სოლონი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა სოლონის კანონები-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სოლონი

სოლონი − (ძვ. ბერძნ.: Σόλων, ძვ. წ. 640-635 წლებს შორის, ათენი - დაახლ. ძვ. წ. 559, იქვე) - ათენელი პოლიტიკოსი, კანონმდებელი და პოეტი, ძველი საბერძნეთის „შვიდ ბრძენთგან“ ერთ-ერთი.

სოლონი წარმოშობით ათენის სამეფო კოდრიდების გვარიდან იყო. მამამისმა ხელგაშლილობის წყალობით, ქონების დიდი ნაწილი გაფლანგა და ამიტომ იძულებული იყო ვაჭრობა დაეწყო. იგი ბევრს მოგზაურობდა სხვადასხვა ქვეყნებში, მაგრამ დიდი ქონება ვერ შეიძინა. არისტოტელე მასზე წერს, რომ სოლონი თავისი ბუნებით და აზრებით ეკუთვნოდა უპირველეს კაცთა რიცხვს, ხოლო ქონებითა და საქმეებით – საშუალოს. იგი განათლებული ადამიანი ყოფილა. თანამედროვენი მას აღიარებულ შვიდ ბერძენ ფილოსოფოსთა შორის ასახელებდნენ: თალეს მილეთელი, ბიას კარიელი, კლეობულე ლინდოსელი, კორინთელი ტირანი მერიანდრე, ქილონ სპარტელი და პიტაკე მიტილენელი. სოლონი პოეტი იყო, მან მთელი თავისი მოღვაწეობა ლექსად აღწერა ელეგიებში, მაგრამ სახელი გაითქვა როგორც ათენის პატრიოტმა და პოლიტიკურმა მოღვაწემ.

მეგარელმა ტირანმა თეაგენემ ათენელებს კუნძული სალამინი წაართვა, კუნძულისათვის ბრძოლაში ბევრი დაიღუპა და ამ ომით შეწუხებულმა ათენელებმა გამოსცეს კანონი, რომლითაც იკრძალებოდა სალამინის გამო არა მარტო ომი, არამედ ლაპარაკიც კი. ვინც ამ კანონის წინააღმდეგ წავიდოდა, სიკვდილით დაისჯებოდა. როცა მეგარელებმა ამის შესახებ გაიგეს, ლაშქარი დაშალეს და მშვიდად განაგრძეს ცხოვრება. სოლონი ამ მდგომარეობით ძალიან იყო შეწუხებული. მან შეადგინა საბრძოლო ელეგია „სალამინი“, მოიგიჟიანა თავი (რადგანაც გიჟებს ეს კანონი არ ეხებოდა), გაიწეწა თმა, თავზე ნაცარი დაიყარა, ხტუნვა-ხტუნვით ათენის მოედანზე გმირის სადგომ ქვაზე შედგა და ელეგია „სალამინით“ მოუწოდებდა ათენელებს კუნძულ სალამინის დაბრუნება. ამ პატრიოტულმა ლექსმა ათენელი ახალგაზრდები ბრძოლისათვის აღანთო, მათი მოთხოვნით სალამინის ომის საწინააღმდეგო კანონი გაუქმდა, თვით სოლონი ჩაუდგა შეიარაღებულ რაზმებს სათავეში და კუნძული სალამინი მეგარელებს წაართვეს.

სოლონამდე არსებულ მდგომარეობას პლუტარქე ასე აგვიწერს: „ათენში უბრალო ხალხი მდიდრების ვალში იყო ჩავარდნილი. ერთნი მიწას უმუშავებდნენ მდიდრებს და მათ მოსავლის მეექვსედს აძლევდნენ; ასეთი მოვალენი ჰექტემორებად და თეტებად იწოდებოდნენ, მეორენი კი საკუთარი თავის დაწინდრებით იღებდნენ სესხს: გამსესხებელ მევახშეებს შეეძლოთ მონებად დაეტოვებინათ ისინი, ან უცხო ქვეყანაში გაეყიდათ“. ათენის საზოგადოების ფართო მასებმა სოლონის სახით ისეთი ადამიანი შეიცნეს, რომელიც მათ საზოგადოებაში შექმნილ წინააღმდეგობას, ჩაგვრას, მტრობას მოსპობდა. ძვ.წ. 594 წ. სოლონი პირველ არქონტად აირჩიეს და მიანიჭეს კანონმდებლის განსაკუთრებული, განუსაზღვრელი უფლებები.

