არქილოქე
არქილოქე – (ძვ. ბერძ. Ἀρχίλοχος, ლათ. Archilochus; მე-2 ნახ. მე-7 ს. ძვ.წ.), ძველბერძენი პოეტი-ლირიკოსი. სატირული იამბების, ელეგიების, ეპიგრამების ავტორი.
დაიბადა კუნძულ პაროსზე; მისი მამა იყო პაროსელი წარჩინებული ტელესიკლიტე, ხოლო დედა მდაბიო ქალი ენიპო. მაშინდელი კანონებით უთანასწორო ქორწინებისაგან გაჩენილი შვილი უკანონო მოქალაქედ ითვლებოდა და, როგორც ნაბუშარი, პოლიტიკურ უფლებებს მოკლებული იყო. არქილოქე მთელი თავისი სიცოცხლის განმავლობაში პასუხს აგებს თავისი „უკანონო“ წარმოშობისათვის:მას არ შეუძლია თავისი წარჩინებული მამის ქონების მემკვიდრე იყოს, მას არა აქვს ნება სრულუფლებიანი მოქალაქის ქალიშვილი შეიყვაროს.
როგორც ხელმოკლე მოქალაქე ისიც სხვა ხელმოკლეებთან ერთად საარსებო საშუალებებს ეძებს ხეტიალში, უცხო ქვეყნებში ლაშქრობით. პაროსელების კოლონია იყო კუნძულ თასოსზე. ამ კოლონიის დაარსებაში თვით არქილოქეს უნდა ჰქონდეს მონაწილეობა მიღებული და, როგორც მისი ელეგიების ნაწყვეტებიდან ჩანს, ის პაროსელებს ამხნევებდა იმ ლაშქრობაში თავისი საბრძოლო ელეგიებით. ამგვარად, თასოსზე ის ჯარისკაცი იყო. მაგრამ, ამის გარდა, მას სავაჭრო მიზნებითაც უხეტიალია (იტალიაში, სირიაში).
პაროსზე მას შეუყვარდა წარჩინებული მოქალაქის, ლიკამბეს, ქალიშვილი, სახელად ნეობულე. მრავალი ლექსი შთაგონებულია ნეობულეს სილამაზით, ნეობულესადმი ტრფობით, ნეობულეს მიერ შთანერგილი იმედებით, მაგრამ არქილოქე უკანონო მოქალაქე იყო და ლიკამბემ არ მოისურვა სიძედ ჰყოლოდა ნაბუშარი.
არქილოქე VII საუკ. შუა წლების მოღვაწეა; ამ თარიღს განსაზღვრავს მის ერთ-ერთ ლექსში მოხსენებული მზის დაბნელება, რომელიც 648 წელს იყო.