ტირტეო
ტირტეო − (ძვ. ბერძ. Τυρταῖος), ძველი ბერძენი პოეტი−ელეგიკოსი. იგი სპარტაში მოღვაწეობდა იმ დროს, როდესაც სპარტელებს მესენიელებთან ჰქონდათ ომი (მესენიის მეორე ომი, VII საუკუნის 60-იანი წლები). გადმოცემით, იგი ათენელი იყო და, როდესაც მესენიელებთან ომის დროს სპარტელებმა დახმარებისათვის მიმართეს ათენელებს, უკანასკნელებმა გაუგზავნეს მათ კოჭლი ტირტეო.
ასეთია გადმოცემა, მაგრამ იგი სინამდვილეს არ უნდა შეეფერებოდეს და ათენელების მიერ უნდა იყოს შეთხზული იმ ეპოქაში, როდესაც სპარტელები და ათენელები ერთმანეთს ექიშპებოდნენ, ერთიმეორის მტრები იყვნენ. ამ აზრის სიმართლეში დაგვარწმუნებს ჩვენ ტირტეოს ელეგიების განხილვა.
ტირტეო, კალინეს მსგავსად, ვაჟკაცისათვის პირველ რიგში აყენებს სამშობლოს გულისათვის თავდადებას. მისი აზრით, სასახელოა ვაჟკაცისათვის, როდესაც ის სამშობლოს გულისთვის იბრძვის მოწინავე რიგებში და თავს სწირავს მისთვის. ვინც სამშობლოს დაცვას არიდებს თავს და ტოვებს თავის ნოყიერ ყანებს, მისი ბედია — გაიჭრას მათხოვრად, იწანწალოს მოხუცი დედ-მამით, წვრილშვილითა და ცოლით, და სხვის კარს მიადგეს სამათხოვროდ. ასეთმა კაცმა უნდა იცოდეს, რომ ვისაც კი არ მიადგება ის კარზე შიმშილის გამო, არავინ შეიბრალებს, ყველა მასში დაინახავს მტერს. ასეთი კაცი მთელი გვარის შემარცხვენელიც არის.
მეორე ელეგიაში ტირტეო ხატავს ისეთი ვაჟკაცის სურათს, რომელსაც ყოველგვარი ღირსება მოეპოვება: ფეხების სიმარდე, მძლე მუშტი, კიკლოპების სიდიდე,—მაგრამ ყველა ეს თვისება ფუჭია, თუ ვაჟკაცი ამ თვისებებს სამშობლოს დაცვისათვის არ გამოიყენებს.
ტირტეოს თემატიკა ისეთივეა, როგორც კალინეს თემატიკა; კიდევ მეტი, ორივე ელეგიკოსს მოქალაქის დარწმუნებისა და გამხნევების საშუალებები აგრეთვე ერთნაირი აქვთ. იმდენად დიდია მსგავსება კალინეს და ტირტეოს საბრძოლო ელეგიებს შორის, რომ თავისუფლად შეიძლებოდა, ტირტეოს ელეგიათა ნაწყვეტები კალინესთვის მიგვეწერა. ორივე ელეგიკოსი ერთი სკოლიდან არიან და ერთ პოეტურ წრეს ეკუთვნიან.
საფიქრალია, რომ ტირტეოც მცირეაზიელი იონიელია, ე. ი. იმავე ქვეყნიდან არის, საიდანაც იყო კალინე. მცირე აზიიდან უნდა იყოს ის გადმოსახლებული სპარტაში, სადაც ისევე როგორც სხვა ბევრი იონიელი, მოვიდა, საარსებო საშუალებათა საძებრად და თავისი ელეგიებით, წინ წარუძღვა ახალ სამშობლოს მოქალაქეებს მტრის წინააღმდეგ და კიდევაც გაამარჯვებინა მათ ამ ბრძოლაში.
ზემომოყვანილი თქმულება მისი ათენელობის შესახებ მხოლოდ იმას ამტკიცებს, რომ ტირტეო სპარტაში უცხოელი იყო და არა ადგილობრივი სპარტელი. ხოლო რაც შეეხება მის ათენელობას, ეს ვერსია უნდა იყოს შექმნილი თვითონ ათენელების მიერ უფრო გვიან ხანებში სპარტელების დამცირების მიზნით. ცნობილია, რომ V საუკუნეში სპარტა და ათენი ერთმანეთის მტრები იყვნენ, და ამ მტრობამ პოვა თავისი გამოხატულება პელოპონესის ომში. ამ მტრობის დროს ათენელები ყოველმხრივ აძაგებდნენ სპარტელებს და ამ მტრობის ხანაში უნდა შეეთხზათ ათენელებს თქმულება იმის შესახებ, თითქოს ათენელები ყოველთვის მაღლა იდგნენ სპარტელებზე: რომ, მაგალითად, მესენიის ომის დროს სპარტელებმა სთხოვეს მათ დახმარება, და ათენელები შედარებით სპარტელებთან იმდენად დაწინაურებულნი იყვნენ, რომ მათ სპარტელებს საშველად მათთვის უვარგისი კოჭლი ტირტეო გაგზავნეს, რომელიც სპარტელებს შორის უპირველესი კაცი აღმოჩნდაო. აი, ასეთის დამცირების მიზნით უნდა იყოს შეთხზული ლეგენდა ტირტეოს ათენელობის შესახებ. ტირტეოს ელეგიები კი ჩვენ ეჭვმიუტანლად გვარწმუნებენ იმაში, რომ ის სპარტაში გადმოსახლებული იონიელი ელეგიკოსი უნდა იყოს.
უძველესი ელეგიკოსების კალინესა და ტირტეოს ელეგიებიდან გადარჩენილი ნაწყვეტები ერთხმად ადასტურებენ იმას, რომ ამ ელეგიებს საბრძოლო მოტივი ახასიათებდა. მათი ელეგიებიდან ჩვენამდე მხოლოდ მცირეოდენი ნაწყვეტია მოღწეული და, რა თქმა უნდა, შესაძლებელია, რომ ჩვენამდე მოუღწეველ ნაწყვეტებში გარდა საბრძოლო მოტივისა სხვა მოტივებიც იყო გაშლილი; მაგრამ დიდად მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ ამ ორი უძველესი ელეგიკოსის ნაწარმოებთაგან გადარჩა, უპირატესად, საბრძოლო მოტივის შემცველი ნაწყვეტები. ამ ელეგიების ნაწყვეტები ხომ მოღწეულია ჩვენამდე მერმინდელ მწერალთა და კომპილატორთა შრომებში ციტატების სახით, და, რახან ამ მწერლებსა და კომპილატორებს უპირატესად საბრძოლო ელეგიები გამოუყენებიათ, ცხადია, ისინი კალინეს და ტირტეოს შემოქმედების მთავარ დამახასიათებელ თვისებას მათი ელეგიების საბრძოლო მოტივში ხედავდნენ. ეს გარემოება ჩვენ საბუთს გვაძლევს ვთქვათ, რომ პირველადი მოტივი ელეგიისა იყო საბრძოლო მოტივი.
საბრძოლო ელეგიების გარდა ტირტეოს ჰქონია სხვაგვარი ელეგიაც, რომელსაც „კეთილკანონიერება“ ეწოდებოდა. ამ ელეგიაში პოეტი აქებდა სპარტის სახელმწიფო წყობილებას, რომელიც დაუწესა „ჰერაკლიდებს თვით კრონიონმა ზევსმა, ლამაზგვირგვინიანი ჰერას მეუღლემ“ (ფრგ. 2. დილის გამოც. გვ. 7), და მოუწოდებდა მოქალაქეებს დაეცვათ კანონები, რომლებიც აპოლონმა დაუდგინა მათ. „ჩვენს ქალაქს შემდეგი მიუთითა ოქროსთმიანმა შორსმსროლელმა აპოლონმა – ეუბნება ტირტეო მოქალაქეებს: საბჭოს უხელმძღვანელონ ღვთივპატივდებულმა მეფეებმა უხუცესებთან ერთად, ხოლო ხალხმა მისდიოს სამართლიან დადგენილებებს; იზრახოს მხოლოდ კეთილი, აკეთოს მართალი საქმე და არაფერი მრუდე არ გაიფიქროს თავისი ქალაქის მიმართ. მაშინ არ მოაკლდება ხალხს არც გამარჯვება, არც ძალა“ (ფრგ. 3. დილის გამოც. გვ. 7-8).
ამგვარად, ტირტეო „ევნომიაშიც“ იმავე აზრს ავითარებს, რომელიც დანარჩენ ელეგიებშია გატარებული: მშობლიური ქალაქის ინტერესების დაცვა არის მოქალაქის უპირველესი მოვალეობა.