არქილოქე
არქილოქე – (ძვ. ბერძ. Ἀρχίλοχος, ლათ. Archilochus; მე-2 ნახ. მე-7 ს. ძვ.წ.), ძველბერძენი პოეტი-ლირიკოსი.
დაიბადა კუნძულ პაროსზე; მისი მამა იყო პაროსელი წარჩინებული ტელესიკლიტე, ხოლო დედა მდაბიო ქალი ენიპო. მაშინდელი კანონებით უთანასწორო ქორწინებისაგან გაჩენილი შვილი უკანონო მოქალაქედ ითვლებოდა და, როგორც ნაბუშარი, პოლიტიკურ უფლებებს მოკლებული იყო. არქილოქე მთელი თავისი სიცოცხლის განმავლობაში პასუხს აგებს თავისი „უკანონო“ წარმოშობისათვის:მას არ შეუძლია თავისი წარჩინებული მამის ქონების მემკვიდრე იყოს, მას არა აქვს ნება სრულუფლებიანი მოქალაქის ქალიშვილი შეიყვაროს.
როგორც ხელმოკლე მოქალაქე ისიც სხვა ხელმოკლეებთან ერთად საარსებო საშუალებებს ეძებს ხეტიალში, უცხო ქვეყნებში ლაშქრობით. პაროსელების კოლონია იყო კუნძულ თასოსზე. ამ კოლონიის დაარსებაში თვით არქილოქეს უნდა ჰქონდეს მონაწილეობა მიღებული და, როგორც მისი ელეგიების ნაწყვეტებიდან ჩანს, ის პაროსელებს ამხნევებდა იმ ლაშქრობაში თავისი საბრძოლო ელეგიებით. ამგვარად, თასოსზე ის ჯარისკაცი იყო. მაგრამ, ამის გარდა, მას სავაჭრო მიზნებითაც უხეტიალია (იტალიაში, სირიაში).
პაროსზე მას შეუყვარდა წარჩინებული მოქალაქის, ლიკამბეს, ქალიშვილი, სახელად ნეობულე. მრავალი ლექსი შთაგონებულია ნეობულეს სილამაზით, ნეობულესადმი ტრფობით, ნეობულეს მიერ შთანერგილი იმედებით, მაგრამ არქილოქე უკანონო მოქალაქე იყო და ლიკამბემ არ მოისურვა სიძედ ჰყოლოდა ნაბუშარი.
არქილოქე VII საუკ. შუა წლების მოღვაწეა; ამ თარიღს განსაზღვრავს მის ერთ-ერთ ლექსში მოხსენებული მზის დაბნელება, რომელიც 648 წელს იყო.
არქილოქეს ელეგიები პირველ ყოვლისა საბრძოლო სიმღერებია. პაროსელებს დაუარსებიათ კოლონია კუნძულ თასოსზე, და არქილოქე, სხვა პაროსელებთან ერთად, იქ გამგზავრებულა დაქირავებულ ჯარისკაცად. ასეთი ჯარისკაცის სამხედრო სულისკვეთებას გადმოგვცემს, ჩვენამდე მოღწეული 15 ფრაგმენტიდან, რვა.
არქილოქეს შემოქმედება
პირველი პოეტი, რომელმაც იონიის ხალხური იამბური სიმღერა − ლიტერატურულ ჟანრად ჩამოაყალიბა და ამისათვის ლექსი იამბურ-ტროქეული საზომებით გამართა, იყო არქილოქე.
არქილოქეს იამბების ჩვენამდე მოღწეული ნაწყვეტების გაცნობა გვარწმუნებს იმაში, რომ იამბებში პოეტს, ერთი მხრით, იგივე მოტივები გაუშლია, რაც ელეგიებში (საბრძოლო, სევდისა, სანადიმო), ხოლო, მეორე მხრით, გამოუყენებია იამბები დაცინვისა და განქიქებისათვის. ამავე დროს ჩვენ ვამჩნევთ, რომ პირველი რიგის, ე. ი. ელეგიური მოტივები გაუშლია მას ტროქეული ტეტრამეტრით დაწერილ ლექსებში, ხოლო იამბური ტრიმეტრი და მისი მონათესავე, ე. წ. ეპოდები, გამოუყენებია დაცინვითი მოტივისათვის.
მსოფლიო ლიტერატურაში არქილოქემ სახელი გაითქვა უპირატესად თავისი დამცინავი სიმღერებით: მისი „გესლიანი ენა“ საანდაზოდ იყო ქცეული. არქილოქეს ენა მოჩანს ჯერ კიდევ მის საბრძოლო ტეტრამეტრში, როდესაც ის, მაგალითად, ლაპარაკობს დაბალი ტანისა და „ფეხებდაგრეხილი“ სტრატეგოსის შესახებ.
ჩვენამდე მოღწეული ფრაგმენტები არქილოქეს დამცინავი სიმღერებისა ეხება, უმთავრესად, ნეობულეს და მის მამას ლიკამბეს. როდესაც ლიკამბემ მიცემული სიტყვა გასტეხა და აღარ მოინდომა სიძედ ჰყოლოდა არქილოქე, პოეტმა თავისი დამცინავი იამბები მოიმარჯვა შეურაცხმყოფელი პაროსელი არისტოკრატის წინააღმდეგ და, როგორც ძველი მწერლები გადმოგვცემენ, თავისი გესლიანი ლექსებით თვითმკვლელობამდე მიიყვანა იგი და მისი ქალებიც. ლიკამბეს დასცინის არქილოქე, ერთი მხრით, მისდამი პირდაპირ მიმართულ ეპოდებში, ხოლო, მეორე მხრით, არაკების საშუალებით. ამ არაკებში მხეცების სახით მას გამოუყვანია ლიკამბე, ნეობულე და თავისი თავი. არაკში „არწივი და მელა“ არწივი ლიკამბეა, მელა — არქილოქე.
არწივი და მელა დამეგობრდნენ და ერთიმეორის გვერდით დასახლდნენ: არწივი ხის წვერზე, მელა — ბუჩქებში. ერთხელ არწივმა მელიის სოროდან მისი შვილები მოიტაცა და საჭმელად აუტანა თავის ბარტყებს, თანაც მასხარად აიგდო მელა: ჩემი ბუდე მაღლაა და შენ რა ხარ ჩემთანო! მელა წყევლის არწივს: დამაცადე, სამაგიერო გადაგხდებაო. ამის შემდეგ მელა ზევს მიმართავს დახმარებისათვის. მართლაც, ცოტა ხნის შემდეგ არწივი სამსხვერპლოდან მოიტაცებს შეწირული თხის შიგნეულობას და თავის ბუდეში გააქანებს. შიგნეულობაში ჩამალული ცეცხლი გაღვივდება და ბუდე დაიწვება. ბუდიდან ჩამოვარდნილ არწივის ბარტყებს მელა შეჭამს.