აბულაძე ილია ვლადიმერის ძე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:58, 15 აპრილი 2026-ის ვერსია, შეტანილი Echelidze (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Ilia abulaZe.png

აბულაძე ილია ვლადიმერის ძე (12 ნოემბერი (სხვა ცნობით 24 ნოემბერი) 1901 – გ. 9 ოქტომბერი, 1968) – ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, არმენოლოგი, პროფესორი. დაიბადა ზესტაფონის რაიონის სოფ. ზედა-საქარაში. დაამთავრა ქუთაისის ვაჟთა I გიმნაზია, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების განყოფილების სიტყვიერების (1922-1926) და საენათმეცნიერო (1926-1929) დარგები.

1927-1929 წწ. მსახურობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოცემლობაში – მდივნად. 1929 წელს, თბილისის უნივერსიტეტში სომხური ენისა და ლიტერატურის კათედრაზე ასპირანტად დატოვეს. 1932 წელს დაამთავრა თბილისის პედაგოგიური ინსტიტუტის ასპირანტურა. 1932-1934 წწ. მსახურობდა ქართულ საბჭოთა ენციკლოპედიაში ხელოვნების, ლიტერატურისა და ენის განყოფილების სწავლულ მდივნად. 1934 წელს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლურ და კავკასიურ ენათა კათედრაზე დოცენტის მოვალეობის შემსრულებლად მიიწვიეს; აქ კითხულობდა ძველი სომხური ენის კურსს. 1934-1938 წწ. მუშაობდა უნივერსიტეტთან არსებული ენის, ლიტერატურისა და ხელოვნების (შემდეგ შ. რუსთველის სახელობის ენისა და ლიტერატურის) ინსტიტუტში უფროს მეცნიერ-თანამშრომლად. 1938 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: „იაკობ ცურტაველი: „მარტჳლობაჲ შუშანიკისი“. 1938-1940 წწ. მუშაობდა მეცნიერებათა აკადემიის საქართველოს ფილიალის, ენმიკის უფროს მეცნიერ თანამშრომლად. 1940 წლის თებერვალში დოცენტის სამეცნიერო წოდება მიანიჭეს. 1945 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: „ქართულ-სომხური ლიტერატურული ურთიერთობა IX–X სს.“. 1945 წლის ოქტომბრიდან დაინიშნა უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის დეკანად. 1947 წელს პროფესორის სამეცნიერო წოდება და დოქტორის სამეცნიერო ხარისხი მიანიჭეს.

პირველმა აღმოაჩინა და გამოაქვეყნა, რომ შოთა რუსთაველს „ვეფხისტყაოსანისა“ და სხვა ნაწერთა გარდა, დაუწერია თხზულება „ცხოვრება მეფისა თამარისა“ [ცნობა შეტანილი აქვს ანტონ I კათალიკოსს თავის „ღრამატიკაში“]. ეს ნაწარმოებია აკად. ივ. ჯავახიშვილის მიერ პირველად აღმოჩენილი „თამარის მეორე ისტორიის“ სახელით ცნობილი.

გამოქვეყნებული აქვს 37 სამეცნიერო ნაშრომი, უმთავრესად ქართული და სომხური ფილოლოგიის სფეროში.

მისი თანაავტორობით გამოიცა
1. შანიძე, ა. ძველი ქართული ენა და ლიტერატურა. – თბ., 1934. – [VII], 306 გვ.;
2. ძველი ქართული ენა და ლიტერატურა. ქრესტომათია საშუალო სკოლის VIII კლ. – თბ., 1939. – 333 გვ. და სხვ.

მისივე ხელმძღვანელობით და რედაქციით საქართველოს მუზეუმის მეცნიერ-თანამშრომლებმა (ლ. ქუთათელაძემ და ნ. კასრაძემ) შეადგინეს „საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა“. – ტ. I. – თბ., 1946. – [2], IV, 392 გვ., აკად. ს. ჯანაშიას საერთო რედაქტორობით.

დაჯილდოებულია მედლით „1941–1945 წწ. სამამულო ომში მამაცური შრომისათვის“. ითვლება სომხეთის მინისტრთა საბჭოსთან არსებული ხელოვნებათა შემსწავლელი ინსტიტუტის (1936) და სომხეთის მეცნიერებათა აკადემიის ენის ინსტიტუტის (1944) სამეცნიერო საბჭოების წევრად.

ცალკე გამოცემულია
1. ძველი სომხური ქრესტომათია. სომხური ენის ნიმუშები. ლექსიკონი, ბრუნება უღვლილების პარადიგმები. – ტფ., 1935. – VII, 183 გვ.;
2. იოანე დრასხანაკერტელი: თარგმანი შენიშვნებით და საძიებლებით ილია აბულაძისა. – თბ., 1937. – VIII, 94 გვ.;
3. სიბრძნე ბალაჰვარისა ისაკ ძჱ სოფრონ პალესტინელისაჲ [რედაქცია, ვარიანტები და ლექსიკონი]. – თბ., 1937. – XXIII, 138 [2] გვ.;
4. იაკობ ცურტაველი. მარტჳლობაჲ შუშანიკისი. ქართული და სომხური ტექსტები: [გამოკვლევა, ვარიანტები, ლექსიკონი და საძიებლები]. – თბ., 1938. – VIII, 063, 120 გვ.;
5. ქართული ენის სახელმძღვანელო. საქ. სსრ სომხური სკოლებისათვის. – II კლ. – თბ., 1938. – 116 გვ.;
6. ქართული ენა. საქართველოს სსრ სომხური სკოლის 2 კლ. სახელმძღვანელო. – I წ. – თბ., 1939. – 103 გვ.;
7. ქართული და სომხური ლიტერატურული ურთიერთობა IX–X სს–ში: [გამოკვლევა და ტექსტები]. – თბ., 1944. – X, 208, 275 გვ.;
8. შანიძე, აკაკი. ქართული ოთხთავის ორი ძველი რედაქცია სამი შატბერდული ხელნაწერის მიხედვით. – თბ., 1945. – 447 გვ.;
9. ქართული წერის ნიმუშები: [პალეოგრაფიული ალბომი]. – თბ., 1949. – XV, 356 გვ. 60

ლიტერატურა
1. სახელმწიფო უნივერსიტეტის საბიბლიოგრაფიო კაბინეტის გამგის, ტასო კასრაძის მასალები;
2. წიგნის პალატის საცნობარო-ბიბლიოგრაფიული განყოფილება;
3. Сборник Руставели: К 750-летию „Вепхисткаосани“ / [С предисл. С. Джанашиа]; Груз. фил. АН СССР, Ин-т яз., истории и материальной культуры. – Тб.: Груз. фил. АН СССР, 1938 (Полиграфкомбинат). - с. 161-171;
4. კეკელიძე, კ. ქართული ლიტერატურის ისტორია. – მე-2 შევს. და გადამ. გა-მა. – ტ. II. – თბ., 1941. – გვ. 127;
5. ბარამიძე, ალ. საქართველოს სსრ სახელმწიფო მუზეუმის ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა: [წიგნის გამოცემის გამო] // კომუნისტი. – 1947. – 19 თებერვალი. – №38;
6. რადიანი, შ. ლიტერატურათმცოდნეობა და სალიტერატურო კრიტიკა // ლიტერატურა და ხელოვნება. – 1947. – 7 ნოემბერი. – №42-43;
7. კეკელიძე, კ. ძველი ქართული მწერლობის ისტორია. – მე-3 შევს. და გადამ. გა-მა. – ტ. I. – თბ., 1951. – გვ. 587.


წყარო

ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი 1801-1952

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები