სილაბურ-ტონური ლექსწყობა
სილაბურ-ტონური ლექსწყობა − (ბერძნ. სილაბა – მარცვალი, ტონოს – მახვილი) – ლექსწყობის სინთეტური სისტემა, რომელიც ემყარება როგორც მახვილიან და უმახვილო მარცვალთა გარკვეულ კანონზომიერ მონაცვლეობას, ისე მარცვალთა რაოდენობრივ სისტემას.
მახვილიან და უმახვილო მარცვალთა განლაგება სილაბურ–ტონურ ლექსში ისეთივეა, როგორიც გრძელი და მოკლე მარცვლების განლაგება მეტრულ (ანტიკურ) ლექსში.
მეტრულ ლექსწყობაში გავრცელებული მრავალრიცხოვანი ტერფებიდან სილაბურ-ტონურმა ლექსმა მხოლოდ რამდენიმე მიიღო. კერძოდ, რუსული ლექსწყობა ეყრდნობა მხოლოდ ხუთ ტერფს: ორმარცვლიანებიდან – იამბს და ქორეს, სამმარცვლიანებიდან –– დაქტილს, ანაპესტსა და ამფიბრაქს.
ქართული ლექსწყობა, უფრო გავრცელებული თვალსაზრისით, სილაბურ-ტონური ბუნებისაა. ამ გაგებით, ქართული ლექსი ემყარება მარცვალთა რაოდენობასა და მახვილიან და უმახვილო მარცვალთა გარკვეული ერთეულების კანონზომიერ მონაცვლეობას. ამიტომ მასში სალექსო ტაეპების ტონის ცვალებადობაც მნიშვნელოვან როლს ასრულებს.