ტროელი ქალები (ევრიპიდეს ტრაგედია)
„ტროელი ქალები“ – ძველი ბერძენი დრამატურგის ევრიპიდეს ტრაგედია.
ტრაგედია „ტროელი ქალები“ ტროას დაცემის შემდეგ, ტყვეთა სავალალო ხვედრზე მოგვითხრობს. ტროას დამცველი მამაკაცები ბერძნებმა ამოხოცეს. ტყვეებს შორის მხოლოდ უმწეო ქალები, ბავშვები და მოხუცები აღმოჩნდნენ. მაცნე ატყობინებს პრიამოსის ოჯახს, თუ ვინ ვისი საკუთრება იქნება. ჰეკაბე ოდისევსის მხევალი გახდება; კასანდრა აგამემნონის საყვარელი, ანდრომაქე – ნეოპტოლემოსის, უმცროსს პოლიქსენეს კი აქაველთა საფლავს დააკლავენ. შემზარავ ამბავთა რიცხვი მატულობს. მაცნე ახალ ამბავს ატყობინებს ანდრომაქეს; აქაველებს მისი ჩვილი ვაჟის – ასტიანაქსის ტროას გალავნის კოშკიდან გადაგდება გადაუწყვეტიათ. განაჩენი სასწრაფოდ სისრულეში მოჰყავთ. ანდრომაქე ჩვილის სისხლიან გვამს დასტირის, მის ნაზ კულულებს ეფერება. დასასრულს აქაველები ტროას ცეცხლს უკიდებენ, ტყვეები კი თან მიჰყავთ.
„ტროელ ქალებში“ როგორც ბერძნების მიერ წამოწყებული, ასევე ნებისმიერი სხვა, ექსპანსიისკენ მიმართული ომი ყოველგვარ ჰეროიკულ შარავანდედს მოკლებულ უბედურებადაა წარმოჩენილი, რომლის დროსაც ვლინდება ადამიანის ყველაზე ბნელი, ქვენა ინსტინქტები. ომი იძლევა დაუსჯელად ძალადობის, ნგრევისა და განადგურების შესაძლებლობას; სხვისი დამორჩილებისა და სხვისთვის ტკივილის მინიჭების უფლებას. ევრიპიდე დიდი სითამამით წარმოაჩენს ბერძენი გმირების სისასტიკესა და დაცემული ტროას გადარჩენილ მკვიდრთა თავს დატეხილ უბედურებას. გამარჯვებულები ნამდვილ ჯალათებად იქცევიან. ასეთივე სისასტიკით ხასიათდებიან ოლიმპოს მთის მკვიდრნი, - ამ შემთხვევაში ათენა-პალადა და პოსეიდონი. ათინა ჯერ ტროას დაღუპავს, შემდგომ კი პოსეიდონთან მოლაპარაკების შედეგად გამარჯვებულ აქაველთა გემების ჩაძირვას გადაწყვეტს. პოსეიდონის დახასიათებით კი, ადამიანი დაუნდობელი და ბრიყვი არსებაა; საბოლოოდ თავადაც მსხვერპლად ქცეული ჯალათია. თუმცა თავად პოსეიდონის სიტყვები ნიჰილისტი მიზანთროპის განაჩენად უფრო აღიქმება, ვიდრე ღვთიური სიბრძნის გამომხატველად.
„ტროელი ქალების“ მსგავსად, ევრიპიდეს სხვა პიესებშიც ღმერთები მხსნელის ან უზენაესი მსაჯულის ნაცვლად, უმეტესწილად, შურისმაძიებლობის სულმოკლე ვნების გამომხატველებად გვევლინებიან; იშვიათ შემთხვევაში კი მხსნელის ფუნქციას ისეთ დამნაშავეთა მიმართ კისრულობენ, როგორიცაა ნამდვილ ურჩხულთა სამეული პიესაში „ორესტესი“. ტრაგედიაში „ტროელი ქალები“ ტოტალური ქაოსისა და სისასტიკის წინაშე ღირსების გრძნობის შენარჩუნების უნარის მქონე გმირებად სწორედ პრიამოსის ოჯახის დატყვევებული ქალები იქცევიან. პიესის ცენტრალურ, მართლაც მონუმენტურ პერსონაჟად დაცემული ტროას დედოფალი პეკაბე გვევლინება, რომლის თვალწინ შემზარავ ამბავთა მომცველი ეპიზოდები თამაშდება. ტყვედ ქცეული დედოფალი, თავისი გასაოცარი შინაგანი სიძლიერის წყალობით, ტანჯვას ღირსეულად იტანს, უბედურებასთან გამკლავების ძალას სხვებსაც ანიჭებს; თავად გაუბედურებული, სხვების თანაგრძნობის უნარს არ კარგავს; მეტიც, სწორედ ზოგად ადამიანურ ხვედრთან და ტკივილთან თანაზიარების იშვიათ, მხოლოდ რჩეულთათვის მისაწვდომ უნარს იძენს. სწორედ ექსტრემალურ სიტუაციაში ვლინდება, თუ ვინ ვინ არის - შინაგანად თავისუფალი თუ მონა. სულგრძელ ადამიანში სწორედ უკიდურესი სასოწარკვეთის ჟამს იღვიძებს მანამდე მთვლემარე პიროვნების იდუმალი შესაძლებლობები. მონებად ქცეული ტროელი ქალები შინაგან თავისუფლებას ავლენენ, მაშინ, როდესაც გმირებად შერაცხული აქაველები ადამიანურ სახეს კარგავენ და თავისივე ბრმა ინსტინქტების მონებად იქცევიან. ჰეკაბე თავის ქალიშვილებს არიგებს, რომ მოძალადე მტრისადმი სიძულვილს არ დაემონონ და ამ სიძულვილში მტერსავე არ დაემსგავსონ. ტროელ ქალებს თავს დატეხილი უბედურება იმდენად დიდია, რომ მომავალიც აღარ აშინებთ. ყველაფერი შემზარავი და მოსახდენი უკვე მოხდა, სიკვდილი კი მხოლოდ შვებად აღიქმება. ერთადერთი, რის წინაშეც ბედისწერაც, ღმერთებიც და აქაველთა მთელი ჯარი უძლურნი არიან, რის წართმევასაც ტყვეებისთვის ვერ შეძლებენ, ეს ტანჯვის ღირსეულად ატანის უნარია.
მაია გოშაძე