კილონი
კილონი − (ბერძ. Κύλων; ძვ. წ. VII საუკუნე) — ათენელი ევპატრიდი, მან დაახლოებით ძვ.წ. 640 წ. ათენში სახელმწიფო გადატრიალების დროს თავისი პოპულარობის გამოყენება სცადა ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად.
კილონი მეგარელი ტირან თეაგენეს სიძე იყო, რომელსაც სიმამრის დახმარების იმედი ჰქონდა. კილონი ოლიმპიურ ასპარეზობაში გამარჯვებული „ოლიმპიონიკი“ იყო და ზევსის დღესასწაულის დღეს თავის გამარჯვების წლისთავს ზეიმობდა მეგობრებთან ერთად. მან თავისი მცირერიცხოვანი მომხრეების დახმარებით ხელთ იგდო ათენის აკროპოლისი და მოინდომა ათენის ტირანი გამხდარიყო (ძველი ბერძნების გაგებით ტირანია ნიშნავდა ხელისუფლების ძალით ხელში ჩაგდებას, რასაც თანამედროვე ტერმინით ხელისუფლების უზურპაცია ეწოდება), ათენის მოსახლეობა, როგორც ჩანს, არ იყო მზად სახელმწიფო გადატრიალებისათვის და კილონს არ მიემხრო; ამით ისარგებლეს ევპატრიდებმა და ცხრავე არქონტის ხელმძღვანელობით კილონი და მისი მეგობრები გარემოცვაში მოაქციეს, კილონმა მოახერხა გაქცევა, დანარჩენებმა ათენას ტაძარს შეაფარეს თავი. შიმშილით, წყურვილითა და ხანგრძლივი ალყით შეწუხებული კილონის მომხრეები დანებდნენ იმ პირობით, რომ მათ სიცოცხლეს შეუნარჩუნებდნენ, მაგრამ როგორც კი ტაძრიდან გამოვიდნენ, არქონტ მეგაკლე ალკმეონიდის ინიციატივით, ისინი იქვე დახოცეს. შექმნილი არეულობით ისარგებლა კილონის სიმამრმა მეგარის ტირანმა თეაგენემ და ათენს წაართვა კუნძული სალამინი, რომელიც ათენელთა ნავსადგურებს ზღვიდან იცავდა და მნიშვნელოვან სტრატეგიულ პუნქტს წარმოადგენდა. სალამინის დაკარგვით, მმართველი წრეების სისუსტით აღშფოთებული დემოსი მოითხოვდა ალკმეონიდების გასამართლებას. 300 ათენელი ევპატრიდის სასამართლომ ალკმეონიდებს ბრალი დასდო ფიცის გატეხვასა და ღვთაებათა შეურაცხყოფაში. ამ მიზეზით ალკმეონიდები ათენიდან გააძევეს. ის ალკმეონიდები კი, რომლებიც კილონის მეგობრების დახოცვაში მონაწილეობდნენ და ამ დროს ცოცხლები აღარ იყვნენ, საფლავიდან ამოთხარეს და ძვლები საზღვრებს იქით გადაყარეს. ალკმეონიდების გვარს ეს ბოროტი საქციელი საუკუნეების მანმილზე შავ ლაქად დაედო, მხოლოდ სოლონის დროს შეიწყალეს და ათენში დააბრუნეს.