თევზები
თევზები – წყლის ხერხემლიანი ცხოველი.
თევზის წარმოშობისა და განვითარების მთლიანი სურათის გადმოცემა მეტად რთულია, რადგან პალეონტოლოგიური ნამარხები ძალზე მწირ საბუთებს იძლევა. ზოგიერთი მკვლევარის აზრით თევზები წარმოშობილან მტკნარ წყალში საინდაც ისინი თანდათანობით ზღვაში გადასულან, რაც აკადემიკოს ლ.ბერგის მიხედვით ძირითადად დევონური სისტემის შუა პერიოდში უნდა მომხდარიყო.
თევზის კლასში გაერთიანებულია დაახლოებით 20 000 სახეობის წყლის ცხოველი, რომლებიც ერთმანეთისაგან იმდენად მკვეთრად განსხვავდებიან, რომ საჭიროა მათი კლასებად დაყოფა.
თევზების საცხოვრებელ გარემოს წარმოადგენს წყალი, რომლის გარეშე არსებობა ისიც მეტად მოკლე ვადით შეუძლია მხოლოდ ზოგიერთ სახეობას, ის ითვლება ცივსისხლიან წყლის ხერხემლიან ცხოველად. სუნთქავს ლაყუჩებით. მისთვის ტემპერატურას, რომლის მერყეობა წყალში უფრო ნაკლებია ვიდრე ხმელეთზე დიდი მნიშვნელობა აქვს. მათი სხეულის ტემპერატურა დამოკიდებულია გარეგან გარემოს ტემპერატურაზე. წყლის ტემპერატურის მომატება იწვევს თევზის გაძლიერებულ კვებას. ჩქარდება სასქესო პროდუქტების მომწიფება და ა. შ. ტემპერატურის დაკლება იწვევს აღნიშნულ მოვლენათა ტემპის შემცირებას, ხოლო ზოგი თევზის, მაგალითად: ორაგულის, კობრის ძილს.
თევზის სხეული თითისტარისებრად არის წაგრძელებული, გვერდებიდან გაბრტყელებული. მის ფორმაზე გავლენას ახდენს წყლის მოძრაობა და მისით გამოწვეული მექანიკური ფაქტორი, აგრეთვე წყლის სიჩქარე განსაზღვრავს ფარფლების განვითარებას და საფარველს.
თევზის სხეული შეიძლება გაიყოს სამ ნაწილად: 1 - თავი; 2-ტანი; 3 - კუდი. თავსა და ტანს შორის საზღვარს წარმოადგენს ლაყუჩის ნაპრალი, ხოლო ტანსა და კუდს შორის ანალური ხვრელი. თავის წინა ნაწილში პირი და წყვილი ნესტოა მოთავსებული. თევზის პირის ფორმა სხვადასხვანაირია: განივი, ირიბი, ნახევარმთვარისებრი და სხვა. ლაყუჩის სახურავს უკანა კიდეზე შემოვლებული აქვს კანოვანი აპკი, რომელიც ხელს უწყობს სარქველის მჭიდროდ დახურვას. კუდის ფარფლი ზოგ თევზს მთლიანი აქვს, ზოგს –ორლაპოტიანი.
თევზები განსაზღვრულ ადგილსამყოფელთან შეგუების მიხედვით იყოფა შემდეგ ძირითად ეკოლოგიურ ჯგუფებად: I -ზღვის თევზები - ბინადრობენ მუდამ ზღვაში; II. მტკნარი წყლის თევზები - ბინადრობენ მუდამ მტკნარ წყალში; III. გამსვლელი თევზები - გამრავლებისთვის ზღვიდან შედიან მდინარეში, ან მდინარიდან ჩადიან ზღვაში; IV. მომლაშო წყლის თევზები - ბინადრობენ ზღვის გამტკნარებულ უბნებში, იყოფიან მომლაშო წყლისა და ნახევრად გამსვლელ ფორმებად. ეს უკანასკნელნი გასამრავლებლად შედიან მდინარის ქვემო დინებაში.
თევზები გამოირჩევიან როგორც სითბოს მოყვარულ ისე სიცივის მოყვარულებად. ამ უკანასკნელთა კატეგორიას მიეკუთვნებიან ქაშაყისნაირთა რიგის ორაგულისებრთა ოჯახი, რომლის წარმომადგენელთა უმრავლესობა ბინადრობს ზღვაში, საიდანაც საქვირითოდ შედიან მდინარეებში და ხშირად მათ სათავეებამდე აღწევენ. ზოგი მათგანი ცხოვრობს მდინარეებში და მაღალი მთების ტბებში.