თანამედროვე ლიბერალიზმი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
17:19, 23 სექტემბერი 2025-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თანამედროვე ლიბერალიზმი − თანამედროვე ლიბერალიზმი გაცილებით ლოიალურია სახელმწიფოს ჩარევის მიმართ. აშშ-ში დღესდღეობით „ლიბერალებად“ იწოდებიან ისინიც კი, ვინც არა „მოკრძალებულ“, არამედ „თამამ“ მმართველობას ('big' government) უჭერს მხარს. ასეთ რადიკალურ ცვლილებას აზროვნებაში თავისი ახსნა აქვს: სამრეწველო კაპიტალიზმმა სოციალური უსამართლობის ახალი ფორმები დაამკვიდრა და მოსახლეობის ფართო მასები თავისუფალი ბაზრის სიმკაცრეს შეაჯახა. ჯ.ს. მილის (J.S. Mill) ზეგავლენით, ე.წ. „ახალმა ლიბერალებმა“ — თ. ჰ. გრინმა (T.H. Green, 1836-1882), ლ.თ. ჰობჰაუსმა (L.T. Hobhouse, 1864-1929) და ჯ.ა. ჰობსონმა (J.A.Hobson, 1858-1940) თავისუფლების უფრო ფართო, ასე ვთქვათ, „პოზიტიური“ ხედვა ჩამოაყალიბეს: ამგვარი თავისუფლება ადამიანის ბედის ანაბარა მიტოვებას კი არ გულისხმობს, (რამაც ის, საბოლოოდ, მშიერ თავისუფლებამდეც შეიძლება მიიყვანოს), არამედ ინიციატივის წახალისებასა და თვითრეალიზების შესაძლებლობას.

ეს მიდგომა ე.წ. სოციალურ, ანუ „კეთილდღეობის“ ლიბერალიზმს დაედო საფუძვლად. ასეთი ტიპის ლიბერალიზმის მთავარი იდეა ისაა, რომ სახელმწიფოს ჩარევით, განსაკუთრებით, საზოგადოებრივი კეთილდღეობის სფეროში, ადამიანის თავისუფლებას მეტი ასპარეზი ეძლევა და იგი სოციალური მანკიერებებისაგანაც უფრო მეტადაა დაცული: 1942 წ. დიდ ბრიტანეთში, ე.წ. ბევერიჯის მოხსენებაში ხუთი უმთავრესი „მანკიც“ კი იყო ჩამოთვლილი: მიუსაფრობა, სიდუხჭირე, უმეცრება, უმუშევრობა, დაუცველობა. ისიც ითქვას, თანამედროვე საბაზრო კაპიტალიზმისადმი ლიბერალების რწმენასაც თანდათანობით წყალი შეუდგა და ამ მხრივ განსაკუთრებული როლი ჯ.მ. ქენზის თეორიამ ითამაშა. ქენზიანიზმის მიხედვით, ეკონომიკური წინსვლა და კეთილდღეობის მიღწევა მხოლოდ „მართვად“ ანუ რეგულირებადი კაპიტალიზმის პირობებშია შესაძლებელი, როცა ძირითად ეკონომიკურ ამოცანები თავის თავზე ხელისუფლება იღებს. ამავე დროს, თანამედროვე ლიბერალები მზად არიან ხელისუფლების ჩარევის იდეას, მხოლოდ გარკვეული პირობებით დაუჭირონ მხარი. მათი მთავარი საზრუნავი საზოგადოების უკიდურესად დაუცველი და მიუსაფარი ფენაა; ძირითადი მიზანი კი − ადამიანებისთვის ისეთი პირობების შექმნა, როცა საკუთარი ცხოვრების მოწყობასა და თავისუფალი არჩევანის გაკეთებას დამოუკიდებლად შეძლებენ. ლიბერალიზმის კეთილდღეობასა და ხელახალი გადანაწილების პოლიტიკასთან შეთანხმების ყველაზე დამაჯერებელი მცდელობა, დღესდღეობით, ჯონ როულზის თეორიული ტრაქტატები გახლავთ.


წყარო

პოლიტიკა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები