აბაშიძე მემედ იბრაჰიმის ძე
აბაშიძე, მემედ იბრაჰიმის ძე (1873, 1/II – 1937) – პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, მწერალი და მთარგმნელი, სამუსლიმანო და საქრისტიანო საქართველოს გაერთიანების დაუცხრომელი მუშაკთაგანი. დაიბადა ქ. ბათუმში (დედა – ქართველი, შინაური განათლებით, მამა – მემამულე, მედრესეში სწავლადამთავრებული). მ. აბაშიძე სწავლობდა ბათუმის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქალაქო ქართულ სკოლაში მოსე ნათაძის ხელმძღვანელობით, შემდეგ – ტრაპიზონში განაგრძო, მაგრამ აქ სწავლა არ დაუმთავრებია, უმთავრესად თავისი მწიგნობარი მამის ხელმძღვანელობით განვითარდა არაბულ-თურქულ ენებში, მოიპოვა წოდება ჰაფიზისა (ყურანის ზეპირად მცოდნისა). მ. აბაშიძე და მისი მუსლიმანი თანამოგვარენი იმ ქართველთაგანნი არიან, რომელთა წინაპრები მე-17 საუკუნის ოსმალეთის ბატონობამ დაიმორჩილა და მამა-პაპური სჯული გამოუცვალა. თუმცა სარწმუნოებით გამაჰმადიანდნენ, ენა მაინც მშობლიური – ქართული შეინარჩუნეს და სულიერ-სხეულებრივი აგებულებით ქართველ ხალხს უფრო ენათესავებიან, ვიდრე თურქებს.
მემედ აბაშიძე პოლიტიკური თვალსაზრისით სოციალ-ფედერალისტებს ემხრობოდა.
მამულისადმი სიყვარული ბავშვობიდანვე ჩაენერგა. სამშობლოს ისტორიის შესწავლამ დაანახვა, რომ ოსმალეთმა მე-15 საუკუნის გასულს საქართველოს ერთი უდიდესი ნაწილი – სამცხე-საათაბაგო, აწინდელი ბათუმის ოლქი (აჭარა-შავშეთი-არტაან-ქობულეთი, სამუსლიმანო საქართველოდ წოდებული) დედა-სამშობლოს – საქართველოს მოსწყვიტა, ძალით მუსლიმანობა მიაღებინა და ეროვნული კერა მოუშალა. მე-19 საუკუნეში ეს მხარე რუსეთ-ოსმალეთის ომის მოთავებისას (1878) თუმცა რუსეთს დარჩა და ერეკლე მეფესთან დადებული ხელშეკრულების ძალით საქართველოს უნდა შეერთებოდა, მაგრამ რუსეთის ვერაგი მოხელენი ამას მუდამ ეწინააღმდეგებოდნენ: ქართველ მუსლიმანებს თურქებს უწოდებდნენ – თქვენ ქრისტიან ქართველებთან საერთო არა გაქვთ-რაო. მ. აბაშიძემ სიყრმიდანვე მიზნად დაისახა სამუსლიმანო და საქრისტიანო საქართველოს გაერთიანება, რათა მშობლიურ მიმართულებას ამცდარ ისტორიას ეროვნულ-სახელმწიფოებრივი მსვლელობა მისცემოდა. ამ აზრის განსახორციელებლად ქადაგებდა სიტყვით, წერდა, გარს იკრებდა ქართველ მუსლიმანთა მოწინავე, საუკეთესო პირებს, რისთვისაც რუსეთის მთავრობისაგან სასტიკად იდევნებოდა (1908 წელს ბათუმიდან გადასახლებულ იქნა და სხვ.). 1917 წლის რევოლუციის შემდეგ, როცა ბათუმის ოლქს უცხო ერნი ებატონებოდნენ, მ. აბაშიძემ თავისი ამხანაგებით უფრო გააცხოველა მუშაობა, შეადგინა სამუსლიმანო საქართველოს განმათავისუფლებელი კომიტეტი (თავისივე თავმჯდომარეობით): ზია ბეი აბაშიძის (ამხ.), სულეიმან ეფენდი ვაბანიძის, რეჯებ ბეგ ნიჟარაძის (მთავარი წარმომადგენელი მეჯლისისა თბილისში), მემედ აღა გოგიბერის, სულეიმან ბეგ აბაშიძის, ჯემალ ეფენდი ქიქავას, ჯემალ ნოღაიდელის, ხასან თხილაშვილის, ურეფ ქათამაძის, შუქრი ეფენდი ვარშანიძის, კაპიტონ გოგოლაძის (მთავრობის წარმომადგენელი), ჰაიდარბეგ აბაშიძის, სულეიმან ბეგ შარვაშიძის, სულეიმან დიასამიძის და სხვათა შემადგენლობით.
1919 წლის 31 აგვისტოსა და 1 სექტემბერს შეკრიბა მეჯლისი (ერის წარმომადგენელთა საბჭო), რომელმაც „ღვთისა და ქვეყნის წინაშე“ აღიარა, რომ სამუსლიმანო საქართველო საქრისტიანო საქართველოს განუკვეთელი ნაწილია და დაადგინა დედა-სამშობლო – საქრისტიანო საქართველოსთან მისი შეერთება, რაც საგანგებო მოწოდებით მთელ ქვეყანას აცნობა. ამის შედეგი იყო, რომ ბევრი დავიდარაბის შემდეგ ბათუმის ოლქი საქართველოს დაუბრუნდა.
1920 წლის 7 ივლისს, როცა მ. აბაშიძის მეთაურობით მეჯლისი საქართველოს ჯარს ბათუმში შეუძღვა, ინგლისმა და საფრანგეთმა საკუთარი დროშები ჩამოხსნეს და საქართველოსი აღმართეს.
მემედ აბაშიძის თაოსნობით და იდეური ხელმძღვანელობით ბათუმში გამოდიოდა გაზეთი „სამუსლიმანო საქართველო“, რომელიც ქადაგებდა სამუსლიმანო-საქრისტიანო საქართველოს გაერთიანებას, ჟამთა ვითარების წყალობით განკვეთილი, ერთიმეორეზე დაშორებული ორი ძმის ერთობას. მ. აბაშიძის მესვეურობით მეჯლისი შეუდრეკლად იბრძოდა სრულიად საქართველოს მთლიანობისა და სამუსლიმანო საქართველოს ავტონომიისათვის. მ. აბაშიძემ შეიმუშავა ავტონომიის ძირითადი კანონები (კონსტიტუცია), რომელიც მეჯლისის საზოგადო ყრილობამ მოიწონა. საქართველოში ბოლშევიკების შემოსვლის (1921 წლის 25 თებერვალი – 17 მარტი) შემდეგ საქართველოს რევოლუციურმა კომიტეტმა ცნო ძველი მეჯლისი და მასთან დაამტკიცა სამუსლიმანო საქართველოს ავტონომია დედა-სახელმწიფო – საქრისტიანო საქართველოსთან მარადიული შესისხლხორცებით.
ავტონომიის ძირითადი დებულებანი
§ 1. სამუსლიმანო საქართველო შედის დემოკრატიული რესპუბლიკის შემადგენლობაში და მის განუკვეთელ ნაწილს წარმოადგენს ფართო ავტონომიური მართვა-გამგებლობით;
§ 2. კანონმდებლობის სფეროში და მართვა-გამგეობით სამხრეთ საქართველო დამოუკიდებელია იმდენად, რამდენადაც ამ დებულებით არ არის შეზღუდული;
§ 3. სამხრეთ საქართველოს დამოუკიდებელ გამგეობაში შედის შერიეთი, სასამართლო, სახალხო განათლება, ადმინისტრაცია, მიწის საკითხი და კულტურული სამფლობელონი სამხრეთ საქართველოში, ადგილობრივი თვითმრეწველობით, საქალაქო და სათემო ორგანოები, საქალაქო და საბეითლო ჯანმრთელობანი, სახალხო ლეგიონი, სურსათი, სამხრეთ საქართველოს გადასახლების საკითხი, ვაჭრობა-მრეწველობა, სამხრეთ საქართველოს ნაწარმოების მონოპოლია, ადგილობრივი მნიშვნელობის ტყე და ბუნებრივი სიმდიდრე, ადგილობრივი ფინანსები: ბიუჯეტი, კასა, გადასახადები, სესხი და ადგილობრივი გზები;
§ 4. სამხრეთ საქართველოს და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საქმეებად, რომელიც საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გამგეობაში შედის, ითვლება: საგარეო პოლიტიკა, სამხედრო საკითხი, ფულისა და საფინანსო სისტემა, საბაყლო სისტემა, ფოსტატელეგრაფი, სახელმწიფო რკინიგზები და შარაგზები, ყველა ბუნებრივი სიმდიდრე და ტყე ზოგადსახელმწიფოებრივი მნიშვნელობისა;
§ 5. საქართველოს ადგილობრივ საკანონმდებლო ორგანოდ, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საკანონმდებლო ორგანოს გარდა, ითვლება სახალხო დამოუკიდებელი მეჯლისი;
§ 6. სახალხო მეჯლისი გამოსცემს კანონებს;
§ 8. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატების არჩევნების დროს სამხრეთ საქართველო წარმოადგენს კერძო საამომრჩევლო ოლქს და პროპორციული წარმომადგენლობით სარგებლობს საქართველოს ცენტრალურ პარლამენტში; წევრები ამორჩეული უნდა იქმნენ საყოველთაო, პირდაპირი, თანასწორი და ფარული ხმის მიცემით;
§ 13. მეჯლისი ხელშეუხებელია, ხელშეუხებელნი არიან მისი წევრებიც;
§ 15. მმართველი საბჭოს წევრები და სამხრეთ საქართველოს მთავრობა პასუხისმგებელია მეჯლისის წინაშე;
§ 16. სამხრეთ საქართველოში სდგება მუდმივი სახალხო ლეგიონი სამშობლოს ინტერესების დასაცავად, ომის დროს საქართველოს ცენტრალური მთავრობის დაქვემდებარებაში;
§ 17. სამხრეთ საქართველოში მცხოვრებ ეროვნულ უმცირესობებს ენიჭებათ თანასწორი პოლიტიკური და მოქალაქეობრივი უფლებები და კანონის წინაშე თანაწორობა;
§ 20. დაცულ იქნას: სარწმუნოების, სიტყვის, პრესის, კრებისა და კავშირების თავისუფლება, მიწისა და პიროვნების ხელშეუხებლობასთან ერთად;
§ 21. სახელმწიფო ენად ითვლება ქართული, ყოველგვარი მიწერ-მოწერა ქართულად წარმოებდეს, ხოლო შერიეთის საქმეები და დადგენილებები შეიძლება წარმოებდეს არაბულ და თურქულ ენაზე;
§ 22. სამხრეთ საქართველოს ცენტრად ითვლება ბათუმი, სადაც თავმოყრილი იქნება ყველა მისი მთავარი დაწესებულება: სამუსლიმანო საქართველოს მეჯლისის წევრები ბრწყინვალე აღთქმას დებენ საქართველოს დემოკრატიული და სამუსლიმანო საქართველოს ავტონომიის კონსტიტუციის ერთგულებაზე.
მემედ აბაშიძემ მწერლობა 1903 წელს (ან 1904) დაიწყო ვ. გუნიას და პ. სურგულაძის ხელმძღვანელობით. ორიგინალური ნაწერები უფრო პუბლიცისტურ-პოლემიკური ხასიათისაა, ეხება სამუსლიმანო და საქრისტიანო საქართველოს ურთიერთობის მოწესრიგებას და, საერთოდ, სამშობლოს კეთილდღეობის მოპოვებას. წერილები გაფანტულია ჟურნალ-გაზეთებში: „სახალხო ფურცელი“, „სახალხო საქმე“, „საქართველო“, „იმერეთი“, „ბაიღშის გაზეთი“, „ნიშადური“ და სხვ. აქვს თარგმნებიც, უფრო – დრამატული ნაწარმოებები.
მემედ აბაშიძე მონაწილეობდა ბათუმის ყველა საზოგადოებრივ საქმეში, იყო სამუსლიმანო საქართველოს მეჯლისის, კომიტეტის, ეროვნული საბჭოს, საქველმოქმედო საზოგადოების თავმჯდომარე, საქართველოს ეროვნული საბჭოსა და პარლამენტის წევრი.
პოლიტიკური საქმის გამო, 1888 წლიდან რამდენჯერმე ციხეში იჯდა, იყო გადასახლებულიც; 1908 წელს ოსმულენის ციხეში იყო; ოთხი წელი ემიგრაციაში გაატარა; 1913 წელს ბათუმიდან ნოვოჩერქეზსკში გადაიხვეწა, 1914 წლის ომის დაწყებისას, ორი წელი მეტეხის ციხეში (ქართული საზოგადოების დახმარებით გადარჩა ენისეისკში გადასახლებას) იჯდა. რევოლუციის შემდეგ, 1918 წლის აპრილში, აჭარა-ქობულეთში ოსმალების შემოსვლისას, მ. აბაშიძემ ოსმალეთის სარდალს ქამელ-ფაშას, ერთობის და პროგრესის პარტიის წევრს, უთხრა: ჩვენ ქართველები ვართ, გიხვდებით, როგორც სტუმარს. გახსოვდეთ, ეს საქართველოა, ის ძლიერია და აქ სხვანაირი მოქცევაა საჭიროო.სიტყვა იმდენად გაბედული იყო, რომ ქამელ-ფაშამ შეაპყრობინა და ტრაპიზონის ციხეში ჩასვა, საიდანაც 8 თვის შემდეგ გააპარეს. მ. აბაშიძე საქართველოში გამოიქცა და სამუსლიმანო საქართველოს განთავისუფლების კომიტეტის თავმჯდომარედ შეიქმნა. ინგლისელებმა დააპატიმრეს, მაგრამ მალე გაათავისუფლეს, როგორც პარლამენტის წევრი. 1921 წელს საბჭოთა ხელისუფლებამ დააპატიმრა და ტფილისში გადმოიყვანა, საიდანაც კ. ცინცაძის განკარგულებით გათავისუფლდა. ბათუმში წასვლის ნება დართეს, მაგრამ 1923 წლის 24 იანვარს ხელმეორედ დააპატიმრეს და შემდეგ ბაქოში გადაასახლეს. 1927 წელს ბათუმში დაბრუნების ნება მისცეს.
მემედ აბაშიძის ფსევდონიმებია: „სამკვიდრებელს მოკლებული“, „სახ. საქმეში“.
მისი მრწამსი იყო ქართველი ერის მთლიანობის აღდგენა, მისი ოჯახის გამთელება ისტორიული საზღვრებით, ყოველგვარი ღონისძიებით.
თურქულიდან თარგმნა:
ზაგალლი ჩოჯუას „ბავშვი“ [დაუბეჭდავი], ოსმალო მწერალი ქალის – მუფიიდა ფერიდის „ფარმანები“, სოფეტ ნეზპიას „არც შეკითხვა, არც განმარტება“ [პიესა; დაიბეჭდა „საქართველოს“ დამატებაში], მირზა ჯელალის „მიცვალებულნი“, ქემალ ბეგის პიესები: „სამშობლო [ანუ სილოტრია]“ [მოამბე, 1904] და „გიულ-ნეჰალ“ [დრამა 5 მოქმედებად; დაიბეჭდა „საქართველოს“ დამატებაში], ოსმალო მწერალი ქალის – მუზიიდე საბრის „მუ ნე ვერ“ [„მნათობი“, 1927, № 8].
გამოქვეყნებულია:
1. ვაქფიის კანონები // ტრიბუნა;
2. ვაქფიის ძირითადი დებულებანი: [მუსლიმანთა ზნე-ჩვეულებისა და კანონთა მიხედვით მესაკუთრეობისა და მისით სარგებლობის უფლების განმარტება];
3. ჩემი მცირედი შენიშვნა „ვეფხისტყაოსნის“ საკითხის გარშემო // სახალხო საქმე;
4. ქემალ-ბეგი: [ოსმალელი პოეტისა და საზოგადო მოღვაწის ბიოგრაფია] // ცნობის ფურცელი: სურათებიანი დამატება. – 1905. – 28 აპრილი. - №2806. - გვ. 4;
5. სამშობლოს ძმანო და დანო!: [ილია ჭავჭავაძის მკვლელობასთან დაკავშირებით] // ნიშადური. – 1907. – №7. – გვ. 3;
6. სპარსელი ქალის „იავნანა“: (ეძღვნება ჩვენს მეზობელს თათრის ქალებს). [ლექსი] // ნიშადური. – 1908. – №60. – გვ. 8-9;
7. დროება ძეობაა თუ სიბოროტე? // სოციალფედერალისტი. – 1921. – № 104, 105;
8. ეროვნული საკითხის შესახებ; სულგრძელობასაც თავისი საზღვარი აქვს // ტრიბუნა. – 1921. – № 24.
მის შესახებ:
1. ახალი ამბავი: [ქრისტიან და ქართველ მაჰმადიანთა კრება ბათუმში; ტუფან შერვაშიძის, მემედბეგ აბაშიძის და სხვების გამოსვლა არსებული მდგომარეობის შესახებ] // ცნობის ფურცელი. - 1905. - 8 ივნისი. - №2838. - გვ. 3;
2. ბათუმი: [გამოსვლები და კრებები ქუჩებში; დროის შესაფერი სიტყვა წარმოთქვა მემედ-ბეგ აბაშიძემ] // ცნობის ფურცელი. - 1905. - 21 თებერვალი. - №2750. - გვ. 1;
3. ბათუმი: [სახელმწიფო სათათბიროს წევრობის კანდიდატებად მემედ-ბეგ აბაშიძისა და რეჯებ ნიჟარაძის დასახელება] // შრომა. - 1906. – 23 აპრილი. - №17. - გვ. 2;
4. სალი. ბათუმი: [ეჭვები იმ დეპუტატებზე, რომლებიც ქართველ მაჰმადიანთა სახელით წავიდნენ მეფისნაცვალთან. მემედ-ბეგ აბაშიძის განზრახვა, გამოსცეს ქართულ-თათრული გაზეთი. ქალაქის თავის - ი.ზ. ანდრონიკაშვილის მდგომარეობა] // შრომა. - 1906. - 8 აპრილი. - №4. - გვ. 1;
5. ამ დღესვე მოხდა მსხვილ მემამულეთა... // ჩვენი გზა. - 1907. - 3 ოქტომბერი. - №23. - გვ. 2;
6. ბათუმის ოლქი // ისარი. - 1907. - 21 სექტემბერი. - №206. - გვ. 1;
7. დაჭრა // ისარი. – 1907. – 22 აგვისტო. – № N183. – გვ. 2;
8. მემედ ბეგ აბაშიძე: [მასზე თავდასხმის გამო] // ნიშადური. - 1907. - №1. - გვ. 4-5;
9. მემედ ბეგ აბაშიძე: [პორტრეტი] // ნიშადური. - 1907. - №1. - გვ. 9;
10. ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ... // ჩვენი გზა. - 1907. - 12 ოქტომბერი. - №31. - გვ. 2;
11. ორბელიანი, ნინო. პირველ იანვარს: (ვუძღვნი მემედბეგ აბაშიძეს). [ლექსი] // ნიშადური. - 1908. - №23. - გვ. 6;
12. ახალი პიესა // ხალხი. - 1910. - 11 იანვარი. - №2. - გვ. 2;
13. ჭიჭინაძე, ზ. ვინ სწერა ქართველ მაჰმადიანთა შესახებ? // თეატრი და ცხოვრება. - 1915. - №26;
14. გზათა კომისარი. მცირე უსტარი დიდ ეშმაკს: [იუმორი] // ეშმაკის მათრახი. - 1917. - №35. - გვ.3;
15. ქართველი ლეგიონერები გერმანია-ოსმალეთში: [ჯგუფური სურათი] // თეატრი და ცხოვრება. - 1918. - №11. - გვ. 8;
16. აჭარა: (საკ. კორესპ.) // თავისუფალი საქართველო. - 1921. - №3. - გვ. 12-13
17. ბრალდებულ გრიგოლ ლაღიძის დაკითხვა: 25 სექტემბრის საღამოს სხდომა: [ბრალდებულის მიერ მემედ აბაშიძესთან და „ეროვნულ პარტიასთან“ კავშირის აღიარების შესახებ] // კომუნისტი. - 1937. - 27 სექტემბერი. - №221. - გვ. 3.
ლიტერატურა
1. ავტობიოგრაფიული ცნობები;
2. პირადი ცნობა;
3. მემედ ბეგ აბაშიძე: [მასზე თავდასხმის გამო] // ნიშადური. – 1907. – №1. – გვ.: 4-5, 9;
4. თეატრი და ცხოვრება. – 1915. – № 26; 1916. – №11; 1917. – № 44; 1918. – № 11; 1919. – № 10;
5. სოციალ-ფედერალისტი. – 1921. – № 58;
6. ბაქრაძე, გ. ი. ქართული პერიოდიკა, 1819–1945 / ბიბლიოგრაფია შედგენილი გ. ი. ბაქრაძის მიერ; ვ. ი. ეგნატაშვილის რედ. – თბ., 1946 [1947].