მილტიადესი (უმცროსი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მილტიადესი

მილტიადესი – (ძვ.ბერძ. Μιλτιάδης; დაახლ. ძვ.წ. 550-489 წ.), ფილიადორების არისტოკრატიული გვარის წარმომადგენელი. მარათონის ბრძოლის აქტიური მონაწილე, ათენის ჯარის წინამძღოლი.

ძვ. წ. 523-513 წლებში ცხოვრობდა თრაკიის ქერსონესში, თავისი ძმის სტესაგორას სიკვდილის შემდეგ მისი ადგილი დაიკავა და ტირანი გახდა. ძვ. წ. 500-494 წ. მცირე აზიის ბერძნულ ქალაქებში ჩაახშო აჯანყება და ათენში დაბრუნდა.

კეთილშობილი ათენური ოჯახი, რომელმაც დიდი როლი ითამაშა ათენის პოლიტიკურ ისტორიაში − ალკმეონიდები მილტიადესს დაუპირისპირდნენ. მის წინააღმდეგ საქმე სასამართლოში ქსანთიპოსმა, მეგაკლესის დის - აგარისტეს ქმარმა აღძრა. მილტიადესს ქერსონესში ტირანულ მმართველობაში ადანაშაულებდნენ. ალკმეონიდთა გათვლის მიუხედავად, სასამართლომ მილტიადესი გაამართლა.

ძვ. წ. 490 წ-ს მილტიადესმა სტრატეგოსის პოსტი დაიკავა და მარათონის ბრძოლაში სპარსელები დაამარცხა. წესის მიხედვით, ათენელი სტრატეგოსები – ყოველ დღე მორიგეობით სარდლობდნენ ჯარს. ძვ.წ. 490 წ. 17 სექტემბერს, როდესაც მილტიადესი სტრატეგოსობის დღე დადგა, ლაშქარი საბრძოლველად მოამზადა და არქონტ-პოლიმარქოსის, კალიმაქეს თანხმობით ბრძოლა დაიწყო. მილტიადესი კარგად იცნობდა სპარსელების ბრძოლის წესებს, იგი სპარსეთის ჯარში მსახურობდა და ამიტომ, ათენელების ორივე ფრთა გაამაგრა, სამაგიეროდ ცენტრი შეასუსტა. სპარსელების ლაშქარი შედგებოდა ცხენოსანი რაზმებისაგან და ქვეითი მშვილდოსნებისაგან.

სპარსელებსა და ათენელებს შორის ერთი კილომეტრი იყო მანძილი, რომელიც ათენელებს მილტიადესის ბრძანებით სირბილით უნდა გაევლოთ. ყველაზე საშიში ბოლო ასი მეტრის გავლა იყო, რადგან სპარსელ მშვილდოსნებს შეეძლოთ მათი დაჭრა, მაგრამ ათენელი მძიმედ შეიარაღებული ჰოპლიტები, რკინის აბჯარში ჩაცმულნი და ფარებით დაცულნი, მტკიცე მწყობრით ფერდობზე მანევრირებას აწარმოებდნენ. მათ სპარსელების მარჯვენა და მარცხენა ფრთა დაამსხვრიეს, სამაგიეროდ ბერძნების ცენტრი გაირღვა, მაგრამ, როდესაც ბერძნებმა ფლანგებზე მტერი უკუაგდეს, მერე ცენტრს მიუბრუნდნენ და მტერი დაამარცხეს. სპარსელები შედრკნენ, გემებისაკენ გაიქცნენ. ხელჩართული ცხარე ბრძოლა გაიმართა გემებთან. ბერძნებმა სპარსელების შვიდი გემი იგდეს ხელთ და 6400 სპარსელი გაანადგურეს. ათენელების მხოლოდ 192 ჰოპლიტი დაეღუპათ. მილტიადესმა მეომრების მცირე ნაწილი დატოვა ბრძოლის ველზე დახოცილთა და დაჭრილთა მისახედად, თვითონ კი ჯარი მოკლე გზით ათენისაკენ წაიყვანა. იმდენად დიდი იყო გამარჯვების სიხარული, რომ ერთი მეომარი ათენისკენ სირბილით გაიქცა. 2 კილომეტრი ირბინა 1 საათის განმავლობაში, მოედანზე შეკრებილ ათენელებს ახარა „გაიხარეთ ათენელებო, ჩვენ გაგიმარჯვეთო” და გულგახეთქილი, მკვდარი დაეცა. მის პატივსაცემად შემდეგ დაწესდა მარათონული რბოლა – სირბილი 4 კილომეტრსა და 995 მეტრზე.

ათენელების გამარჯვებას მარათონის ბრძოლაში უდიდესი მორალური და პოლიტიკური მნიშვნელობა ჰქონდა. მარათონის ბრძოლამ საშინელი მარცხი მიაყენა სპარსეთის სამეფოს სიძლიერეს და ბერძნების შეიარაღებისა და სამხედრო ტაქტიკის უპირატესობა გამოავლინა. ათენელების მძიმედ შეიარაღებული ჰოპლიტების მჭიდრო წყობით შეტევას ვერ გაუძლეს სპარსელმა ცხენოსნებმა და მშვილდოსანმა ქვეითებმა. მილტიადესმაც კარგად განჭვრიტა შიდა მტრის არსებობა და სწორად მოიქცა, როდესაც არსებული ძალებით შეებრძოლა სპარსელებს და არ დაუცადა სხვა მაშველი ძალების შეგროვებას. ბერძნები სამართლიან ომს აწარმოებდნენ სპარსელებთან თავისი ოჯახებისათვის, საკუთარი მიწა-წყლისა და სამშობლოს დამოუკიდებლობისათვის. სპარსელები კი აგრესორები და დამპყრობნი იყვნენ, მათი უძლეველობის სახელი შეირყა და როგორც ყოველთვის, როდესაც სპარსეთის სახელმწიფო რაიმე მარცხს განიცდიდა, მის მიერ დამორჩილებული სახელმწიფოები ჯანყდებოდნენ, ამბოხება დაიწყო ეგვიპტეში, ბაბილონში და სხვა ოლქებში. აჯანყებები დარიოსმა დიდი ძალების დაძაბვით ჩაახშო ორი წლის შემდეგ. ათენელებმა კი დიდი პატივისცემით დაკრძალეს თავიანთი მეომრები მარათონის ბრძოლის შემდეგ, დიდი მიწაყრილი „სოროსი“ გაუკეთეს და მარათონული რბოლა დაამკვიდრეს ოლიმპიურ ასპარეზობაზე, სადაც გამარჯვება მეტად სასახელო წარმატებად ითვლებოდა.

მილტიადესი მარათონის ბრძოლის შემდეგ მოითხოვდა სპარსელთა მომხრე ბერძნების დასჯას. ათენის სახალხო კრება დათანხმდა. მას 70 გემი მისცეს მეომრებიანად. იგი კუნძულ ფაროსს დაესხა თავს და მოსთხოვა 100 ტალანტი. ფაროსელებმა შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწიეს და მილტიადეს ლაშქრობა მარცხით დამთავრდა. ათენში სახალხო კრებაზე ალკმეონიდებმა მილტიადეს სიკვდილით დასჯა მოითხოვეს უშედეგო ლაშქრობის გამო, მაგრამ მხედველობაში იქნა მიღებული მისი გმირობა მარათონის ბრძოლაში და სიკვდილის განაჩენი შეუცვალეს 50 ტალანტი ჯარიმით. მილტიადე კუნძულ ფაროსთან ბრძოლის დროს მიღებულ ჭრილობებისაგან მალე გარდაიცვალა და მის შვილს კიმონს მოუხდა ამ ჯარიმის გადახდა.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები