მახვილი (გრამატიკა)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მახვილი – მეტყველებაში რომელიმე ერთეულის გამოყოფა ფონეტიკური საშუალებებით. მახვილი ზესეგმენტური დონის ერთეულია (ზოგიერთ ენაში ფონოლოგიურად ღირებული). იმის მიხედვით, მეტყველების ნაკადის რომელ სეგმენტს უკავშირდება ის ფუნქციურად, განასხვავებენ მარცვლის, სიტყვის, სინტაგმისა და ფრაზის მახვილებს. ერთ-ერთი სახესხვაობაა ლოგიკური მახვილი რომელიც აღნიშნავს ყველაზე მნიშვნელოვან ელემენტს გამონათქვამში (იხ. მელოდიკა). მახვილის მატარებელია მარცვალი. გამოიყოფა მახვილის სამი ფონეტიკური კომპონენტი (მახვილის ტიპს განსაზღვრავს ამ კომპონენტებიდან ერთ-ერთის სიჭარბე ენაში):
1) ინტენსივობა – ამ თვისებაზეა დამყარებული დინამიკური სიტყვათმახვილი;
2) ტონის სიმაღლე – ამ ნიშნის მიხედვით გამოიყოფა მუსიკალური მახვილი;
3) გრძლივობა – ამ ნიშნით გამოყოფენ ე. წ. კვანტიტატიურ, ანუ რაოდენობრივ მახვილს (მაგ., რუსულში).

ენებში, როგორც წესი, ერთი ტიპის მახვილი გვაქვს. ჩვეულებრივ, სიტყვაში ერთი მახვილია, მაგრამ ოთხ- და მეტმარცვლიან სიტყვებში ჩნდება მეორე მახვილიც (თანამახვილი). ორივე მახვილი ერთი ტიპისაა მახვილები ენებში განსხვავდებიან არა მხოლოდ ფონეტიკური, არამედ სტრუქტურული ტიპის მიხედვითაც. ამ თვალსაზრისით განარჩევენ ფიქსირებულ (ფრანგული, ჩეხური, პოლონური, ქართული) და არაფიქსირებულ (რუსული, ინგლისური, გერმანული) სიტყვათმახვილებს. მახვილის ტიპები ისტორიულად ცვალებადია.

სიტყვათმახვილი ენაში სხვადასხვა ფუნქციას ასრულებს: ყველა ტიპის მახვილისათვის საერთოა კულმინაციური ფუნქცია, რაც განაპირობებს ცალკეული სიტყვების მთლიანობას და დამოუკიდებლობას მისი ბგერითი მხარის პროსოდიული ცენტრალიზაციით. მახვილი (განსაკუთრებით ფიქსირებული) ასრულებს დელიმიტაციურ (გამიჯვნით) ფუნქციას: იგი აღნიშნავს სიტყვათა საზღვრებს. მახვილი (ფიქსირებულიც და არაფიქსირებულიც), როგორც ფრაზის მელოდიკის ერთ-ერთი მთავარი ელემენტი, ასრულებს ექსპრესიულ ფუნქციას. სიტყვათმახვილის როლი ძალიან მნიშვნელოვანია პოეტური ენის რიტმიკულ სტრუქტურაში.

ქართულ ენაში სიტყვათმახვილი სუსტია. ამით არის განპირობებული აზრთა მრავალფეროვნება მისი ადგილისა და ბუნების შესახებ (იხ. აქცენტოლოგია). ექსპერიმენტული მონაცემებით ქართული სიტყვათმახვილი სუსტდინამიკურია და სიტყვის დასაწყისიდან პირველ მარცვალზე მოდის. ოთხ- და მეტმარცვლიან სიტყვებში გვაქვს თანამახვილიც: ოთხმარცვლიანში – ბოლოდან მეორე მარცვალზე, ხუთმარცვლიანში – ბოლოდან მესამეზე, ექვს- და მეტმარცვლიანში – უმეტეს შემთხვევაში მეოთხეზე. (შესაძლებელია მესამეზედაც). თანამახვილიც დინამიკურია, რაც გამოიხატება უმახვილო მარცვლების ინტენსივობასთან შედარებით უფრო მაღალი ინტენსივობით: რემრე, ხლცარილი, ვჟკაცბა, გლისხმირი, ღმაშნებელი.

ქართულში დასაწყისი მარცვლის მახვილიანობის თვალსაზრისით საგულისხმოა შემდეგი: 1. მახვილის გადაადგილება პირველი მარცვლიდან მომდევნო მარცვლებზე აღიქმება, როგორც ქართულისათვის არაბუნებრივი ან დიალექტური წარმოთქმა; 2. პირველი მარცვლის გრძლივობა აღემატება მომდევნო მარცვლებისას. რაც აგრეთვე მისი მახვილიანობის დამადასტურებელია (ვაჟკაცობა – პირველი „ა“-ს გრძლივობა – 120 მს, მეორისა – 72 მს)

სიტყვის ლოგიკურად გამოყოფისას მაღალი ინტენსივობით აღინიშნება გამოყოფილი სიტყვის დასაწყისი ხმოვანი (ჯოჯოხეთი – პირველი „ო“-ს ინტენსივობაა 125, მეორისა – 12).

ქართულ მეტყველებაში არა გვაქვს ტონური სიტყვათმახვილი. ტონის სიმაღლე თანამედროვე ქართულში არ არის ფიქსირებული მარცვლების მიმართ, ტონალური ცვლილებები ყოველთვის მელოდიკის კანონზომიერებით განისაზღვრება. ტონის მიმოქცევა (ტონალური კონტური) გარკვეული ფუნქციის მატარებელია და ლოკალიზებულია სინტაგმის ცენტრსა და სინტაგმურ მახვილებზე. ტონის ამაღლება დამოკიდებულია სიტყვის როლზე გამონათქვამში, არის ის სინტაგმის (ან ფრაზის) ცენტრი, თუ არა. იზოლირებულად წარმოთქმულ სამ- და მეტმარცვლიან სიტყვაში ტონი შესაძლოა ერთ სიმაღლეზე იყოს პირველსა და მომდევნო მარცვალზე(ხლცრიელი – ე და ა-ს ტონის სიმაღლეა 250 ჰც). მაგრამ, თუ სიტყვა სინტაგმის ცენტრია, მთავარმახვილიანი მარცვლის მომდევნო მარცვალზე ტონი აიწევს (ე. წ. მახვილშემდგომი აწევა) მარცვალთა რაოდენობის მიუხედავად. მაგ. თეიმურაზს გული აუჩუყდა და / ცრემლი მოერია, თეიმურაზს გული აუჩუყდა და / ცრემლი მოერია, თეიმურაზს გული აუჩუყდა და / ცრემლი მოერია – ერთი ფრაზის წარმოთქმის სამი ვარიანტია. პირველ სინტაგმებში სხვადასხვა წევრია გააზრებული სინტაგმის ცენტრად (თეიმურაზს, გლი, აჩუყდა), მახვილშემდგომი აწევაც ამ სიტყვებზე ხდება. აწევა არ ხდება სინტაგმის მთავარ სიტყვაზე, თუკი ის წინადადების აბსოლუტურ ბოლოში დგას, რადგანაც აქ თავს იჩენს თხრობითი მელოდიკის მთავარი კანონზომიერება – თანდათან დამავალი ტონი: ხეებმა თელას თვალიერება დუწყეს.

სინტაგმათგასაყარზე პაუზის წინ მახვილშემდგომი აწევა შესაძლოა არ გვქონდეს, რადგანაც აქ სინტაგმის მახვილებია. მაგ., სიტყვა ვაჟკაცობა სინტაგმის საზღვარზეა და აღმავალ-დამავალი მახვილით აღინიშნება. სიტყვა ნოდარმა სინტაგმის საზღვარზეა და მკვეთრად აღმავალი მახვილით აღინიშნება. იგივე სიტყვები ფრაზაში სხვა ტონალურ სურათს ავლენენ გამონათქვამში მათი ადგილისა და ფუნქციის მიხედვით.

სიტყვათმახვილის ადგილი დასაწყის მარცვალზე დადასტურდა ქართული ლექსის კვლევის დროსაც (გ. ტაბიძე, აკ. ხინთიბიძე, ა. სილაგაძე). გალაკტიონი საგანგებოდ მსჯელობდა სიტყვათმახვილის შესახებ ქართულში და აღნიშნავდა, რომ სიტყვათმახვილი სიტყვას თავში მოუდის (სამმარცელიანში ეს ბოლოდან მესამე მარცვალია). მისი აზრით, ქართულ ლექსში მნიშვნელოვანია სწორედ მარცვალთრაოდენობა: „ქართული ლექსთწყობა სილაბურია“.

ი. თევდორაძე


ლიტერატურა

  • გორგაძე ს. ქართული წყობილსიტყვაობა, ტფ., 1912;
  • მისვე, ქართული ლექსი. ლექსთწყობის გამოკვლევა, ტფ., 1930;
  • ახვლედიანი გ. ზოგადი ფონეტიკის საფუძვლები, თბ., 1949;
  • ჟღენტი ს. ქართული ენის რიტმიკულ-მელოდიკური სტრუქტურა, თბ., 1963;
  • გაჩეჩილაძე გ. ქართული ლექსი ინგლისურთან შეპირისპირებით. – „მნათობი“, I967. №10;
  • თევდორაძე ი. „ქართული ენის პროსოდიის საკითხები, თბ., 1972;
  • ხინთიბიძე ა. ქართული ლექსის ბუნებისათვის, თბ., 1976;
  • სილაგაძე ა. მახვილის საკითხისათვის ქართულ ლექსში. – „მაცნე“ (ენისა და ლიტ. სერია), 1986, №4;
  • ტაბიძე გ. საკითხის დასმისათვის. – იხ, მისი: თხზულებანი, ტ. I2, თბ., 1975.

წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები