პისისტრატე
პისისტრატე − (ბერძ. Πεισίστρατος; დ. დაახლ. ძვ. წ. 600 – გ. ძვ. წ. 527) – ათენის ტირანი.
პისისტრატე მდიდარი და წარჩინებული ათენელი იყო. მას თრაკიაში პანგეის ოქროს საბადოები ჰქონდა. იგი პოლიტიკურ ასპარეზზე გამოვიდა მეგარელებთან კუნძულ სალამინისათვის ბრძოლის დროს. პლუტარქეს ცნობით:დიაკრიების მეთაურმა პისისტრარემ საკუთარი ხელით დაიჭრა თავი და ეტლით ათენის მოედანზე გამოცხადდა, ხალხს შესჩივლა, ჩემი პოლიტიკური მოღვაწეობისათვის მტრების მსხვერპლი შევიქმენიო. პისისტრატეს მომხრეები აღშფოთდნენ და ვინმე არისტორნის წინადადებით პისისტრატეს კეტებით შეიარაღებული პირადი მცველები გამოუყვეს. პისისტრატემ მცველები კეტების ნაცვლად ნამდვილი იარაღით აღჭურვა და ძვ.წ. 560 წ. ათენში ხელისუფლება ხელთ იგდო, გახდა ათენის ერთმმართველი ტირანი. პისისტრატეს მდგომარეობა პირველ ხანებში არ იყო მყარი, რადგან ათენელი გლეხების სასარგებლოდ გატარებული მისი პოლიტიკა არ მოსწონდათ არც პედიაკებს და არც პარალიებს. ისინი გაერთიანდნენ მის წინააღმდეგ და 5 წლის ბატონობის შემდეგ ათენიდან გააძევეს.
პისისტრატეს გაძევების შემდეგ, პარალიებსა და პედიაკებს შორის ხელისუფლებისათვის დაიწყო ბრძოლა, რითაც ისარგებლა პისისტრატემ და დაუკავშირდა პარალიების მეთაურს მეგაკლეს, რომელსაც შეჰპირდა მისი ქალიშვილის ცოლად შერთვას. მაგრამ, როდესაც მეორედ ჩაიგდო ხელისუფლება სიტყვა არ შეასრულა. ამის გამო პისისტრატესა და მეგაკლეს შორის კვლავ დაიწყო ბრძოლა. პისისტრატე იძულებული გახდა თავის მომხრეებთან ერთად ათენიდან წასულიყო, იგი 11 წელი იმყოფებოდა კუნძულ ევბეას ქალაქ ერეთრეაში, სადაც ემზადებოდა ათენში დასაბრუნებლად. პისისტრატე თრაკიის ხერსონესში ოქროს საბადოებს ფლობდა და დიდი შემოსავალი ჰქონდა. ამ სახსრებით მან შეაიარაღა თავისი მომხრე დიაკრიები, იქირავა ევბეელი, თესალიელი და თებელი მოქირავნეები და ძვ.წ. 538 წ შეიჭრა მარათონის ხეობაში.
პისისტრატემ პირადი ლაშქარი ჩამოაყალიბა და შექმნა შესანიშნავი საზღვაო ფლოტი, რომელშიაც ძირითადად თეტები მსახურობდნენ და ხელფასს (დიეტას) სახელმწიფო ხაზინიდან იღებდნენ. შემდეგ თავის ყველაზე დიდ მოწინააღმდეგეს, გვაროვნულ არისტოკრატიას გადამწყვეტი ბრძოლა გამოუცხადა: ბევრი ატიკიდან გააძევა, ჩამორთმეული მიწები კი დაურიგა უმიწაწყლო გლეხებს და სოფლის მოჯამაგირეებს. გლეხებს მეურნეობის მოსაწყობად სჭირდებოდათ თანხები და ისევ ვალებში რომ არ ჩავარდნილიყვნენ, საკუთარი სახსრებიდან მისცა გრძელვადიანი სესხები „იაფი კრედიტი“, აგრეთვე ინვენტარი, თესლეული და საქონელი, სამაგიეროდ კრედიტის მიმღებები ვალდებულნი იყვნენ თავიანთი მიწიდან მოსავლის მეათედი ყოველწლიურად ხაზინაში შეეტანათ. შემოიღო საყოველთაო სახელმწიფო გადასახადი – შემოსავლის მეათედი, რომელიც დიდი სისასტიკით იკრიფებოდა.
პისისტრატემ მოსიარულე მოსამართლეთა თანამდებობაც დააწესა, რათა გლეხებს ქალაქში სასამართლო საქმეებზე არ ევლოთ და დრო არ დაეკარგათ, მათთან „მოსიარულე მოსამართლეები“ მიდიოდნენ და ადგილზე არჩევდნენ გლეხების წვრილ საქმეებს. არისტოტელე პისისტრატეს კაცთმოყვარეობასა და ლმობიერებას ხაზს უსვამს. ხელმოკლეებს წინასწარ სესხად აძლევდა ფულს სამუშაოსათვის, რათა მათ მიწა დაემუშავებინათ, თავი ერჩინათ და ქალაქში არ ეხეტიალათ. „ერთხელ, როდესაც პისისტრატე უკვე ტირანი იყო, მკვლელობის საქმეზე არეოპაგში გამოიძახეს. იგი მორჩილად გამოცხადდა თავის დასაცავად, მაგრამ ვინც მას ცრუ ბრალი დასდო – „შეშინდა და არ მოვიდა“, – წერს პლუტარქე.
პისისტრატემ ინვალიდებისთვისაც გამოსცა კანონი, რომლითაც ათენში მიმდინარე დიდმასშტაბიან მშენებლობებზე შეეძლოთ ემუშავათ ქალაქელ ხელოსნებსა და ღარიბებს ხელფასის ანაზღაურებით; მფარველობდა მხატვრებს, პოეტებს, ფილოსოფოსებს, რომელთაც იგი საბერძნეთის სხვა პოლისებიდან იწვევდა. პისისტრატეს ტირანიის დროს ათენი გადაიქცა ბერძნულ სახელმწიფოებს შორის ერთ-ერთ წამყვან კულტურულ ცენტრად და მიაღწია მნიშვნელოვან საგარეო ძლიერებასაც. მან სოლონის კანონები ძალაში დატოვა და როგორც პლუტარქე წერს, პატივისცემითა და სიყვარულით ეპყრობოდა მოხუც სოლონს და ისე ხშირად იწვევდა თავისთან, რომ ნელ-ნელა მისი მრჩეველი გახდა.
პისისტრატეს დროს ათენი გადაიქცა შუა საბერძნეთის დიდ სავაჭრო, სახელოსნო ცენტრად, მომრავლდა სახელოსნოები, სავაჭრო მაღაზიები, ათენელი ხელოსნების წითელფიგურიან და შავლაქიან ჭურჭელზე დიდი მოთხოვნილება იყო. სხვა ქვეყნებში გაჰქონდათ ზეთისხილი და ღვინო. ფალერონის ნავსადგური ვეღარ იტევდა ხომალდებს, ამიტომ პირეოსის ნავსადგურის გამოყენებაც დაიწყეს. ათენს საკუთარი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტები და პური არ ჰყოფნიდა. პისისტრატე ცდილობდა ჰელესპონტის და ბოსფორის სრუტეების მიდამოებში საყრდენის შექმნას, ამიტომაც დაიპყრო ჰელესპონტის სანაპიროზე მდებარე ქალაქი სიგეონი რომელიც ნაყოფიერ ტერიტორიაზე მდებარეობდა და მიდამოებში დაასახლა ათენელი კოლონისტები. ამ დროს ჰელესპონტის მეორე ევროპულ სანაპიროზე დამკვიდრდა ათენიდან გაძევებული მილტიადე ფილაიდი, რომელიც ათენელთა ახალშენს ედგა სათავეში. მიუხედავად იმისა, რომ მილტიადე პისისტრატეს პოლიტიკური მოწინააღმდეგე იყო, უკანასკნელმა ისე წარმართა საქმე, რომ მილტიადე ათენის ინტერესების დამცველი გახდა. ამრიგად სიგეონისა და მილტიადეს წყალობით ჰელესპონტი ათენის კონტროლის ქვეშ მოექცა.
პისისტრატემ მეგობრული კავშირი დაამყარა კუნძულ ნაქსოსის ტირან დიგდამიდთან და სამოსის ტირან პოლიკრატესთან, აგრეთვე კუნძულ დელოსთან პელოპონესში არგოსთან და კორინთოსთან. დაიპყრო კუნძულები ლემნოსი და იმბროსი. იგი დიაკრიების გარდა სავაჭრო-სახელოსნო ფენების ინტერესებსაც იცავდა, ეხმარებოდა შავი ზღვის ახალშენების შექმნასა და განვითარებას, რადგან ათენისათვის საჭირო პური, თაფლი, სანთელი, ბეწვეული და მონები იქიდან შემოდიოდა.
პისისტრატე დიდი დემოკრატი იყო, იგი არ თაკილობდა დემების შემოვლას, თანამდებობის პირთა კონტროლს, მას ძალიან აინტერესებდა მისგან მიწით, ფულით და ინვენტარით მომარაგებული გლეხები რას აკეთებდნენ. შეიქმნა საგანგებო კომისია, რომელსაც დაევალა ხალხში მრავალ ვარიანტად გავრცელებულ „ილიადასა“ და „ოდისეას ტექსტის დადგენა და მისი ჩაწერა. პისისტრატეს დროს ათენში გაყვანილ იქნა წყალსადენი, აშენდა ჭები და წყალსაცავები. აკროპოლისზე ააგეს ათენა პალადას ტაძარი, რომლის დღესასწაულს „პანთენაიონს“ დიდი სახალხო მნიშვნელობა მიენიჭა. ელევსინში აშენდა დემეტრას ტაძარი, საძირკველი ჩაეყარა ოლიმპიელი ზევსის ტაძარს. პისისტრატემ შემოიღო დიონისეს სახალხო დღესასწაული: წელიწადში ორჯერ აღინიშნებოდა დიდი და პატარა დიონისიები, რომლებიც იმართებოდა გაზაფხულზე და შემოდგომით, სწორედ ამ დღესასწაულების დროს გაიმართა საბერძნეთში პირველად თეატრალური წარმოდგენები.
პისისტრატე საერთო ჯამში, 16 წელი იყო გაძევებული და 17 წელი კი ბატონობდა ათენში.
პისისტრატე ღრმა მოხუცებული გარდაიცვალა ძვ.წ. 527 წ. მმართველობა გადასცა კანონიერი ცოლის ორ ვაჟიშვილს: ჰიპიასს და ჰიპარქოსს.