ზოიძე შოთა
შოთა ზოიძე – პოეტი, მეცნიერი, ესეისტი, მთარგმნელი, საზოგადო მოღვაწე. დაიბადა 1942 წლის 1 იანვარს, შუახევის რაიონის სოფელ ახალდაბაში. 1959 წელს დაამთავრა ჭვანის საშუალო სკოლა, 1967 წელს – ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო ინსტიტუტის ფილოლოგიის ფაკულტეტი.
1977 წელს დაამთავრა მოსკოვის გორკის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტი.
1998 წელს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიცვა ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატის, ხოლო 1999 წელს მოიპოვა ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი. პირველი წიგნი – „სიახლოვე“ – 1968 წელს გამოაქვეყნა.
სხვადასხვა დროს გამოქვეყნებული აქვს კრებულები: „გულის ხმაური“ (1970), „ათასი ზარი“ (1972), „პაემანი წვიმაში“ (1974), „მიწის მადლი“ (1975), „დიდი ქალაქი“ (1977), „დუელი“ (1980), „ელდორადო“ (1982), „სიყვარულის გაკვეთილები“ (1984), „სიყვარულის ახსნა“ (1986), „Батумский дождик“ (მოსკოვი, 1990), „უსანქციო სონეტები“ (1995), „ერთტომეული" (1995) „ჯვარცმული ფიერი“ (1995), „სვეტი ნათლისა“ (2002), „ადამიანი, რომელსაც ღმერთმა აკოცა“ (2003), „რჩეული ნაწერები“ (ორ ტომად, 2012); „არმაზის მსხვრევა“ (2014), „შეშლილი მუზა“ (2017).
შოთა ზოიძე ნაყოფიერად მუშაობს კრიტიკისა და პუბლიცისტიკის ჟანრში. ყურადსაღებია მისი ესეისტური პროზა. გამოცემული აქვს წიგნები: „სიყვარულის გაკვეთილები“ (1984), „საქართველოს გოლგოთა“ (1997), „ანა დედოფალი“ (2001), „ძმები“ (2009) და სხვ.
სხვადასხვა დროს მუშაობდა: გამომცემლობა „საბჭოთა აჭარაში“ და გაზეთ „საბჭოთა აჭარაში“ სხვადასხვა თანამდებობაზე; აჭარის ტელე-რადიო კომიტეტის თავმჯდომარედ, საქართველოს მწერალთა კავშირის აჭარის ორგანიზაციის თავმჯდომარედ, ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის საზოგადოებრივ მეცნიერებათა კათედრის გამგედ.
იყო აჭარის უზენაესი საბჭოს ორი მოწვევის დეპუტატი, აჭარის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე.
1997 წელს წიგნისათვის – „უსანქციო სონეტები“ – მინიჭებული აქვს ლიტერატურის დარგის სახელმწიფო პრემია. ასევე, მინიჭებული აქვს დავით აღმაშენებლის, მემედ აბაშიძის, ნიკო ნიკოლაძის, გიორგი ლეონიძისა და საგურამოს პრემიები. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით.
არის ბათუმის საპატიო მოქალაქე.