კლისთენე
კლისთენე − (ბერძ. Κλεισθένης; დ. VI საუკუნის მე-2 ნახევარი − გ. ძვ. წ. V საუკუნის დასაწყისი) − ძველი ათენელი კანონმდებელი, მეგაკლეს შვილი, ათენის პირველი არქონტი.
კლისთენემ ძვ.წ. 509 წელს 300 ევპატრიდის ბატონობა გააუქმა აღადგინა სოლონის და პისისტრატეს ყველა კანონი და ახალი მნიშვნელოვანი დემოკრატიული ხასიათის ღონისძიებები გაატარა, რომლითაც კიდევ უფრო გააძლიერა და განამტკიცა ათენის მონათმფლობელური დემოკრატია. ამ მიღწევების გამო ისტორიკოსები მას „ათენური დემოკრატიის მამა“ უწოდეს.
კლისთენეს რეფორმები
1. გაუქმდა ოთხი საგვარეულო ფილე და მათ მაგიერ დაფუძნდა ათი ტერიტორიული ფილე, თითოეულ ფილეში შევიდა ერთი მესამედი ანუ ტრიტია პედიაკებისა – ევპატრიდები, ერთი მესამედი პარალიებისა – ვაჭარ-ხელოსნები, ზომიერი დემოკრატები და მესამედი დიაკრიებისა – უღარიბესი გლეხობა, უკიდურესი დემოკრატები. ასეთი განაწილებით ათენელი დიდგვაროვნები თითოეულ ფილეში უმცირესობაში აღმოჩნდნენ.
2. ატიკის მთელი ტერიტორია 100 დემად დაიყო, თითო ტერიტორიულ ფილეში ათი დემი შედიოდა. დემი წარმოადგენდა რამდენიმე სოფლისაგან შემდგარ თემს, ქალაქად კი გარკვეული უბნის მოსახლეობას. ათენი ათ დემად იყო დაყოფილი. თავისუფალ დემს თავისი თვითმმართველობა ჰქონდა, მეთაურობდა დემარქოსი, რომელსაც დემის მცხოვრებლები ირჩევდნენ. ირჩევდნენ აგრეთვე ხაზინადარს და ოცდაათ მსაჯულს უმნიშვნელო საჩივრების გასარჩევად. დემარქოსების ხელში იყო დემის მოქალაქეთა სიები. მათ ახალდაბადებულები შეჰყავდათ სიებში, მიცვალებულებს კი იღებდნენ, კრეფდნენ გადასახადებს და ა. შ. დემის სრულწლოვან 18 წლის ახალგაზრდების სამხედრო წვრთნა და მოსწავლეთა განათლების ხელმძღვანელობაც დემარქოსების საქმე იყო. დემებს საკუთარი ტაძრები, მფარველი ღვთაება, დღესასწაულები და არჩეული ქურუმები ჰყავდათ.
3. კლისთენემ ათენის მოქალაქეების შემადგენლობაში შეიყვანა წარმოშობით არაათენელები – მეტეკები. ისინი უნდა ყოფილიყვნენ სოლონამდე და სოლონის დროიდან ათენში გადმოსახლებული ხელოსნები და ვაჭრები, რომლებიც ათენის დემოკრატიულ ძალების აქტიური მომხრეები იყვნენ.
4. კლისთენემ გააუქმა ოთხასთა საბჭო და მის მაგიერ შემოიღო 500 საბჭო – ბულე. თითოეული ტერიტორიული ფილე კენჭისყრით, ერთი წლის ვადით ირჩევდა 50 კაცს (ორჯერ ერთი და იგივე პირის არჩევა არ შეიძლებოდა). არჩეული 50 კაცი ქმნიდა 500 საბჭოს „ბულეს“, რომელიც გადაიქცა ათენის უმაღლეს სახელმწიფო ორგანოდ, ხუთასთა საბჭოს მეათედი ნაწილი – 50 კაცი სხვადასხვა ფილედან წელიწადში 36 დღის განმავლობაში ვალდებული იყო პრიტანიაში ემორიგევა, მათ „პრიტანები“ ეწოდათ. ყოველი პრიტანი მორიგეობით თავმჯდომარეობდა ბულეს და მათ „ეპისტატები“ ერქვათ. პრიტანები სახალხო კრების – ეკლესიის დღის წესრიგს ადგენდნენ. ეკლესია კი ყოველ 50 კაცის პრიტანობისას ორჯერ უნდა შეკრებილიყო. პრიტანები სხვადასხვა ქვეყნებიდან ელჩებსაც ღებულობდნენ და ათენის სახელმწიფოს სახელით აგზავნიდნენ კიდეც ელჩებს სხვადასხვა ქვეყნებში. ისინი სახელმწიფოს ყველაზე მნიშვნელოვან საქმეებს ხელმძღვანელობდნენ.
5. თითოეული ტერიტორიული ფილე კენჭისყრით ირჩევდა 30 კაცს. სახალხო მსაჯულთა სასამართლოს, რომელსაც „ჰელეა“ ეწოდებოდა, ევალებოდა სასამართლოს საქმეების წარმოება. ხუთასთა საბჭო – ბულე და სახალხო მსაჯულთა სასამართლო „ჰელეა“ ყველაზე დემოკრატიულ დაწესებულებებს წარმოადგენდნენ ათენში. არეოპაგსა და არქონტატს კლისთენმა რელიგიური საქმიანობის გარდა ყველა ფუნქცია ჩამოართვა და ამით გავლენა და მნიშვნელობა დაუკარგა.
6. კლისთენის დროს თითოეული ტერიტორიული ფილე ირჩევდა თითო ხაზინადარს. ასე შეიქმნა ათი ხაზინადრის, აპოდეკტის კოლეგია, რომელიც განაგებდა ათენის სახელმწიფო ხაზინას, მანამდე კი ათენის მთელი ხაზინა არქონტეპონიმების განკარგულებაში იყო.
7. თითოეული ტერიტორიული ფილე ირჩევდა კენჭისყრით თითო სტრატეგოსს. ასე შეიქმნა სტრატეგოსთა კოლეგია, რომელსაც პირველხანებში არქონტ-პოლემარქოსი ხელმძღვანელობდა. შემდეგ მათ ეს ფუნქცია ჩამოერთვათ და ათი სტრატეგოსი ირჩევდა ერთ მთავარ სტრატეგოსს, რომელიც ხელმძღვანელობდა კოლეგიას. სტრატეგოსთა კოლეგია ხელმძღვანელობდა ათენის სახელმწიფოს მთელ სამხედრო საქმიანობას. სტრატეგოსთა კოლეგია შემდგომში ყველაზე მნიშვნელოვან ორგანოდ იქცა ათენის სახელმწიფოში.
8. კლისთენემ შემოიღო ტირანიის საწინააღმდეგო წესი, რომლის თანახმად, ყოველწლიურად, მორიგ სახალხო კრებაზე ისმებოდა საკითხი იმის შესახებ, არსებობენ თუ არა ისეთი პირები, რომლებიც თავის მოქმედებით საშიშნი არიან ათენის სახელმწიფოს წყობილებისათვის, თუ კრება ამ საკითხზე დადებითად უპასუხებდა, მაშინ საგანგებოდ იწვევდნენ სახალხო კრებას. ყველა წევრს ურიგდებოდათ გასანთლული თიხის ფირფიტის ნაჭერი „ოსტრაკონი“, რომელზედაც უნდა დაეწერათ იმ პირის სახელი, რომელიც მიისწრაფოდა ტირანიისაკენ, ან ათენის სახელმწიფოსათვის საშიში იყო. ათენის სახალხო კრებას უნდა დასწრებოდა არანაკლებ 6000 კაცი. იმ პირს, ვისი სახელიც ყველაზე ხშირად იქნებოდა ოსტრაკონებზე მოხსენებული, ათი დღის ვადას აძლევდნენ და 10 წლით ათენიდან აძევებდნენ, მაგრამ არც ქონებას და არც ათენის მოქალაქეობას არ ართმევდნენ. მას უფლება ჰქონდათ თავისი ცოლშვილი დაეტოვებინა. ოსტრაკიზმო კლასთა ბრძოლის ყველაზე საშიშ იარაღად იქცა გაბატონებული დემოკრატიის ხელში. არისტოტელე წერს: „პირველად ოსტრაკიზებული იქნა კლისთენის ნათესავებიდან ჰიპარქე კოლიტეველი ქარამეს ძე, ტირანების მეგობარი, რომელმაც მონაწილეობა არ მიიღო აჯანყებაში. აგრეთვე ოსტრაკიზებული იქნა მეგაკლე ჰიპოკრატეს ძე, ალოპეკიდან, კლისთენეს დროს სამი წლის განმავლობაში ოსტრაკიზმოს წესით აძევებდნენ ტირანების მეგობრებს, რომელთა გულისთვისაც ეს კანონი იქნა დადგენილი, მეოთხე წელს კი მიადგნენ სხვებსაც, თუკი ვინმე გადამეტებული გავლენის მქონედ მიაჩნდათ“. ოსტრაკიზმო ათენში გავლენიან თანამდებობის პირთა წინააღმდეგ იყო მიმართული და ეს ღონისძიება თავისებურ წონასწორობას იცავდა იმ პირთა მიმართ, რომლებსაც ხალხი განსაკუთრებულად განასხვავებდა.
კლისთენეს რეფორმებით დასრულდა ატიკაში სოციალ-პოლიტიკური გარდაქმნის პერიოდი, რომელიც თითქმის ასი წელიწადი გრძელდებოდა, დასრულდა ათენის კლასობრივი საზოგადოებისა და სახელმწიფოს ჩამოყალიბება. სოლონმა, პისისტრატემ და კლისთენემ შექმნეს მონათმფლობელურ დაწესებულებათა მთელი სისტემა. ამ სოციალურ-ეკონომიკურ გარდაქმნების დროს ისინი ძირითადად ეყრდნობოდნენ ათენის გვაროვნულ არისტოკრატიის მიერ ჩაგრულ გლეხობას და ქალაქის ღარიბ მოსახლეობას, ათენის საზოგადოების დაბალ ფენებს, რომელიც ძირითად ძალას წარმოადგენდა გვაროვნულ წყობილებასთან ბრძოლის დროს.