ბებუთოვი ვასილ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:24, 18 თებერვალი 2026-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ვასილ ბებუთოვი

ვასილ ბებუთოვი – (01.01.1791 − 10.03.1858), სომეხი თვადი, ინფანტერიის გენერალი (06.01.1857).

სარჩევი

ბიოგრაფია

დაიბადა ქ. ტფილისში. 1783 წელს ბებუთოვების გვარს ქართლ-კახეთის მეფის ერეკლე II სიგელის თანახმად ებოძა თავადის წოდება. მამამისი იოსები კი, 1805 წელს იქნა დაჯილდოებული რუსული სამსახურის პოლკოვნიკის სამხედრო წოდებით.

თავად პავლე ციციანოვის (ციციშვილის) (1754-1806) მითითებით, თავადი ბებუთოვი 1807-1809 წლებში სწავლობდა სანქტ-პეტერბურგის I კადეტთა კორპუსში, სადაც მისი პორტრეტი, როგორც ფრიადოსანი კადეტისა ეკიდა სამკითხველოში.

სამხედრო სამსახური

სამხედრო სამსახური დაიწყო 1809 წელს, ხერსონის გრენადერთა პოლკის პრაპორშჩიკად. პოლკი განლაგებული იყო საქართველოში. ერთხანს მსახურობდა გენერალ ტორმასოვის ადიუტანტად, მონაწილეობდა (1806-1812) წლების რუსეთ-თურქეთის ომში.

1812 წელს, როგორც მარკიზ პაულუჩის ადიუტანტი, იმყოფებოდა მაკდონალდის ჯარების დევნაში, რიგიდან მემელამდე და, მემელის დაკავებისას, 15 დეკემბერს.

1813 წელს გადაყვანილ იქნა ლაიბ-გვარდიის სემიონოვსკის პოლკში.

1816 წელს ბებუთოვი დაბრუნდა კავკასიაში და დაინიშნა მხარის ახალი უფროსის, გენერალა ერმოლოვის ადიუტანტად. ამ დროიდან მისი სამსახური გახდა მრავალფეროვანი, ხან სუფთა სამხედრო, ხან ადმინისტრაციული.

1817 წელს თან ახლდა გენერალ ა. ერმოლოვს თეირანში, განსაკუთრებული ელჩობისას, სადაც ეცნობოდა ევროპეიზირებული სპარსეთის ჯარის მოწყობას.

დიპლომატიური მისიის მსვლელობისას ასრულებდა სამხედრო ატაშეს მოვალეობას. იმყოფებოდა ქ. თავრიზსა და თეირანში. გაეცნო თავდაცვითი გამაგრებების სისტემას. ბრწყინვალედ ფლობდა: სომხურ, ქართულ, თურქულ, სპარსულ, რუსულ და ფრანგულ ენებს.

სპარსეთიდან დაბრუნების შემდეგ იმყოფებოდა დაღესტნის ორ ექსპედიციაში. კერძოდ 1819 წელს მონაწილეობდა კაჩელიკელებისა და აკუშელების (დაღესტნის აულები) დარბევაში, ხოლო 1820 წელს კი ყაზი-ყუმუხის სახანოს დამორჩილებაში. თავად მადათოვის რაზმის შემადგენლობაში მონაწილეობდა აულ ხოზრეხის შტურმში.

1821 წლის 4 იანვარს ბებუთოვი ჩარიცხულ იქნა ლაიბ-გვარდიის მოსკოვის პოლკის სიებში.

1821 წლის 14 იანვარს, 30 წლის ასაკში მიენიჭა პოლკოვნიკის სამხედრო წოდება.

იმავე წელს გადაყვანილ იქნა კარაბინერთა მე-7 პოლკში, ხოლო იმავე წლის 23 ივლისს დაინიშნა მინგრელსკის ეგერთა პოლკში, რომლის მეთაურად დარჩა 1825 წლამდე.

შემდეგ ჩაუდგა სათავეში 22-ე ქვეითი დივიზიის მე-2 ბრიგადას და, იმავდროულად, დაინიშნა იმერეთის მმართველად და იმერეთში განლაგებულ ჯარების სარდლად.

თურქეთთან კამპანიის დაწყების წინ, 1828 წლის 25 მარტს, 37 წლის ასაკში მიენიჭა გენერალ-მაიორის სამხედრო წოდება და დაინიშნა 22-ე ქვეითი დივიზიის უფროსის განკარგულებაში.

24 ივლისს თავადმა ბებუთოვმა მიიყვანა ახალქალაქის ბანაკთან ჯარების გარკვეული რაოდენობა და დაიძრა ახალციხისკენ, ხოლო 9 ივლისს მისმა ნაწილებმა ძალზედ შეუწყვეს ხელი ოსმალთა 30-ათასიანი კორპუსის განადგურებას და 15 აგვისტოს იქცა კიდეც ახალციხის შტურმის აღების ერთ-ერთ მთავარ მონაწილედ

1829 წელს ახალციხეს თავს დაესხნენ თურქები, რომლებმაც აჭარელ ახმედ-ბეგის (ხიმშიაშვილის.-ავტ.შენიშვნა) ხელშეწყობით მოახდინეს თავგანწირული შტურმი ციხესიმაგრეზე და მხოლოდ თავად ბებუთოვის ენერგიისა და მისი ჯარების მამაცობის მადლით, შტურმი იყო უკუქცეული. გარნიზონმა მტკიცედ გაუძლო გარემოცვას მანამდე, სანამ დასახმარებლად არ მოვიდა გენერალ ნ. მურავიოვის რაზმი.

გარემოცვა იქნა მოხსნილი და, დაედევნა რა უკუქცეულ მოწინააღმდეგეს, ბებუთოვმა შესძლო წაერთმია მისთვის 2 ზარბაზანი და 2 დროშა, შემდეგ დაე დევნა რა აჭარელ ახმედ-ბეგს, გენერალ ბურცევის რაზმმა 30 აპრილს მოახდინა მისი სრული განადგურება სოფელ წურწყაბთან.

1830 წლის 13 თებერვალს ბებუთოვი დაინიშნა ახლად შემოერთებული სომხეთის ოლქის უფროსად, რომელსაც მართავდა რვა წლის მანძილზე, მოაწყო ადმინისტრაცია, სწორად მოაწყო სახაზინო შემოსავლების გადანაწილება და საერთოდ შესძლო ოლქის მართვისათვის შემოეღო დროებითი წესები. ბებუთოვის მიერ დამთავრდა სპარსეთთან რუსეთის იმპერიის სამფლობელოების საბოლოო საზღვრების დადგენა.

1830 წლის 17 აგვისტოს ბებუთოვი დაინიშნა ახალციხის საფაშალიყოს უფროსად. ბებუთოვის ეს დანიშვნა იყო განპირობებული იმით, რომ ის კარგად იცნობდა ადგილობრივ წეს-ჩვეულებებს და ადგილობრივ ყოფას. მან შესძლო ახლად შემოერთებულ მხარეში სიმშვიდის დამკვიდრება.

საბრძოლო დამსახურებისათვის დაჯილდოვდა ოქროს ხმლით (მამაცობისათვის) და წმ. გიორგის IV ხარ. ორდენით (1830 წლის 18 დეკემბერს).

1838 წელს თავადი ბებუთოვი დაინიშნა ამიერკავკასიის მხარის მთავარი სამმართველოს საბჭოს წევრად, ხოლო 1840 წლის 2 მაისს გადაყვანილ იქნა პოლონეთის სამეფოში, სადაც იმყოფებოდა მოქმედი არმიის მთავარ შტაბთან

1842 წელს დაინიშნა ციხესიმაგრე ზამოსტიეს კომენდანტად.

1843 წლის 10 ოქტომბერს მიენიჭა გენერალ-ლეიტენანტის სამხედრო წოდება. იმავე წლის 5 დეკემბერს იყო მიწერილი კავკასიის ცალკეულ კორპუსთან და 1844 წლის 13 თებერვალს დაინიშნა ჯარების სარდლად ჩრდილოეთ და მთიან დაღესტანში.

ლაშქობა შამილის წინააღმდეგ

1845 წელს ბებუთოვმა მიიღო მონაწილეობა შამილის მიურიდების წინააღმდეგ ლაშქრობაში, გაწმინდა მათგან ანდისა და გუმბეთის აულები, მოაწყო იქ მაღაზია და ამარაგებდა ექსპედიციის ჯარებს სურსათ-სანოვაგით, ჯარების უკან მოძრაობისას, როცა მთიელები, გახარებულები თავიანთი წარმატებით, დაედევნენ მისი არიერგარდის ურმებს, მან არ დაკარგა არც ერთი ურემი.

1846 წლის შემოდგომაზე, შამილმა დრო იხელთა და შემოიჭრა დარგოს ოლქში, მაგრამ თავადმა ბებუთოვმა არ მისცა მას დრო არც აჯანყების განვითარებისა და არც დაკავებულ ადგილზე გამაგრებისა.

13 ოქტომბერს ბებუთოვმა შტურმით აიღო აიმიაკის აული, რომელიც მიემხრო შამილს და იმავე დღეს გაანადგურა თვით შამილი სოფელ კუტიშისთან. შამილის ჯარმა, რომელიც ბრძოლის დასაწყისში აღწევდა 20 ათასს, გაქცევით უშველა თავს, თვითონ შამილმა დაკარგა დაღუპულებით და დაჭრილებით 1200 კაცი, რუსებს ტყვედ 300 კაცი ჩაუვარდა, 1 სამთო იარაღი, საზარბაზნე ყუთები და სეკირა თავისი ძალაუფლების სიმბოლო. ბრძოლის ველზე ბებუთოვს ეახლდნენ დეპუტატები დარგოს ოლქის სოფლებიდან და მორჩილების გამოსახატავად და იმავე ღამეს ოლქში არც ერთი მიურიდი აღარ იყო დარჩენილი. ასეთივე ენერგიით იყვნენ განადგურებულნი მოწინააღმდეგის ძალები ცუდახართან და ხუჯალ-მახთან.

თავისი თავდადებისთვის ბებუთოვი 1846 წლის 5 ნოემბერს დაჯილდოვდა წმ. გიორგის III ხარ. ორდენით.

1847 წელს ბებუთოვი მონაწილეობდა დაღესტნის რაზმით, გამაგრებულ სოფელ გერგებილის გარემოცვასა და შტურმში.

იმავე წლის 8 ნოემბერს დაინიშნა ამიერკავკასიის მხარის სამოქალაქო სამმართველოს უფროსად და საბჭოს მთავარი სამმართველოს თავმჯდომარედ.

1852 წლის 22 აგვისტოს მას ებოძა არენდით 2000 მანეთი 12 წლით.

ყირიმის ომი

1853-1856 ყირიმის (აღმოსავლეთის) ომის დროს, 1853 წლის 19 სექტემბერს, თავად ბებუთოვს დავალებული ჰქონდა განსაკუთრებული კორპუსის მეთაურობა, რომელიც განლაგებული იყო ოსმალეთის საზღვარზე ახალქალაქიდან ერევნის ჩათვლით.

თავადი ბებუთოვი, გადავიდა რა მდინარე არფაჩაიზე (ამჟამად აქ გადის სახელმწიფო საზღვარი სომხეთის რესპუბლიკასა და თურქეთის რესპუბლიკას შორის. ავტ. შენიშვნა), 7000 ქვეითით და 2800 კაციანი კავალერიით, 32 ზარბაზნით, 10 ნოემბერს გაანადგურა სოფელ ბაშ-ყადიყლართან რეის ახმედ-ფაშას 36-ათასიანი კორპუსი და აიღო ნადავლის სახით 24 ზარბაზანი, 10 საპალნე ყუთი, დროშა, 10 სამხედრო ნიშანი, მთელი ბანაკი და მარაგები

ანატოლიის არმიის განადგურებისათვის და ამ ბრწყინვალე გამარჯვებისათვის 1853 წლის 6 დეკემბერს თავადი ბებუთოვი დაჯილდოვდა წმ. გიორგის II ხარ. ორდენით (ორდენის ჯვარი და ბაფთა მას პირადად გამოუგზავნა ტახტის მემკვიდრემ ალექსანდრე ნიკოლოზის ძემ).

თავად ბებუთოვის სამხედრო კარიერის უმაღლეს მწვერვალად კი უნდა ჩაითვალოს 1854 წლის 24 ივლისის ბრძოლა სოფელ ქურუქ-დარასთან, სადაც მან 18-ათასიანი რაზმით გაანადგურა თურქების 60-ათასიანი ჯარი მუშირზარიფ მუსტაფა ფაშას სარდლობით. მოწინააღმდეგემ გაქცევით უშველა თავს და დატოვა ბრძოლის ველზე 15 ზარბაზანი, 16 საპალნე ყუთი, 2 დროშა, 4 შტანდარტი, 20 სამხედრო ნიშანი და 2000 ტყვე.

ამ ბრწყინვალე გამარჯვებაზე მღეროდნენ ჯარშიც და ხალხშიც, ხოლო იმპერატორმა ნიკოლოზ I, როცა მიიღო ცნობა ბრწყინვალე გამარჯვებაზე, კავკასიელ სამხედროების მონაყოლით, სთქვა:

– თავად ბებუთოვს სურს ჩემი გაოცება თავისი გამარჯვებით, მე კი გავაკვირვებ მას ჯილდოთი!

ბრძოლა სოფელ ქურუქ-დარასთან იქცა მომავალი რუსეთის სარაკეტო ჯარების ისტორიისათვის ღირსშესანიშნავ თარიღად. სპეციალური დანადგარებიდან გაშვებული რაკეტები, რომლებიც უკან ტოვებდნენ გრძელ შლეიფს, შიშის ზარს სცემდნენ თურქ ჯარისკაცებს. დანაკარგებს „კუდიანი“ რაკეტების აფეთქების შემდეგ ემატებოდა დანაკარგი მორალურიც. გამარჯვებას თან სდევდა რაკეტების უეცარი გამოყენება და არტილერისტების მაღალი ოსტატობა. ამ ბრძოლაში ბებუთოვმა გამოავლინა ნამდვილი მხედართმთავრული ხელოვნება, ჯარების მართვის და მოქმედებების მსვლელობათა ხედვა.

1854 წლის 9 აგვისტოს ქურუქ-დარასთან ბრძოლისათვის ბებუთოვი დაჯილდოვდა რუსეთის უმაღლესი ჯილდოთი - წმ. ანდრია პირველწოდებულის ორდენით (ეს იყო განსაკუთრებული ჯილდო გენერალ-ლეიტენანტის წოდებაში მყოფი პირისათვის. ავტ. შენიშვნა), მახვილები ორდენთან მას ებოძა 1855 წლის 5 აგვისტოს.

1854 წლის 29 ნოემბერს თავად ბებუთოვს დაეკისრა იმ ჯარების სამოქალაქო ნაწილის მმართველობა, რომლებიც არ შედიოდნენ მოქმედი კორპუსის შემადგენლობაში.

სიკვდილამდე ერთი თვით ადრე, 8 თებერვალს დაინიშნა რუსეთის იმპერიის სახელმწიფო საბჭოს წევრად. გარდა ამისა ის არჩეული იყო კავკასიის სოფლის მეურნეობის საზოგადოების ვიცე- პრეზიდენტად და რუსეთის საიმპერატორო გეოგრაფიული საზოგადოების კავკასიის განყოფილების თავმჯდომარედ

ცხოვრობდა ტფილისში, სადაც გარდაიცვალა კუჭის კიბოთი. მას მთელი კვირა ეთხოვებოდა ტფილისის მოსახლეობა. დაკრძალული იყო ხოჯევანქის სომხური სასაფლაოს ბებუთოვების საგვარეულო აკლდამაში. (გაანადგურეს საბჭოთა ხელისუფლების დროს 1934 წელს. ავტ. შენიშვნა).

ჯილდოები

საბრძოლო დამსახურებისათვის და სამსახურში წარჩინებისათვის და ჯილდოებული იყო რუსეთის ორდენებით:

წმ. ანას IV (მამაცობისათვის − 1813), II (ალმასებით) და I ხარ. (საიმპ. გვირგვინით − 1851).
წმ. ვლადიმერის IV (ბაფთით − 1820), III, II (1845) და I ხარ.
თეთრი არწივის ორდ. (ბრილ.ნიშნ.− 1847);
წმ. ალექსანდრე ნეველის ორდ. (1849), (ბრილ. ნიშნ. − 1851);
წარჩინების ნიშნით წმ. გიორგის ბაფთაზე უმწიკვლო სამსახურისათვის XXV (1834) და XXX (1839);

მიღებული ჰქონდა უცხოეთის ჯილდოები: სპარსეთის „ლომისა და მზის“ II (1817) და I ხარ. ორდ. (ალ მას.ნიშნ. − 1851) და შაჰ ნარს-ედ-დინის პორტრეტი (ალმასებით − 1851) მარჯვენა მკერდზე სატარებელ ბაფთაზე.

იხილე აგრეთვე

Бебутов Василий Осипович

წყარო

სომეხი გენერლები და ადმირალები საქართველოდან

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები