გეომეტრიული სტილის ბერძნული კერამიკა
გეომეტრიული სტილის ბერძნული კერამიკა – ძვ.წ. IX-VIII სს-ებისათვის ბერძნულ კერამიკაში ყალიბდება ე.წ. გეომეტრიული სტილი. მისი სახელწოდება თვით ჭურჭლის შემამკობელი ორნამენტის მკაცრად გეომეტრიულმა ხასიათმა განსაზღვრა. ნახატი ჭურჭლის ზედაპირზე დაიტანება მუქი ყავისფერი საღებავით, რომელსაც პირობითად. „ლაქს“ ეძახიან. ორნამენტი განლაგებულია ერთმანეთისაგან მკაფიოდ გამიჯნულ ჰორიზონტალურ პარალელურ რიგებად − ფრიზებად, რომლებშიც მრავალგზის მეორდება სხვადასხვა გეომეტრიული ფიგურა: სამკუთხედები, რომბები, ჭადრაკული წყობა, სვასტიკები, მეანდროსები, და თქვენ წარმოიდგინეთ, ადამიანთა და ცხოველთა ფიგურებიც კი. ოღონდ, მათი გამოსახულებანიც გეომეტრიულ სქემადქცეულ სილუეტურ მონახაზს წარმოადგენს და ძალზე მოგვაგონებს ორნამენტს; სწორედ ამიტომ ეს გამოსახულებანი შესანიშნავად ეწერება მთელი ჭურჭლის შემამკობელი გეომეტრიული ორნამენტის ქარგაში და არ არღვევს ნივთის საერთო სტილს. ამის ბრწყინვალე ნიმუშია ათენში, დიპილონის კარიბჭის მახლობლად მდებარე სასაფლაოზე აღმოჩენილი ამ სტილის სარიტუალო ჭურჭელი − ლარნაკები, რომლებზეც გეომეტრიული ორნამენტების გვერდით სიუჟეტური სცენებიც გვხვდება: დატირებისა და დაკრძალვის, სარიტუალო ცეკვების, საზღვაო და სახმელეთო ბრძოლებისა და სხვ.
გეომეტრიული სტილის ნათელი მაგალითია ძვ.წ. VIII ს-ის შუა ხანებით დათარიღებული, საკმაოდ დიდი ზომის (სიმაღლე 1,75) დიპილონის ამფორა, რომელზეც ჰორიზონტალურად განლაგებული სხვადასხვა ზომის სარტყლები რიტმულად მონაცვლეობს; ამფორის „სხეულის“ ყველაზე განიერ ნაწილზე კი აქცენტირებულია ფრიზისებურად განლაგებული სიუჟეტური სცენა - მიცვალებულის დატირება. ადამიანთა ფიგურები მარტივადაა გადმოცემული. მათი მუქი ყავისფერი სილუეტები იმდენად პირობითი და გეომეტრიზებულია, რომ თავდაპირველად მნახველი მათაც ორნამენტად აღიქვამს. ფიგურები სრულიად ბრტყელია, თავი არაბუნებრივად პატარაა და წრეხაზითაა მონიშნული; მასზე უცნაური წანაზარდის სახით ცხვირი გამოიყოფა მხოლოდ. ფიგურების სხეულის ზედა ნაწილს სამკუთხედის ფორმა აქვს, ხელები კი წვრილი, გადატეხილი ჯოხების ასოციაციას იწვევს. ყველა ფიგურა ერთნაირ პოზაშია გამოსახული: მათ გლოვის ნიშნად თავში წაუშენიათ ხელები. ერთი და იგივე მოძრაობა მრავალგზის მეორდება და ამის გამო მთელი სცენა ორნამენტისათვის დამახასიათებელ რიტმულობას იძენს. ამდენად, სიუჟეტური სცენა ამფორის საერთო გეომეტრიული შემკულობის ორგანულ ნაწილს წარმოადგენს. თვით გეომეტრიულ სარტყელთა სიგანე ჭურჭლის ფორმის შესაბამისად იცვლება. მაგ., ამფორის „მუცლის“ გამობერილ არეზე ყველაზე ფართო ზოლებია დატანილი, ყელისა და ძირისაკენ კი ისინი ვიწროვდება., მაგრამ ეს არ ხდება ნებისმიერად, თავისუფლად; როგორც დადგინდა, აქ ყველაფერი მათემატიკური სიზუსტითაა გამოთვლილი: ფართო ზოლები არითმეტიკული პროგრესიის გზით წარმოიქმნებოდა. მათი სიგანე ვიწრო ზოლის 2, 3 და 4 სიგანეს შეადგენს. ეს ნათლად გვიჩვენებს, თუ როგორ აზროვნებს დიპილონის ამფორის ოსტატი. იგი იაზრებს ჭურჭლის ფორმას, უფრო ზუსტად, მის შემადგენელ ნაწილებს და ცდილობს ნახატი ორგანულად „მოარგოს“ მათ. დიპილონის ამფორის ოსტატი ჭურჭლის მთლიან პლასტიკურ ფორმას ცალკეული ნაწილებისაგან შემდგარ მთლიანობად განიხილავს; დიპილონის ამფორის შემთხვევაში ნათლად ჩანს რაციოს უპირატესობა, ანუ აქ მთელისა და მისი შემადგენელი ნაწილების გააზრებულ, გაანგარიშებულ შერწყმასთან გვაქვს საქმე, რაც შემდგომ ბერძნული ხელოვნების წამყვან პრინციპად იქცევა.