სოლონის რეფორმები

სოლონმა ათენის სახალხო კრება „ეკლესიაზე“ დაყრდნობით გაატარა ეკონომიკური, პოლიტიკური და სამხედრო შინაარსის რეფორმები:

1. „სეისახთეია“ მიწის ტვირთისაგან განთავისუფლებას ნიშნავდა. ვალებში ჩავარდნილი ათენელი გლეხების მიწებზე აღმართული იყო ქვის სავალო ნიშნები, რომლებზედაც აღნიშნული იყო ვალის აღების და დაბრუნების ვადა. სოლონმა მიწებიდან სავალო ნიშნების მოხსნით გამოაცხადა არსებული ვალების გაუქმება. სოლონმა ვალების გაუქმების პროექტი თავის უახლოეს მეგობრებს კონონს, კლინიას და ჰიპონიკეს გაანდო, რომლებმაც თავის სასარგებლოდ გამოიყენეს ეს ცოდნა: მდიდრებისაგან უამრავი ფული ისესხეს, დიდძალი მიწები შეისყიდეს და როდესაც ვალების გაუქმება გამოცხადდა, მათ ეს ქონება შერჩათ. თვით სოლონს ხუთი ტალანტი ჰქონდა გასესხებული და ვალების გაუქმების კანონით, მან პირველმა აიღო ხელი გასესხებულის უკან მიღებაზე.

2. სოლონმა სამუდამოდ აკრძალა ვალების გამო ბერძენის მიერ ბერძენის დამონება, დავალიანების გამო მონობა, საკუთარი თავის და ოჯახის წევრების დაწინდრება. ვალებში გაყიდული ყველა ათენელი მოაძებნინა, გამოისყიდა და სამშობლოს დაუბრუნა. ვალში ჩაცვენილი ხალხის განთავისუფლებამ და რაც მთავარია, მონობაში ჩავარდნის საშიშროების სამუდამოდ აცილებამ, საბერძნეთი მონათმფლობელური განვითარების სრულიად სხვა გზით წაიყვანა. სოლონის მსგავსი რეფორმები გატარებული იქნა საბერძნეთის სხვა პოლისებშიც. ამის შემდეგ მონათმფლობელური სისტემის სწრაფი განვითარება წარმოებდა არა თავისუფალი წევრების ხარჯზე, როგორც ეს იყო ძველი აღმოსავლეთის ქვეყნებში, რის გამოც იქ სოციალური საფუძველი ვიწროვდებოდა, მცირდებოდა, არამედ უცხოელი მონების ხარჯზე.

3. სოლონმა შემოიღო კანონი ანდერძის თავისუფლების შესახებ. გვაროვნული ურთიერთობის დროიდან ანდერძის თავისუფლების შემორჩენილი წესით უშვილო ხალხის ქონება გვარს რჩებოდა, სოლონმა კი ყველას უფლება მისცა თავისი მიწა და ქონება ვისთვისაც სურდა, იმისათვის დაეტოვებინა. ამ ღონისძიებით სოლონმა გვაროვნული წყობილების მთავარ კანონს ლახვარი ჩასცა და მიწაზე კერძო საკუთრება აღიარა.

4. სოლონის მესამე ღონისძიებით საფუძველი ჩაეყარა ათენის კონსტიტუციას. გვაროვნული არისტოკრატიის, ევპატრიდების პოლიტიკური პრივილეგია გააუქმა, ატიკის მთელი მოსახლეობა ოთხ ქონებრივ ჯგუფად დაყო და დაყოფას საფუძვლად ქონებრივი ცენზი დაუდო – ყოველწლიურად მიწიდან შემოსავლის (მარცვლეულით, ღვინის და ზეთის სახით) გათვალისწინებით.

პირველ ჯგუფს პენტაკოსიომედიმნიანები ანუ ხუთას სარწყაოიანები წარმოადგენდნენ ე. ი. ყველა ისინი, ვისაც მიწიდან წლიური შემოსავალი ჰქონდა 500 მედმინი და ამაზე მეტი. მედმინი კი თიხის საწყაო იყო, რომელშიც ჩადიოდა 41-52 ლიტრამდე მარცვლეული, თხიერი ნივთიერება, ღვინო ან ზეთი.

მეორე ჯგუფში ტრიოკოსიომედიმნიანები ანუ სამას სარწყაოიანები შედიოდნენ, ვისაც მიწიდან წლიური შემოსავალი ჰქონდა არანაკლებ 300 მედმინისა.

მესამე ჯგუფს – ზევგიტებს (ზევგოსი უღელ ხარსა ნიშნავდა) უნდა ჰქონოდათ არანაკლებ 200 მედმინი წლიური შემოსავალი და ჰყოლოდათ უღელი ხარი.

მეოთხე ჯგუფს – თეტები (მოჯამაგირეები), ვისაც 200 მედმინზე ნაკლები შემოსავალი ჰქონდა, ან მოჯამაგირეობის გარდა, არავითარი შემოსავალი არ ჰქონდათ.

სოლონმა ყველა მოქალაქეს დაუდგინა სამხედრო სავალდებულო სამსახური. პირველ და მეორე ჯგუფის წარმომადგენლებს უნდა ჰყოლოდათ ცხენები და ისინი (ცხენოსან რაზმებს ქმნიდნენ. გარდა ამისა, მათ ევალებოდათ მატერიალური დახმარება გაეწიათ სახელმწიფოსათვის, რაც გამოიხატებოდა გემების აგება, მოვლა-შენახვასა და მოქალაქეების პურით მომარაგებაში. ასეთ ნებაყოფლობით მატერიალურ დახმარებას „ლიტურგია“ ეწოდებოდა. მესამე ჯგუფის წარმომადგენლები საკუთარ ხარჯზე უნდა შეიარაღებულიყვნენ და მძიმე შეიარაღებულ ცხენოსანთა „ჰოპლიტები“ ლაშქარს ქმნიდნენ. მეოთხე ჯგუფის წარმომადგენლები თეტები მსუბუქად შეიარაღებულ რაზმებში ან მეზღვაურებად, მენიჩბეებად მსახურობდნენ სახელმწიფო გემებზე. ვინაიდან მათი უმეტესობა მოჯამაგირეობით არსებობდა, ამიტომ სახელმწიფო ხელფასს „დიეტას“ აძლევდა.

სოლონმა არქონტები გააერთიანა და ყველა საკითხის გადაწყვეტა კოლექტიურად დააწესა. არეოპაგს ჩამოართვა ათენის სახალხო კრებისთვის, „ეკლესიისათვის“ დღის წესრიგის შედგენის უფლება. ოთხი საგვარეულო ფილე ხელუხლებლად დატოვა, თითოეული საგვარეულო ფილე ირჩევდა 100 კაცს, ოთხასთა საბჭოში „ბულეში“, რომელიც გადაიქცა ათენში უმაღლეს ორგანოდ, თანამდებობის პირების მეთვალყურედ, ოთხასთა საბჭო სახალხო კრების დღის წესრიგს ადგენდა, ათენის სახელმწიფოს განაგებდა თავისი მორიგეების პრიტანების მეოხებით. საგვარეულო ფილები ირჩევდნენ აგრეთვე „ჰელეას“ ანუ სახალხო მსაჯულთა სასამართლო წევრებს. ამ თანამდებობაზე ოთხივე ჯგუფის წარმომადგენლების არჩევა შეიძლებოდა.

სოლონმა არქონტებად არჩევის უფლება მისცა მხოლოდ პირველი ჯგუფის წარმომადგენლებს. სამი პირველი ჯგუფის წარმომადგენლებს სახელმწიფო მოხელეთა თანამდებობის დაკავება შეეძლოთ, ხოლო მეოთხე ჯგუფის თეტებს მხოლოდ სახალხო კრებასა და „ჰელეაში“ მონაწილეობის უფლება ჰქონდათ. სოლონმა ატიკიდან მარცვლეულის და ლეღვის გატანა-გაყიდვა აკრძალა, სამაგიეროდ ზეთისხილის გაყიდვა დაუშვა. სოლონმა დააკანონა: ბაღების, ვენახების და ბოსტნების გაშენება. მისი თაოსნობით ეგინური ტალანტი, რომელიც მოუხერხებელი იყო, ევბეური (ტალანტით შეიცვალა. ევბეური ტალანტი შავიზღვისპირეთის ახალშენებში უფრო იყო გავრცელებული, ეგინური კი – ეგეოსის ზღვის მხოლოდ სამხრეთ ნაწილში.

შვილებს, რომელთა მშობლებმაც თავის დროზე არ იზრუნეს მათთვის რაიმე ცოდნა ან ხელობა ესწავლებინათ, სოლონმა ნება მისცა მშობლები სიბერეში არ შეენახათ. მან უსაქმობის წინააღმდეგ დააწესა ჯარიმა, აგრეთვე აკრძალა საჯაროდ ლანძღვა, უწმაწური სიტყვებით მიცვალებულების და ცოცხლებისადმი მიმართვა ტაძრებში, სასამართლოში, შეჯიბრებაზე და საზოგადოებრივ ადგილებში. ამიტომაც დაწესდა ჯარიმა დაზარალებულთა სახელმწიფოს სასარგებლოდ. სხვადასხვა ქვეყნებიდან მოიწვია ხელოსნები, რათა მათ ათენელებისათვის ესწავლებინათ ხელობა. შემდეგ მთელი თავისი კანონები ხის დაფაზე დაწერა, ოთხწახნაგოვან ჩარჩოებში ჩასვა და პრიტანეონში შეინახა. როდესაც მან თავისი მოღვაწეობა მოათავა, ათი წლით გაემგზავრა, ჯერ ეგვიპტეში და შემდეგ – მცირე აზიაში.

თავისი რეფორმებით სოლონმა ძალაუფლება შეურყია ძველ გვაროვნულ წყობილების ორგანოებს: არქონტატს და არეოპაგს. განსაკუთრებული მნიშვნელობა მიანიჭა მიწიდან შემოსავალს, ქონებრივ ცენზს. ათენელ წარჩინებულთა უფლებების შეზღუდვით გზა გაუხსნა ახალი მონათმფლობელური ურთიერთობის განვითარებას. მან შექმნა ახალი საზოგადოებრივი ორგანოები: ოთხასთა საბჭო „ბულე“, სახალხო მსაჯულთა სასამართლო „ჰელეია“ და სახალხო კრება „ეკლესია“, რომელზეც ათენელი თანამდებობის პირები ვალდებული იყვნენ წარმდგარიყვნენ თავიანთი მოღვაწეობის ანგარიშით.


იხილე აგრეთვე

სოლონის კანონები

წყარო

ძველი საბერძნეთის ისტორია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები