კონსტიტუცია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კონსტიტუცია - „constitutio“ ლათინური სიტყვაა და ნიშნავს დაწესებას, დადგენას, წყობას, აგებულებას.

კონსტიტუცია არის სამართლებრივი აქტი ან სამართლებრივი აქტების ერთობლიობა, რომელიც მიღებულია სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი ორგანოს მიერ ან რეფერენდუმის გზით, გააჩნია უმაღლესი იურიდიული ძალა და არეგულირებს საზოგადოებისა და სახელმწიფოს ორგანიზაციის საფუძვლებს, პიროვნებისა და სახელმწიფოს ურთიერთობის ძირითად პრინციპებს.

სარჩევი

ეტიმოლოგია

ტერმინს „კონსტიტუცია“ ძალზედ დიდი ხნის ისტორია აქვს, თუმცა, თავიდანვე კონსტიტუციის თანამედროვე იურიდიული გაგებით არ გამოიყენებოდა. რესპუბლიკურ რომში იგი იმპერატორის მიერ გამოცემული აქტების სახელწოდებას წარმოადგენდა, თუმცა, ამ აქტების იურიდიული შინაარსი მოკლებული იყო კონსტიტუციის დღევანდელ მნიშვნელობას. ჯერ კიდევ ძველ საბერძნეთში არისტოტელე განასხვავებდა სახელმწიფოს ძირითად და ჩვეულებრივ კანონებს. საერთოდ, კონსტიტუცია, როგორც განსაკუთრებული იურიდიული და პოლიტიკური აქტი, დღევანდელი იურიდიული გაგებით, ბურჟუაზიულ საზოგადოებამდე არ არსებობდა. მისი ჩამოყალიბება ემთხვევა ბურჟუაზიის პოლიტიკური ბრძოლის შედეგად მოპოვებული უფლებების საკანონმდებლო ფიქსაციის პროცესს. საბოლოოდ ტერმინმა „კონსტიტუცია“ თანამედროვე იურიდიული მნიშვნელობა XVII საუკუნის შუახანებში შეიძინა, იმ დროიდან, როცა ბუნებითი სკოლის წარმომადგენელმა თომას ჰობსმა მას „სახელმწიფოს ძირითადი კანონი“ უწოდა

ისტორია

კონსტიტუცია, როგორც თანამედროვე დემოკრატიის უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტი, თავისი იურიდიული, სოციალური და პოლიტიკური დანიშნულებით წარმოიშვა XVIII საუკუნის ბოლოს. მის წარმოშობას წინ უძღოდა კონსტიტუციური მნიშვნელობის ისეთი აქტები, როგორიც იყო „პეტიცია უფლებათა შესახებ“ (1628 წ. ინგლისი), „სახალხო თანხმობის პროექტი“ (1647წ.) და სხვა. მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუციური მნიშვნელობის პირველი აქტები მიღებულ იქნა ევროპაში, პირველი დაწერილი, მოქმედი კონსტიტუცია, როგორც ქვეყნის ძირითადი კანონი, მიიღეს ოკეანის გაღმა, აშშ-ში 1787 წელს. იმავე საუკუნის ბოლოს, კონსტიტუციები მიიღეს საფრანგეთში 1791 და 1793 წლებში; პოლონეთში - 1793 წელს და ა.შ.

საზოგადოების განვითარების კვალობაზე თანდათანობით ივსებოდა კონსტიტუციის, როგორც იურიდიული დოკუმენტის, სახე და შინაარსი, მისი როლი და მნიშვნელობა. ამ ევოლუციურ განვითარებაში გამოყოფენ კონსტიტუციათა ოთხ თაობას: პირველ თაობას მიეკუთვნება ის კონსტიტუციები, რომლებიც ისტორიულად დიდი ხნის წინათ არიან მიღებული. ზოგიერთი მათგანი გარკვეული ცვლილებებითა და დამატებებით დღესაც არეგულირებს საზოგადოებრივ ურთიერთობებს, ზოგიერთი კი, უკვე გაუქმებულია. ამის კლასიკური მაგალითია აშშ-ს კონსტიტუცია, რომელიც მიღებულ იქნა 1775-85 წწ. ამერიკელი ხალხის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის შემდეგ. ეს კონსტიტუცია 27 შესწორებით მოქმედებს დღესაც. პირველ ჯგუფს მიეკუთვნება აგრეთვე XIX ს-ში მიღებული კონსტიტუციები - ნორვეგიის (1814), ბელგიის (1831), ლუქსემბურგის (1868), შვეიცარიის (1874).

კონსტიტუციური შემოქმედების განსაკუთრებული ნაყოფიერებით დაიწყო XX საუკუნე. ამ თვალსაზრისით, აღსანიშნავია ავსტრალიის კავშირის 1900 წლისა და ავსტრიის 1920 წლის კონსტიტუციები. ამავე თაობას მიეკუთვნება დამოუკიდებელი საქართველოს 1921 წლის 21 თებერვლის კონსტიტუცია.

კონსტიტუციათა მეორე ჯგუფს მიეკუთვნება მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში მიღებული კონსტიტუციები. ამ კონსტიტუციათა ახალი ჯგუფისადმი მიკუთვნება განაპირობა ომის შემდეგ აღმოცენებულმა სოციალურ-პოლიტიკურმა პირობებმა. ამ თაობის კონსტიტუციების მახასიათებელი ნიშანია მშვიდობიანი დებულებების შემოტანა, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების სპექტრის გაფართოება.

კონსტიტუციათა მესამე ჯგუფს მიეკუთვნება ე.წ. „სოციალისტური“ ტიპის კონსტიტუციები, რომელთა მთავარ მახასიათებელს პრინციპების დეკლარაციული, ფიქტიური ხასიათი წარმოადგენს. დაბოლოს, მეოთხე ჯგუფში შედის განვითარებადი სახელმწიფოების კონსტიტუციები.

კონსტიტუციათა კლასიფიკაცია

კონსტიტუციათა დღეს წარმოდგენილი მრავალფეროვნება გვაძლევს მათი კლასიფიკაციის საშუალებას სრულიად განსხვავებული ნიშნების მიხედვით. აქვე ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ კონსტიტუციათა კლასიფიკაცია პირობით ხასიათს ატარებს. ამიტომაც მათ კლასიფიკაციას სხვადასხვა ავტორი განსხვავებული სისტემით წარმოადგენს.

დაწერილი კონსტიტუციები

დაწერილი კონსტიტუციის ქვეშ იგულისხმება ერთიანი, სისტემატიზირებული ნორმატიული აქტი, რომელიც მიღებულია სახელმწიფო კონსტიტუციათა კლასიფიკაცია სხვადასხვა ნიშნის მიხედვით ხელისუფლების უმაღლესი ორგანოს მიერ და გამოცხადებულია ქვეყნის ძირითად კანონად.

დაუწერელი კონსტიტუციები

რაც შეეხება დაუწერელ კონსტიტუციას, ამ ნიშნის მიხედვით მათი გამოყოფა დაკავშირებულია გასული საუკუნის იმ პერიოდთან, როცა სახელმწიფოთა უმრავლესობას ჯერ კიდევ არ გააჩნდათ ძირითადი კანონი და მოქმედ წესებსა და ნორმებს არასისტემატიზირებული სახე ჰქონდათ. ამ დროს ქვეყანაში ტრადიციულად მოქმედებს ფორმალური კონსტიტუცია, რომელიც შედგება სხვადასხვა საკანონმდებლო აქტებისაგან, კონსტიტუციური ჩვეულებებისა და პრეცედენტებისაგან. ამასთან, ეს ერთიანობა არ არის აღიარებული ერთიან კანონად. დაუწერელი კონსტიტუციის რეგულირების საგანი ისეთივეა, როგორიც დაწერილისა. ამ ფორმის კონსტიტუციის კლასიკური მაგალითია ინგლისის დაუწერელი კონსტიტუცია. დაუწერელი კონსტიტუციით სარგებლობს აგრეთვე ახალი ზელანდია და ისრაელი.

დროებითი კონსტიტუცი

კონსტიტუციური აქტის ან ქვეყნის ძირითადი კანონის მოქმედების ვადის მიხედვით, განასხვავებენ მუდმივ და დროებით კონსტიტუციებს. დროებითია კონსტიტუცია, რომელიც გამიზნულია გარკვეული დროით მოქმედებისათვის. კონსტიტუციის დროებითობას განსაზღვრავს იმ ვადის დათქმა, რომელშიც უნდა მოქმედებდეს კონსტიტუცია ან იმ ფაქტის, მოვლენის განსაზღვრა, რომლის დადგომის შემდეგ კონსტიტუციამ უნდა შეწყვიტოს მოქმედება.

მუდმივი კონსტიტუცია

მუდმივია კონსტიტუცია, რომელიც გათვალისწინებულია განუსაზღვრელი დროით მოქმედებისათვის. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ იგი სამუდამო მოქმედებისაა და არ შეიძლება მასში ცვლილებების ან დამატებების შეტანა. ასეთი კონსტიტუცია პრაქტიკულად არ არსებობს.

ცვლილებებისა და დამატებების შეტანის მიხედვით, განასხვავებენ მოქნილ და მყარ კონსტიტუციებს. მოქნილია კონსტიტუცია, რომელშიც ცვლილებებისა და დამატებების შეტანის ისეთივე წესია დადგენილი, როგორც ჩვეულებრივი კანონებისათვის, მაგალითად, გერმანიაში. მყარი კონსტიტუცია კი ითვალისწინებს ცვლილებებისა და დამატებების შეტანის რთულ მექანიზმს. მყარ კონსტიტუციათა რიგში ზოგჯერ ცალკე გამოყოფენ განსაკუთრებით მყარ კონსტიტუციებს. ამის მაგალითად შეი ძლება მოვიყვანოთ აშშ-ს კონსტიტუციის მე-5 მუხლი, რომლის მიხედვით, „თუკი თითოეული პალატის წევრთა ორი მესამედი ამას საჭიროდ ჩათვლის, კონგრესმა უნდა წარმოადგინოს წინადადებები ამ კონსტიტუციაში ცვლილებების შესატანად, ან მან ცალკეული შტატების საკანონმდებლო დაწესებულებების ორი მესამედის მოთხოვნით უნდა მოიწვიოს კონვენტი შესწორებათა განსახილველად, რომლებსაც, ორივე შემთხვევაში, არსებითად ძალა ექნება და განიხილება ამ კონსტიტუციის ნაწილად, როდესაც ისინი რატიფიცირებული იქნება ცალკეული შტატების საკანონმდებლო დაწესებულებების სამი მეოთხედის მიერ, ან კონვენტზე შეკრებილთა სამი მეოთხედის მიერ...“

წყარო

რუხაძე ზაზა: საქართველოს კონსტიტუციური სამართალი.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები