სოფელ ზონკარის ეკლესია კოშკით

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:28, 4 დეკემბერი 2025-ის ვერსია, შეტანილი Malania (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხედი სამხრეთ-დასავლეთიდან

სოფელ ზონკარის ეკლესია კოშკით - VIII-IX სს. გვიანი შუა საუკუნეები - სოფლიდან სამხრეთით 3-4 კმ-ზე, მთაში დგას ეკლესია და კოშკი. ძეგლი ნაგებია ყორექვით კირის ხსნარზე. კონსტრუქციული ნაწილებისათვის გამოყენებულია შირიმის ქვა. დარბაზული ეკლესია სწორკუთხა საკურთხევლით სრულდება, რომელიც დარბაზისაგან მხრებითაა გამოყოფილი. კონქი გადადიოდა აღმოსავლეთის კუთხეებში შემორჩენილ ტრომპებზე. ჩრდილოეთით, ქვედა დიდი ტრომპის ზემოთ შემორჩენილია ასევე ორი მცირე ტრომპი ერთ ჰორიზონტზე. სარკმელი მორთულია შირიმის ქვით. შიგნიდან. კამარა შემაგრებული იყო ერთი თაღით, იგი ერთსაფეხურიან პილასტრებს ეყრდნობოდა, რომელიც პროფილირებული იმპოსტით არის დაგვირგვინებული. დასავლეთ კედელზე მიდგმულ ნახევარ პილასტრებს, ასევე ნახევარი თაღი ეყრდნობა. ჩრდილოეთ კედელზე შემორჩენილია კედლის თაღები, რომელიც კრონშტეინებს ეყრდნობოდა; დღეისათვის კრონშტეინები ჩამოვარდნილია. აბსიდის სამხრეთით და ჩრდილოეთით – თითო ოთხკუთხა ნიშაა. ჩრდილოეთით შემორჩენილია სატრიუმფო თაღისა და საბრჯენი თაღის ქვები, სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში კი კედლის თაღის ფრაგმენტი. დასავლეთი სარკმლის ოდნავ შეისრული თაღი შიგნიდან გამოყვანილია შირიმის ქვით. სამხრეთი შესასვლელი არქიტრავულია; მის თავზე ლუნეტია. დასავლეთ კედელზე სარკმლის ქვეშ არის მცირე ზომის ოთხკუთხა ნიშა.კოშკის მხოლოდ სამი სართულია შემორჩენილი, მეოთხესი კი მცირე ფრაგმენტი. სართულებს შორის გადახურვა კოჭებზე ყოფილა, რომელიც დღეს აღარ არსებობს. ამაზე მხოლოდ ბუდეები მიგვანიშნებს. შესასვლელი დასავლეთიდანაა მესამე სართულის დონეზე. მეორე სართულზე ერთი სარკმელია, სამხრეთით. ეკლესიის კამარა და კონქი ჩამოქცეულია; კონსტრუქციული ნაწილები დაზიანებულია; კოშკი ამოვსებულია ჩამონაშალი ქვით.


წყარო

შიდა ქართლი:პატარა და დიდი ლიახვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები