფრინველები ნაპოვნია მეტ-წილად მაისის ბოლოდან, ივნისსა და ივლისში. დებს 4-5 კვერცხს. კრუხად ჯდება მხოლოდ დედალი. საინკუბაციო პერიოდის ხანგრძლივობა დადგენილი არაა. არაპირდაპირი დაკვირვებების მიხედვით, იგი 14 დღემდე უნდა გრძელდებოდეს.
კვება
თეთრთავა გრატა ძირითადად მარცვლეულით იკვებება, მათ შორის უმეტესობა სარეველა მცენარეთა თესლებია. ზაფხულში, განსაკუთრებით ბარტყების გამოკვების დროს, კენკავს ზრდასრულ მწერებს და მათ ლარვებსაც.
მნიშვნელობა
კვების ხასიათის მიხედვით სასარგებლო ფრინველია, მაგრამ ჩვენში პრაქტიკული მნიშვნელობა არა აქვს.