აბრამაშვილი ვახტანგ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:21, 15 აგვისტო 2025-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ვახტანგ აბრამაშვილი

ვახტანგ აბრამაშვილი — (დ. 1 სექტემბერი, 1928, ბორჯომი — გ. 21 იანვარი, 1992, თბილისი), საქართველოს დამსახურებული არქიტექტორი (1978), საქართველოს მინისტრთა საბჭოს პრემიის ლაურეატი, ი. გოგებაშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი, სხვადასხვა არქიტექტურული ნაგებობებისთვის მიღებული 14 პრემიის მფლობელი (სასტუმრო „ინტურისტი“ სოხუმში — I პრემია, ხელოვნების ცენტრი პარიზში, მემორიალი ბორჯომში და სხვ.), შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1985).

დაიბადა 1928 წლის 1 სექტემბერს ახალდაბაში, საშუალო სკოლა დაამთავრა თბილისში, სწავლობდა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, შემდეგ ― თბილისის სამხატვრო აკადემიაში; არქიტექტორის დიპლომი მიიღო 1956 წელს მოსკოვის არქიტექტურის ინსტიტუტში, იმავე წელს დაიწყო მუშაობა საპროექტო ინსტიტუტ „თბილქალაქპროექტში“ და გაიარა ვრცელი გზა რიგითი არქიტექტორიდან სახელოსნოს ხელმძღვანელამდე; 1988 წელს სამუშაოდ გადავიდა ბორჯომში, სადაც აქტიურად განაგრძო მუშაობა როგორც არქიტექტორმა და როგორც მრჩეველმა არქიტექტურისა და მშენებლობის დარგში.

შთამბეჭდავია სია იმ შენობათა და ნაგებობათა, რომლებიც მისი ავტორობით განხორციელდა. განსაკუთრებით აღსანიშნავია თბილისში ვაკის პარკის დაგეგმარება, პავილიონები, საზაფხულო კინოთეატრი, მცირე ფორმები (1957 წელს — საქართველოს ფესტივალის ლაურეატის მედალი, 1958 წელს სსრკ არქიტექტორთა კავშირის სიგელი), რესპუბლიკის პოლიტგანათლების სახლი დავით აღმაშენებლის პროსპექტზე, სარეაბილიტაციო ცენტრი, ოტოლარინგოლოგიური კლინიკა, ჯანდაცვის სამინისტროს IV სამმართველოს მრავალპროფილიანი საავადმყოფო, საბავშვო ბაღები დიმიტროვის სახელობის ქარხნისთვის და გაერთიანება „ისანისათვის“ (აღინიშნა საქართველოს მინისტრთა საბჭოს პრემიით), მუსიკალური სკოლები საირმის ქუჩაზე და საქარხნო რაიონში, ადმინისტრაციული სახლები გლდანისა და საბურთალოს რაიონებში, მეტროპოლიტენის ორი სადგური „ვაგზლის მოედანი“ და „აკაკი წერეთლის პროსპექტი“, მიწისქვეშა გადასასვლელები ი. ჭავჭავაძის პროსპექტზე, პანსიონატი ბაკურიანში; პანსიონატი წყნეთში, 1 მილიონ წიგნზე გათვლილი სახელმწიფო ბიბლიოთეკა კიშინიოვში, 555 ადგილიანი სასტუმრო მაჰაჩყალაში, ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის მუზეუმი ლიხაურში, არქიტექტორთა შემოქმედებითი სახლი გაგრაში, ი. გოგებაშვილის მემორიალი მთაწმინდაზე (ი. გოგებაშვილის პრემია), მრავალი საცხოვრებელი სახლი…

გარდა იმისა, რომ მრავალი განხორციელებული პროექტის ავტორია, ვ. აბრამაშვილი აქტიურად და ნაყოფიერად მოღვაწეობდა სხვადასხვა საერთაშორისო, საკავშირო, რესპუბლიკურ თუ საქალაქო კონკურსებში და დიდ წარმატებებსაც აღწევდა. როგორც ზემოთ ითქვა, ხსენებულ კონკურსებში მან თოთხმეტჯერ დაიმსახურა პრემია.

1985 წელს ვახტანგ აბრამაშვილს თბილისის ადმინისტრაციული სახლის არქიტექტურისათვის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია მიენიჭა.

ვახტანგ აბრამაშვილი გარდაიცვალა 1992 წელს, დაკრძალულია საზოგადო მოღვაწეთა საბურთალოს პანთეონში.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები