მეკანაფია
მეკანაფია (ლათ. Acanthis cannabina Linnaeus, 1758) − ფრინველი ბეღურასნაირთა რიგიდან.
- კლასი − ფრინველები (AVES)
- რიგი − ბეღურასნაირნი (Passeriformes)
- ოჯახი − მთიულასებრნი (Fringillidae)
- გვარი − ჭვინტა (Acanthis)
მეკანაფია პატარა ზომის ფრინველია; ფრთა 75-87 მმ-ია, კუდი – 50-60 მმ, ნისკარტი – 8-12 მმ, წონა – 15-20 გ. მამალი ოდნავ დიდია დედალზე. შეფერილობაშიც სქესობრივი დიმორფიზმი შესამჩნევია. მამალს გაზაფხულზე შუბლი და თხემის წინა ნაწილი ენდროსფერ-წითელი აქვს; თავის დანარჩენი ნაწილი, კისრის უკანა მხარე და მისი გვერდები მურა-რუხია, რომელიც მხრებსა და ზურგზე მოწაბლისფრო-ყავისფერში გადადის. კუდის მფარავები მოშავო-მურაა, ფართო მოჟანგისფრო-თეთრი კიდეებით; მომქნევებიც მოშავო-მურაა, შიგნითა მარაოების კიდეებზე ფართო თეთრი არშიებით. სხეულის ქვემო მხარე ღია მოჟანგისფრო-თიხისფერია, მაგრამ მკერდზე და მის გვერდებზე ენდროსფერ-წითელი. მუცელი, იღლია და კუდქვეშა ბუმბულები მოთეთროა. ნისკარტი მორუხო-მურაა, ფეხები მურა. დედალს წითელი ფერი არა აქვს არც თავზე და არც მკერდზე; ზურგის მხარეც ნაკლებად კაშკაშაა; ზურგზე, მკერდსა და გვერდებზე მუქი ღერძულა ლაქები აქვს. შემოდგომასა და ზამთარში მამალი დედლის შეფერილობას ემსგავსება იმ განსხვავებით, რომ ზურგზე, მკერდსა და გვერდებზე არა აქვს მუქი ღერძულა ლაქები, ხოლო თხემსა და მკერდზე ცოტათი ემჩნევა წითელი ფერი.
აღწერილია 7 ქვესახეობა. საქართველოში მოიპოვება თურქესტნული მეკანაფია – A. c. bella Brehm, 1835 და ჩვეულებრივი მეკანაფია – A. c. cannabina Linn., 1758.
სარჩევი |
გავრცელება
სახეობის ბუდობის არეალი თითქმის მთელ ევროპას მოიცავს, ჩრდილოეთით – სკანდინავიაში 64-ე, ხოლო სსრ კავშირში 62-ე პარალელებამდე; აგრეთვე აფრიკის ჩრდილოეთ სანაპიროებს, ხმელთაშუა ზღვის კუნძულებს, დასავლეთ ციმბირს, აღმოსავლეთით და სამხრეთით მდ. ურალის სათავეებამდე, ვოლგოგრადამდე და ობის აუზამდე, მცირე აზიას, კ. ლესტინას, ირანს, ავღანეთს; არეალის იზოლირებული ნაწილი არის შუა აზიისა და ყაზახეთის მთებში, აღმოსავლეთით ტარბაგატაის მთებამდე და ზაისანის ქვაბულამდე. ზამთრობს სამხრეთ ევროპაში, ჩრდილოეთ აფრიკაში, შუა აზიასა და ინდოეთის ჩრდილოეთ ნაწილში. საქართველოში თურქესტნული მეკანაფია მობინადრეა, ხოლო ჩვეულებრივი – მოზამთრე.
ბიოტოპი
ბინადრობს უპირატესად მთებში, მშრალ ქვა-ღორღიან ნაკვეთებზე, ნაირგვარი ეკლიანი ბუჩქებით, როგორიცაა კოწახური, გლერძი, ღვია, გრაკლა, ხორციფერა და სხვა, აგრეთვე მეჩხერი არყნარები დასახლებული პუნქტების მახლობლად. ზამთარში ინაცვლებს ქვემოთ მთისპირებამდე.
გამრავლება
ბუდეს იკეთებს დაბალ ბუჩქებზე, მეტწილად ღვიაზე. წელიწადში მრავლდება ორჯერ. პირველი ბუდობა მოდის მაისზე, ხოლო მეორე – ივნისის ბოლოსა და ივლისის დასაწყისზე. დებს 4-6 კვერცხს. საინკუბაციო პერიოდი 13–14 დღემდე გრძელდება.
კვება
მეკანაფიას საკვებია ნაირგვარ, მეტწილად ბალახოვან მცენარეთა თესლები, როგორიცაა ბირკა, ოროვანდი, მჟაუნა, შხამა და მრავალი სხვა. ჭამს მწერებსაც, უპირატესად – ზაფხულში. ბარტყებს კვებავს მწერებით და ქერქგაცლილი თესლებით.
მნიშვნელობა
კვების ხასიათის მიხედვით სასარგებლო ფრინველია.