ელეგია (პოეზიის ჟანრი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ელეგია – (ბერძ. ἐλεγείᾱ), ლირიკული პოეზიის ჟანრი, სევდისა და წუხილის გამომხატველი ლექსი.

ელეგია აღმოცენდა და განვითარდა მცირე აზიის იონიაში, როგორც საბრძოლო სიმღერა ისეთ ეპოქაში, როდესაც ბერძნებს უხდებოდათ მრავალგვარი, როგორც საგარეო ისე საშინაო ბრძოლების გადატანა.

მცირე აზიის იონიაში, არსებობდა ხალხში გავრცელებული სიმღერები, რომლებიც ფლეიტის აკომპანიმენტით სრულდებოდა და რომლებსაც ელეგიები ეწოდებოდა. ეს სიმღერები იონიაში განვითარებულა ბერძენთა მეზობელი მცირეაზიული ხალხების გავლენით. ელეგია რომ წმინდა ბერძნული წარმოშობისა არ არის, ამაში გვარწმუნებს თვით სიტყვის („ელეგიის“) ეტიმოლოგია.

ძველი ბერძნების აზრით ტერმინი „ელეგია“ წარმოსდგა გამოთქმისაგან ἐ λἐγείν („ვაის თქმა“), εύ λἐγείν („კარგის თქმა“), ან ἐλεείν („თანაგრძნობა“), და ზმნა ἐλεγαίνειν განმარტავდნენ როგორც παραφρονείν („ჭკუაზე შეშლა“). XIX საუკუნის მკვლევარნიც „ელეგიის“ განმარტების საკითხში მაინცდამაინც იმაზე შორს არ წასულან. ისინი უკავშირებდნენ ამ ტერმინს ზმნას ασελγαίνειν, რომელსაც იგივე მნიშვნელობა აქვს, რაც παραφρονείν („ჭკუაზე შეშლა“), ან გამოთქმას έλεγε („ვაი თქვი“).

ყველა ამ განმარტების საფუძველი იყო ელეგიის გაგება როგორც გლოვის სიმღერისა, მიცვალებულთა დასატირებელი სიმღერისა. მართლაც, ბერძნული ლიტერატურის ძეგლებში ἐλεγοι იხმარება „მწუხარების“, „ტირილის“ სიმღერის მნიშვნელობით.

უძველესი მოწმობა სიტყვა „ელეგიის“ ხმარებისა ეკუთვნის 586 წელს. ამ წელს, პავზანიას მოწმობით, ექემბროტეს, არკადიელ ავლოდს („ფლეიტაზე“ მომღერალს), ელინებისათვის უმღერია μέλεακαί ἐλεγους; ეს პავზანიას აზრით, იგივეა, რაც უაღრესად სამწუხარო სიმღერები (μέλη), ელეგიები (ἐλεγείᾱ) და ტირილი (θρήνοι). თუ რა მხატვრული გაფორმებისა იყო ექემბროტეს „ელეგიები“, ჩვენ არ ვიცით, რადგან ერთადერთი წყარო ამისათვის არის ის ეპიგრამა, რომელიც მას მოჰყავს და რომლის მხატვრული აღნაგობა დღესაც გაურკვეველია.

მაგრამ ევრიპიდე უკვე გარკვევით ხმარობს ტერმინს ἐλεγοι: „გლოვისა“ და „დატირების“ მნიშვნელობით („ტროელი ქალები“ ტ. 119, „იფიგენია ტავრიდში“ ტ. 1089—1090). თავის ერთ ტრაგედიაში კი („ანდრომაქე“, ტ. 103-116) თვით ელეგიას ჩაურთავს როგორც ტირილის სიმღერას.

ამგვარად, VI−V საუკუნეებში „ელეგიაა გაგებულია როგორც – გლოვის სიმღერა და გათანაბრებულია ტირილთან, დატირებასთან („თრენებთან“): თვით სიტყვათხმარებაში, ზემოხსენებულ ტექსტებში (ექემბროტესთან, ევრიპიდესთან, პავზანიასთან), „ელეგია“ და „თრენები“ ერთიმეორის გვერდით არის მოყვანილი როგორც თანაბარღირებული ტერმინები. მაგრამ „ელეგიის“ ასეთი გაგება უძველესი „ლიტერატურული ელეგიიდან“ კი არ მომდინარეობს, არამედ „წინალიტერატურული (ხალხური) ელეგიიდან“.

დასაფლავების დროს გამართულ ტირილში მოიგონებდნენ ხოლმე მიცვალებულის ღვაწლს მშობლიური ქვეყნის წინაშე. ეს აძლევდა დამტირებელს საშუალებას მწუხარების გრძნობის გამოხატვასთან ერთად პატრიოტული გრძნობაც გამოეხატა და გამამხნევებელი სიტყვებით მიემართა დამსწრეთათვის. ამის საუკეთესო ილუსტრაციას წარმოადგენს „ილიადის“ XXIV სიმღერა, რომელშიაც აღწერილია ჰექტორის გვამის დატირება.

ელეგია სალექსო საზომად იყენებს ეპოსში ნახმარ დაქტილურ ჰეგზამეტრს და ამ უკანასკნელის ვარიანტს — დაქტილურ პენტამეტრს.

ელეგია აგებულია ისე, რომ ყოველ დაქტილურ ჰეგზამეტრს მოსდევს დაქტილური პენტამეტრი.

ელეგიის უძველესი წარმომადგენლები არიან: კალინე, და ტირტეო.

მცირე აზიის იონიაში აღმოცენებული ლიტერატურული ელეგია (როგორც საბრძოლო სიმღერა) ვრცელდება და ვითარდება მთელს იონიაში, კუნძულებზე და ბალკანეთში; თაისი განვითარების გზაზე ის აფართოებს მოტივების არეს, და საბრძოლო ჰანგის გვერდით მას უჩნდება. სხვა მოტივებიც. მეშვიდე და მეექვსე საუკუნეთა ელეგიკოსები (არქილოქე, მიმნერმი, სოლონი, თეოგნიდე, ფოკილიდე) ელეგიას იყენებენ, საბრძოლო ჰანგის გარდა, სევდისა და სიყვარულის გრძნობათა ასასახაად, თავიანთი პოლიტიკური აზრების გამოსახატავად და რჩევა-დარიგებათა მისაცემად.


წყარო

ბერძნული ლიტერატურის ისტორია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები