სოფელ ზემო იკორთას იკორთის ტაძარი
სოფელ ზემო იკორთას იკორთის ტაძარი - XII ს. (1172) - ძეგლი მდებარეობს მდ.მეჯუდას ხეობაში. ვახუშტის მიხედვით: „ხოლო კუალად ორბოძლის მთის სამხრით არს, მთის კალთასა შინა, იკორთას, მონასტერი დიდი, გუმბათიანი, კეთილად ნაშენი, კარგს ადგილს, ზის არქიმანდრიტი. წარწერა, რომელიც მ.ბროსეს 1848 წელს უნახია დასავლეთ ფასადის მარჯვენა ნაწილშია. ამდენად ამ წარწერიდან მხოლოდ რამდენიმე ასოს გარჩევა ხერხდება. "ქ.სამებაო, ერთობაო, ადიდენ ორთავე შინა ცხოვრებათა ე გ დ ნ, სუ და ბეშქენ ბჭესა ვ პ და ჰერისთავსა ესტატეს მხლ... თ და ლოცვა ჰყავთ, ქკს ტუბ”. ტაძრის შესახებ უფრო გვიანდელ ცნობას ძეგლის კედლის წარწერა გვაწვდის. ეკლესიის დასავლეთი კარიბჭე ადრევე მოშლილია. პორტალის თავზე მდებარე დიდ ქვაზე ვრცელი წარწერა მოუთავსებიათ. შემდგომში აქ აგებულ კარიბჭეს წარწერა ნაწილობრივ დაუფარავს: შე.. როდამ დიდ... ცოლყოფილმან მან... თის თავმან იესე ვიგულის მო... ღვთაებისაგან ეს მთავარანგელოზის... ხელ ახლად ველვყავით, ვითაც დიმ. ოთხი სამხრო გავაკეთეთ, შიგნით სახლები... ერებოდა სამრეკლო საძირკვლით გავასრულეთ. თა აღვაშენეთ, სულისა ჩვენისა საოხრად ძეთა ჩვენთა სასულიარ... ეგრძელოდ, შეიწირეთ - წმინდანო მთავარანგელოზნო, მეორე ესე მსახურე... ოხ გვეყვენით, დღესა მას დიდსა განკითხვასა. ამასვე ქკსა ტ შანაოზ მეფის”. როგორც ბროსე აღნიშნავს, ახალი მშენებლობა მეფე შაჰ-ნავაზის დროს 1672 წელს დაწყებულა. წარწერის მიხედვით იესე ქსნის ერისთავს საკმაოდ დიდი სამუშაოები ჩაუტარებია. სამსტრიქონიანი ასომთავრული წარწერა "ძელო ცხოველო, შეიწყალენ სულითა ერისთავთ-ერისთავნი ვარდან, არსენი, ჭიაბერი, ბასილი და თვალის გუგა". ერთსტრიქონიანი ასომთავრული წარწერა აღმოსავლეთ ფასადზე სარკმლის ქვეშ: “ქრისტე შემიწყალე იგნატი სლთნ (სულთან?).” დასავლეთის ფასადზე მოთავსებულია მზის საათი ასომთავრული ანბანით, XII ს. ძეგლი ნაგებია კარგად თლილი მოყვითალო, მოცისფრო ქვის კვადრებით. წყობა სწორხაზოვანია ცენტრალურ-გუმბათოვანი ტაძრის გეგმა მოქცეულია მოგრძო სწორკუთხედში. აღმოსავლეთით საკურთხეველი ღრმაა. ეს გამოწვეულია ბემის სიდიდით. სატრიუმფო თაღი და ბემის კამარა შეისრულია. ნახევარწრიული აბსიდის კედლები თანაბრადაა დანაწევრებული სამი სარკმლითა და იმდენივე ნიშით. შუა სარკმელი მოზრდილია, გვერდითები კი შედარებით მომცრო. ცენტრალური ნიში მორთულია ლილვოვან პილასტრებზე გადასული თაღით. გუმბათი ეყრდნობა საკუროხევლის შვერილებსა და დასავლეთით ცალკე მდგომ სვეტებს. ოთხივე საყრდენს წახნაგოვანი ფორმა აქვს. გუმბათქვეშა თაღები ოდნავ შეისრულია. გუმბათის ყელი გამოყოფილია რელიეფური, ლილვებშემოყოლებული ლავგარდანით. გუმბათის ყელში განლაგებულია თორმეტი თაღოვანი სარკმელი. საკურთხევლის გვერდით სათავსები საკმაოდ გრძელია და აბისდებით მთავრდება ნათდება აღმოსავლეთის თითო სარკმლით. ორივე სათავსი ეკლესიის დარბაზს განიერი თაღით უკავშირდება. გასასვლელების შეისრული თაღები იმპოსტებს ეყრდნობა. სამკვეოლო ფართო კარით უკავშირდება საკურთხეველს, მის აბსიდში ტრაპეზის ქვაა. ჩრდილოეთ კედელში ორი ოთხკუთხა ნიშია, მარჯვნივ - ერთი ნიშები სადიაკვნეშიც არის ამ სათავსებს კამაროვანი გადახურვა აქვს - ჩრდილოეთისას ნახევარწრიული, სამხრეთისას - შეისრული. ტაძრის ძირითადი სივრცე ჯვრის ფორმის მოხაზულობაზე აღმართული კედლებით იქმნება. ჯვრის დასავლეთი მკლავი გვერდითი ნავებისაგან წყვილი თაღითაა გამოყოფილი. მეორე სართულზე პატრონიკეა მოწყობილი. ეკლესიის შიდა სივრცის განათება ხდება გუმბათის თორმეტი სარკმლისა და ჯვრის მკლავებში განლაგებული სარკმლებით. შესასვლელები დასავლეთიდან და სამხრეთიდან აქვს. დასავლეთით სწორკუთხა გეგმის კარიბჭეა, რომელიც გადახურულია ორ საბრჯენ თაღზე დაყრდნობილი კამარით; კარიბჭე დასავლეთით ერთი დიდი, ხოლო გვერდებზე სამ-სამი შეტეხილი ფორმის თაღებითაა გახსნილი. სვეტები, რომლებზეც თაღები ეყრდნობა, კაპიტელებით სრულდება. კარიბჭე თლილი ქვითაა ნაგები. ტაძრის როხივე ფასადის ძირითად მორთულობას თაღოვანი სისტემა წარმოადგენს. აღმოსავლეთ ფასადზე ორი მოზრდილი ნიშაა. თითო თაღით განაპირა არეებია შემოფარგლული, შემდეგ თაღები შემოუყვება ნიშებს და ბოლოს, მათ შუა დარჩენილი ფართობი კარნიზამდე ერთი თაღითაა მოხაზული. ამ მაღალ თაღს გვერდებზე კიდევ ჩამოუყვება პატარა თაღები. ცენტრალურ ღერძზე ზემოთ ჯვარია, შემდეგ ჩუქურთმიანი დიდი ვარდული, ქვემოთ სარკმელი განიერი ოლეთი, ბოლოს ორი რომბი. ჩამოთვლილ ჩუქურთმიან ელემენტებს ერთმანეთთან აკავშირებს ლილვოვანი მოჩარჩოება.
დასავლეთი ფასადი თაღებით სამ მონაკვეთადაა დაყოფილი. ზემოთ, ცენტრში, კეხის გასწვრივ, თაღიდან გამოსული ქვედა ლილვი საკმაოდ მოზრდილ ჩუქურთმიან მედალიონს შემოხაზავს. ფასადის ზედა ნაწილში ორი მაღალი, თაღებით შემოფარგლული სარკმელია. მათ განიერი ორნამენტირებული ოლე შემოუყვება. სამხრეთი ფასადიც ერთი მთლიანი თაღოვანი სისტემითაა შეკრული. ფრონტონის ქვემოთ თაღი ჰორიზონტალურად იშლება და დილვები წიბოებს ჩამოუყვება. ცენტრალურ ღერძზე ზემოთ ერთი სარკმელია, ხოლი ქვემოთ - ორი. სარკმლები მოჩარჩოებულია ორმაგი ლილვით. თითოეულ სარკმელს სხვადასხვა სახის ორნამენტით შემკული ოლე შემოუყვება. ჩრდილოეთი ფასადის თაღებში მოთავსებული ორ-ორი სარკმლის მორთულობიდან თითოა დარჩენილი. შედარებით კარგადაა მოღწეული წიბოების ყლორტოვანი ლილვები. ტაძარი მოლიანად ლორფინითაა გადახურული. ოთხივე მხარის კეხზე დგას ეკლესიის მოდელები. იკორთა - ბოლო საუკუნეებში ქსნის ერისთავთა საძვალეს წარმოადგენდა. აქ დასაფლავებული არიან ელიზბარ და შალვა ერისთავები, ბიძინა ჩოლოყაშვილი. მიმდინარეობს რესტავრაცია.
წყარო
შიდა ქართლი:პატარა და დიდი ლიახვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა