ლუბოკური ლიტერატურა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
11:57, 25 ივლისი 2025-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ლუბოკური ლიტერატურა – ასე უწოდებდნენ რუსეთში დასურათებულ და იაფფასიან წიგნაკებს, რომლებსაც ავრცელებდნენ მოხეტიალე ავტორები (ლუბოკი – ცაცხვის ხის დაფა, რომლითაც ბეჭდავდნენ გრავიურებს, ილუსტრაციებს; ასევე ეწოდებოდა ცაცხვის ქერქისაგან გაკეთებულ ყუთს, რომლითაც დაჰქონდათ ეს ილუსტრირებული ლიტერატურა).
ლუბოკური ლიტერატურა უმეტესად წარმოადგენდა უშინაარსო და მხატვრულად მდარე მოთხრობებს ან ასეთივე ლექსთა კრებულებს, სასიყვარულო, მისალოცი და სხვა ანალოგიური შინაარსის წერილების ნიმუშებს და ა. შ. ზოგჯერ გამოიცემოდა ხალხური შემოქმედების მაღალმხატვრული ნიმუშებიც, დასურათებული უცნობი სახალხო მხატვრების მიერ.
გადატანითი მნიშვნელობით, მდარე ლიტერატურას, ლუბოკურ ლიტერატურას უწოდებენ დაცინვით.