ტაფელა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
19:24, 7 თებერვალი 2026-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ტაფელა – Rhodeus sericeus

ტიპი: ქორდიანები
კლასი: სხივფარფლიანი თევზები
რიგი: კობრისნაირნი
ოჯახი: კობრისებრნი


თევზი კობრისებრთს ოჯახიდან. ულვაშები არა აქვს. სხეულის სიმაღლე მის სიგრძეში (კუდის ჩაუთვლელად) 2,5 –3,1-ჯერ, ხოლო თვალის დიამეტრი თავის სიგრძეში 2,5-3,5-ჯერ თავსდება. კუდის ფარფლის ღეროს სიგრძე სხეულის სიგრძის 23-2%-ს შეადგენს. ზურგის ფარფლის სიგრძე სხეულის სიგრძეში 4,4-5,3-ჯერ თავსდება. ანალური ფარფლი ზურგის ფარფლის მეექვსე დატოტვილი სხივის ქვეშ იწყება.

ტიპური ფორმისაგან განსხვავებით, უმთავრესად გვერდით ხაზზე, უფრო ნაკლები რაოდენობის ქერცლები აქვს.

სხეულის შეფერილობა სქესისა და ასაკის მიხედვით დიდ ცვალებადობას განიცდის. ტოფობამდე ორივე სქესის ინდივიდები ერთნაირი ფერისაა. გვერდები ვერცხლისფერია, სხეულის უკანა განყოფილებაში ვიწრო, მონწვანო-მოლურჯო გასწვრივი ზოლი მიყვება ტოფობის დროს მამალის გვერდები და მუცელი თვალსაჩინოდ ნათელ, ფერად შეფერილობას იძენს და ელვარებს მწვანედ, წითლად და იისფრად. ზურგისა და ანალური ფარფლები წითელია და შავი არშიითაა შემოვლებული, დინგის ბოლოზე ორივე მხრივ ხშირი, თეთრი, ეპითელარული ბორცვაკებით დაფარული სამკუთხედი ან ნახევრადმთვარისებური არეა. დედალი ქვირითობის დროსაც ჩვეულებრივ შეფერილობას ინარჩუნებს, მხოლოდ მას ამ დროს სასქესო ხვრელის მიდამოში კვერცხის სადები უვითარდება, რომლის სიგრძე ზოგჯერ სხეულის სიგრძეს ჭარბობს. სქესობრივად მომწიფებული ინდივიდების სიგრძე 43–75 მილიმეტრია. მაგრამ დასავლეთ ევროპაში 90-95 მილიმეტრის სიგრძისაც კი გხვდება.

გავრცელება

ტაფელა ევროპაში საფრანგეთიდან აღმოსავლეთით გხვდება. მოიპოვება შავი და კასპიის ზღვის აუზში, ბალტიის ზღვაში, შენაკად მდინარეებში მდ. ნევამდე, ამიერკავკასიაში, მცირე აზიაში, მტკვრის აუზის უფრო სამხრეთში გ. პ. ბარაჩის ცნობის მიხედვით საქართველოს ფარგლებში გავრცელებულია მდ. ბზიფის შესართავის სამხრეთით პატარა მდინარეებში. რიონის აუზში, ნატანებში, პალიასტომის ტბაში, ჩოლოქში და ჩვენი გამოკვლევით ბებესირის ტბაში, რომელშიაც არის მეტად პატარა ზომის და ლამაზი შეფერილობის ტაფელები. ერთი წლის ასაკი ტაფელას სიგრძე აქ 24 მმ აღწევს, სამი წლისა − 55-56 მმ-ს. ამაზე მეტი ზომის ტაფელა არ იზრდება, წონით კი 2,6 გრამზე მეტი არ გვხვდება. ლაყუჩთა ჩხირების რაოდენობა პირეელ რკალზე 13-ია. ხახის კბილები 5-5. ტაფელა აქ 25 მარტიდან მაისის ბოლომდე ტოფობს. სქესობრივად სამი წლის ასაკში მწიფდება. ნაყოფიერება, საერთოდ, მცირე აქვს. ტაფელა საბინადროდ უფრო მდორე და დამდგარ წყლებს ირჩევს. დედალი ქვირითს ლოკოკინა Unio-ს ლაყუჩის ღრუში დებს. ტოფობის დრო მარტი-აგეისტოა. ტაფელა უმთავრესად მცენარული პლანქტონით იკვებება. დედალს გრძელი კვერცხსადები აქვს.

ტბის ტაფელა მეტად განსხვავებულია მდინარის ტაფელასაგან და შესაძლებელია ის ცალკე სახესაც კი წარმოადგენდეს, ან ყოველ შემთხვევაში ცალკე ქვესახედ იყოს გამოსაყოფი.


წყარო

საქართველოს თევზების სარკვევი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები