გელოვანი მირზა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მირზა გელოვანი

გელოვანი მირზა – (1917 – 1944), ნამდვილი სახელი – რეზო. ქართველი პოეტი. საქართველოს ლენინური კომკავშირის პრემიის ლაურეატი (მიენიჭა სიკვდილის შემდეგ, 1973 წელს), შოთა რუსთაველის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (მიენიჭა სიკვდილის შემდეგ, 1975 წელს).

დაიბადა თიანეთის რაიონის სოფელ ნაქალაქარში 1917 წელს, დაიღუპა მეორე მსოფლიო ომში, 1944 წლის ივლისში, დაკრძალულია ბელორუსიის ვიტებსკის ოლქის ბერენკოვიჩის რაიონის სოფელ სანიკის საძმო სასაფლაოზე… ჩინი — უფროსი ლეიტენანტი.

აღიზარდა პედაგოგის ოჯახში, 1935 წელს დაამთავრა თიანეთის პედაგოგიური ტექნიკუმი, 1936-1939 წლებში ცხოვრობდა და მსახურობდა თბილისში, გამომცემლობა „ფედერაციასა“ და „საბჭოთა მწერალში“. პირველი ლექსი, „თეთრი მიწა“, დაუბეჭდა ცნობილმა პოეტმა და პროზაიკოსმა რაჟდენ გვეტაძემ თავის „ლაშაურ საღმოებში“; ასეთმა პრესტიჟულმა პუბლიკაციამ სახელი მოუტანა ახალგაზრდა პოეტს.

1936-1939 წლებში ცხოვრობდა თბილისში, თავისუფალ მსმენელად დადიოდა უნივერსიტეტში. მუშაობდა გამომცემლობა „ფედერაციაში“, „საბჭოთა აფხაზეთის“ რედაქციაში. მისი ლექსები 1935 წლიდან იბეჭდებოდა ჟურნალში „ჩვენი თაობა“ და სხვა ჟურნალ-გაზეთებში. 1939 წელს წითელ არმიაში გაიწვიეს. მირზა გელოვანი იმ ახალგაზრდა პოეტთა თაობას ეკუთვნოდა, რომელმაც თვითმყოფადი, ხალასი და ალალ-მართალი ლექსებით თავისებური ხიბლი შემატეს თბილისის ლიტერატურულ ცხოვრებას. მირზა გელოვანმა შექმნა თავისთავადი პოეტური სამყარო. მისი ლექსები გამოირჩევა ნათელი სახეებით, ლაკონიზმით, ემოციურობითა და ექსპრესიულობით. აღიარება მოუტანეს ლექსებმა: „თუშის ქალი წყაროზე“, „ცხრაკარა“, „შავლეგო“, „მელოდე“, „მთაწმინდიდან სმოლენსკამდე“, „იჯექი წყნარად“, „მთვარე“, „შემოღამება საბადურზე“, „მახსოვს“, „ხრეშად დაცვივდა სიტყვები“; ასევე აღსანიშნავია ბალადა „აონი“, პოემა „შავნაბადა“ და სხვა.

მირზა გელოვანმა სულ სამიოდე წელი იტრიალა დედაქალაქის ლიტერატურულ წრეებში, ხოლო შემდეგ, ომში წასული პოეტი, დროდადრო სამშობლოში აგზავნიდა ნაჩქარევად დაწერილ ლექსებსა და წერილებს, რომლებშიც თბილისის მონატრება ჩანდა. გამოცემულია მისი ლექსების კრებულები: „ლექსები“ (1954), „შავნაბადა“ (1956), „ცხრაკარა“ (1960), „უბის წიგნაკიდან“ (1964), „თეთრი მიწა“ (1972), „ფრონტული ლექსები“ (1975). დაიღუპა ომის მიწურულს, 1944 წლის ივლისში მდინარე დასავლეთ დვინის სამდინარო დაბრკოლებაზე გადასვლისას. დაკრძალულია ბელარუსში, ვიტებსკის ოლქის ბერენკოვიჩის რაიონის სოფელ სანიკის საძმო სასაფლაოზე.

1973 წელს გელოვანს საქართველოს ლენინური კომკავშირის პრემია მიენიჭა, ხოლო 1975 წლის მაისში, დიდი ომის დამთავრების 30 წლისთავთან დაკავშირებით, ომის წლებში შექმნილი ნაწარმოებებისათვის პოეტს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია მიენიჭა.

ნუ მწერ
ნუ მწერ, რომ ბაღში აყვავდა ნუში,
რომ მთაწმინდაზე ცა დაწვა თითქოს,
რომ საქართველო ამ გაზაფხულში,
როგორც ყოველთვის, წააგავს ხვითოს,
რომ ორთაჭალამ ჩაიცვა თეთრი,
რომ შენც ჩაიცვი კაბა ყვავილის,
რომ მტკვარი ოხრავს, როგორც ყოველთვის,
როცა მეტეხის ახლოს ჩაივლის.
...წუხელ ვებრძოდი ცეცხლს და ურაგანს
და საშინელი ბრძოლების ნისლში
მე მომეჩვენა, სადღაც, ჩვენს უკან
აელვებული იდგა თბილისი.
ორთაჭალაში ყვაოდა ნუში,
მთაწმინდის მხრებზე მზე იწვა თითქოს,
და შენც, ძვირფასო, ამ გაზაფხულში,
როგორც ყოველთვის, მოჰგავდი ხვითოს.
ნუ მომწერ… ისეც ვიცი, რაგვარი
ფერებით ყვავის თბილისი ახლა,
რომ ვიღაც დადის მინდვრებში ღამით
და დილისათვის ამწვანებს ნახნავს.
მე ისიც ვიცი, რომ კარგ ამინდებს
მოაქვთ გულების საამო ფეთქვა
და თუ ბოლომდის ტყვია დამინდობს,
თუ გაზაფხულებს შევხვდებით ერთად, -
გეტყვი, რომ მოვედ ბრძოლანახული
და სიკვდილამდის შენთან დავრჩები,
რომ ლამაზია მზე გაზაფხულის,
ბრძოლების შემდეგ - მზე გამარჯვების.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები