თალეს მილეთელი
თალეს მილეთელი – (ძვ. ბერძ. Θαλῆς ὁ Μιλήσιος, 637/624 — 558/547 ძვ.წ) ბერძენი ფილოსოფოსი, ფიზიკოსი, მათემატიკოსი და ასტრონომია. იგი პირველი ადამიანია კაცობრიობის ისტორიაში, რომელიც იკვლევდა ელექტრულ მოვლენებს.
თალესის ცხოვრების შესახებ ზუსტი ცნობები არ არსებობს, ყველაზე უფრო სავარაუდოა, რომ იგი ვაჭარი ყოფილიყო, რადგან ხელს უწყობდა საბერძნეთს, მის კოლონიებსა და აღმოსავლეთს შორის გაცხოველებულ სავაჭრო ურთიერთობას. თალესი ბევრს მოგზაურობდა, როგორც ჩანს, ეგვიპტეშიც იყო, სადაც გაეცნო ეგვიპტელთა ცოდნას მეცნიერების ისეთ დარგებში, როგორიცაა მათემატიკა და ასტრონომია.
თალესი იყო პრაქტიკული და ფხიზელი გონების ადამიან. მან იწინასწარმეტყველა მზის დაბნელება (ალბათ 585 წ. ჩვ. წ-დე), რომელიც მოხდა მედებისა (თრაკიული ტომი) დალიდიელების ბრძოლის დროს.
თალესმა პირველმა დაიწყო გეომეტრიული თეორემებისა და წინადადებების დამტკიცება, რომელიც თალესამდე არ არსებობდა: ამით მან პრაქტიკული წესების კრებულიდან გეომეტრია გადააქცია ნამდვილ მეცნიერებად.
თალესმა დაამტკიცა, რომ ვერტიკალური კუთხეები ტოლია; დიამეტრი წრეს ორ ტოლ ნაწილად ყოფს; ტოლფერდა სამკუთხედი სიმეტრიულია წვეროსთან მდებარე კუთხის ბისექტრისის მიმართ და ფუძესთან მდებარე კუთხეები ტოლია; ორი სამკუთხედი ტოლია, თუ მათ აქვთ თითო ტოლი გვერდი და ამ გვერდთან მდებარე კუთხეებიც „ტოლია. მასვე ეკუთვნის „ცნობილი თალესის თეორემის დამტკიცება. თალესმა ძველი და წმინდა სწავლულობა გადააქცია კამათისა და მტკიცებების საგნად.
თალესი იყო ბერძნული ფილოსოფიის ფუძემდებელი. იგი თვლიდა, რომ საწყისი ელემენტი, რისგანაც წარმოიქმნა სამყარო არის წყალია. თალესს ეკუთვნის პირველი ცნობები იმის შესახებ, რომ ქარვა (ბერძნულად „ელექტრონი“) ხახუნის შემდეგ იძენს მსუბუქი სხეულების მიზიდვის თვისებას, აგრეთვე იმის შესახებ, რომ მაგნიტი იზიდავს რკინას. გავიდა მრავალი საუკუნე, ვიდრე ამ სფეროში მეცნიერები შეძლებდნენ გამოსულიყვნენ თალესის მიერ დატოვებული მემკვიდრეობის ფარგლებიდან.
მაგრამ თალესს ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევები გეომეტრიაში ჰქონდა. სხვათა შორის, ლეგენდა მას მიაწერს პირამიდის სიმაღლისა და მიუდგომელ საგნებამდე მანძილის გაზომვას.