დავით აგლაძე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:35, 17 აპრილი 2026-ის ვერსია, შეტანილი Echelidze (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
DaviT aglaZe.png

აგლაძე, დავით გიორგის ძე (დ. (18)31 იანვარი, 1900, – გ. 7 აგვისტო, 1976) – გენეტიკოსი, ზოოტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ორდენოსანი. დაიბადა ქ. თბილისში. მამა ყოფილი სათავადაზნაურო ქართული გიმნაზიის მასწავლებელი იყო, დედა – დიასახლისი, შემდეგ ა/კ რკინიგზის სამმართველოს მოანგარიშე. დავითმა პირველდაწყებითი და საშუალო განათლება ყოფილ სათავადაზნაურო ქართულ გიმნაზიაში მიიღო, რომელიც 1917 წელს დაამთავრა. 1917–1918 წწ. სწავლობდა მოსკოვის რაზუმოვის (აწ ტიმირიაზევის) სახ. სასოფლო-სამეურნეო აკადემიაში; იმავე წელს გადავიდა თბილისის ახალდაარსებულ პოლიტექნიკურ ინსტიტუტის სასოფლო-სამეურნეო ფაკულტეტზე, ხოლო 1919 წელს – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის სასოფლო-სამეურნეო განყოფილებაზე, სადაც 4 კურსი მოისმინა. 1922 წელს, საბჭოთა ხელისუფლების ნებართვით, სწავლის გასაგრძელებლად და კვალიფიკაციის ასამაღლებლად გერმანიაში გაემგზავრა. ჩაირიცხა ჰალე-ვიტენბერგის (გერმანია) უნივერსიტეტის ზოოტექნიკური ინსტიტუტის თავისუფალ მსმენელად, 1926 წელს, სწავლული აგრონომის წოდების მოსაპოვებლად სადიპლომო ნაშრომი და სახელმწიფო გამოცდები ჩააბარა.

გერმანიაში ყოფნისას, 1925 წელს, დანიშნეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრონომიული ფაკულტეტის ცხოველთმოშენებისა და გენეტიკის კათედრის (გამგე დოც. ნიკოლოზ იოსელიანი) უმცროს ასისტენტად და გერმანიაში კიდევ ორი წლით სამეცნიერო მივლინების წესით დატოვეს. კვალიფიკაციის ასამაღლებლად მუშაობდა პროფ. ვალენტინ ჰეკერთან გენეტიკაში და პროფ. ფროლიხთან – ზოოტექნიკაში. 1927 წელს ჩააბარა სადოქტორო გამოცდები და წარადგინა ნაშრომი: „Untersuchungen über Blutbeschaftenheit beim Rinde in verschiedenen Stadien der Entwiecklung“ (ძროხეულის სისხლის თვისების გამოკვლევა განვითარების სხვა და სხვა სტატიაში).

1928 წელს დაბრუნდა საქართველოში და უნივერსიტეტის აგრონომიული ფაკულტეტის შინაურ ცხოველთა მომშენებლობისა და გენეტიკის კათედრის უფროს ასისტენტად დაინიშნა. დამოუკიდებლად ხელმძღვანელობდა გენეტიკის კურსს ზოოტექნიკურ, მებაღეობა-მევენახეობის, მეაბრეშუმეობის, მემინდვრეობისა და სუბტროპიკულ კულტურათა ფაკულტეტებზე. 1929-1930 წწ. მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრონომიული ფაკულტეტის მდივნად, 1930 წელს – პროფესორად და შინაურ ცხოველთა მომშენებლობის კათედრის გამგედ, 1930-1932 წწ. – ზოოტექნიკურ ფაკულტეტის და მეაბრეშუმეობის ფაკულტეტის დეკანად და შეთავსებით – ა/კ მეცხოველეობის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის მოადგილედ სასწავლო-სამეცნიერო დარგში, სასოფლო-სამეურნეო განყოფილების უფროსად; 1945 წლიდან – საქართველოს მეცხოველეობის სამეცნიეროკვლევითი ინსტიტუტის დირექტორის მოადგილედ სამეცნიერო დარგში, მეცხვარეობა-მეთხეობის განყოფილების გამგედ. ამავე დროს კითხულობდა „გენეტიკისა“ და „შინამეცხოველეობის“ კურსს, მუშაობდა საქართველოს სახგანათლების ზოობიოლოგიური სადგურის სწავლულ მდივნად და გენეტიკის ლაბორატორიის გამგედ, 1943-1945 წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ზოოლოგიის ინსტიტუტის „ცხოველთა ევოლუციის ლაბორატორიის“ გამგედ, საკავშირო სასოფლო-სამეურნეო გამოფენაზე – საქართველოს პავილიონის კონსულტანტად და სხვ.

აქტიურად მონაწილეობდა საზოგადოებრივ საქმიანობაში: 1930-1932 წწ. აირჩიეს ქ. თბილისის საბჭოს დეპუტატად, 1935 წელს – საქართველოს ზოოტექნიკურ-სავეტერინარო ინსტიტუტის მუშა-მოსამსახურეთა პროფესიული კავშირის ადგილობრივი კომიტეტის თავმჯდომარედ, 1937 წელს – ხელმეორედ იგივე თანამდებობაზე; 1935 წელს მონაწილეობდა ზოოტექნიკური კათედრების გამგეთა საკავშირო კონფერენციაში, 1939 წელს – უმაღლესი სასოფლო-სამეურნეო სკოლების საკავშირო ყრილობაში და სხვ.

უმაღლეს სასწავლებლებში მუშაობის დროს დავით აგლაძემ გამოზარდა რვა ათასამდე ახალგაზრდა, მეცნიერი მუშაკის ხარისხი მოუპოვა თხუთმეტ თანამშრომელს, მათგან ექვსმა სადისერტაციო ნაშრომი დაწერა.

დიდი მუშაობა ჩაატარა ქართულ ენაზე გენეტიკის, ზოგადი და კერძო ზოოტექნიკის სახელმძღვანელოების თუ დამხმარე ლიტერატურის შესაქმნელად და სხვ.

დავით აგლაძისა და მისდამი რწმუნებული კათედრის სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის ინტერესი უმთავრესად მემკვიდრეობის მცოდნეობის და შინაურ ცხოველთა წარმოშობის, მოშენების, პროდუქტიულობისა და ზრდა-განვითარების საკითხებზე მიმართული იყო.

საქართველოს შინაური ცხოველების წარმოშობისა და ჯიშთამცოდნეობის საკითხებთან დაკავშირებით, დ. აგლაძემ დაამუშავა ქართული მეცხვარულა-ძაღლის წარმოშობა, რომელსაც 9 ნაშრომი მიუძღვნა, მათ შორის – მცხეთასამთავროს არქეოლოგიური გათხრებით მოპოვებული ეგზემპლარებიც შეისწავლა. ჩვენი თანამედროვე შინაური ცხოველების ჯიშობრივი გაუმჯობესების ღონისძიებათა დასახვის თვალსაზრისით, ყოველმხრივ შეისწავლა ქართული ცხვარი, რასაც მიუძღვნა მონოგრაფია „საქართველოს ცხვარ-მეცხვარეობა“.

დავით აგლაძე დაჯილდოებულია საკავშირო სასოფლო-სამეურნეო გამოფენის კომიტეტის ოქროს მედლით (საპატიო წიგნში შეტანით), ა/კ და საქართველოს პოლიტ-სამმართველოს კოლეგიის სიგელით, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელით, მედლით „შრომითი მამაცობისათვის სამამულო ომში (1941-1945)“, შრომის წითელი დროშის ორდენით და სხვ.

გამოქვეყნებული შრომები:

  1. მასალები ქართული მატყლის სტანდარტიზაციისათვის. I. ზოგი რამ მატყლის სინაზის გამოსარკვევი ობიექტური მეთოდის შემოსაღებად. – [ტფ., 1929]. – 43 გვ. – ამონაბეჭდი ექსპერიმენტალური აგრონომიის ინსტიტუტის მოამბე-ს N1-ლი ნომრიდან. – რეზიუმე რუსულ და გერმანულ ენებზე;
  2. მასალები კავკასიური ჩანიდაე-ბის შესახებ. – ტფ.: [საქ. მუზეუმი], 1930. – 30 გვ. [რეზიუმე გერმანულ ენაზე];
  3. მასალები ქართული მატყლის სტანდარტიზაციისათვის / სსსრ მიწათმოქმედების სახალხო კომისარიატი. – ტფ., 1930. – 26 გვ. – ამონაბეჭდი, ექსპერიმენტალ. აგრონომიის ინსტიტუტის მოამბე №6. – ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე. რეზიუმე გერმანულ და რუსულ ენებზე;
  4. საქართველოს მეცხოველეობა საკავშირო სასოფლო-სამეურნეო გამოფენაზე // საქართველოს სოციალისტური მეურნეობა. – 1939. – ოქტომბერი. – №10. – გვ. 65-75;
  5. დამატებითი გამოკვლევანი მატყლის სინაზის გამოსარკვევი ობიექტური მეთოდის შესახებ // საქართველოს სახ. ზოოტექნიკურ-სავეტერინარო ინ-ტის შრომათა კრებული, ტ. III. – 1941. – გვ. 151-69;
  6. მატყლის სინაზის სხვაობრიობა ქართული ცხვრის ზრდა-დამთავრებულ ინდივიდთა პოპულაციებში // საქართველოს სახ. ზოოტექნიკურ-სავეტერინარო ინ-ტის შრომათა კრებული, ტ. III. – 1942. – გვ. 172-223;
  7. რამდენიმე შენიშვნა პროფ. ვასილ პეტრიაშვილის ნაწარმოების შესახებ „რძე და მისი სხვაგვარად გამოყენება“ // შრომები / შრომის წითელი დროშის ორდენის ლ. პ. ბერიას სახ. სასოფლო სამეურნეო ინ-ტი, ტ. XXIX. – 1948. – გვ. 137-141;
  8. ვასილ პეტრიაშვილი: [ცხოვრება და მოღვაწეობა] / ავტ.: ვ. კაკაბაძე, ნ. ციციშვილი, ვ. კოკოჩაშვილი, კ. იოდებაძე, დ. აგლაძე, რ. ნიკოლაძე, ხ. ღლონტი, დ. ჯორჯიკია, ა. სვანაძე; თ. მაჭავარიანის მიერ შედგენილი ბიბლიოგრაფია. – თბ.: ტექნიკა და შრომა, 1950. – 116 გვ;
  9. ცხვრის მომთაბარეობის ზოგიერთი საკითხი ქართლის რაიონებსა და მთიულეთში: [საქართველოს მუზეუმის ეთნოგრაფიული განყოფილების მასალათა მიხედვით] // შრომები / შრომის წითელი დროშის ორდენის ლ. პ. ბერიას სახ. სასოფლოსამეურნეო ინ-ტი. – 1950. – ტ. XXXII. – გვ. 61-87.

მისი რედაქციით და წინასიტყვაობით გამოვიდა:

  1. საქართველოს სახ. ზოოტექნიკურ-სავეტერინარო ინსტიტუტის შრომათა კრებული;
  2. ბაუერი, ერვინ. მოდიფიკაციობის და მოდიფიკაციის შესახებ: (რამდენიმე ლექცია გენეტიკიდან). – ტფ.: საქ. სას.-სამ. ინსტიტ. გა-მა, 1930. – 124 [2] გვ.;
  3. გოლდშმიდტი, რიხარდ. მენდელიზმი. – ტფ., 1930. – 139 გვ.;
  4. ვრიდტი, ქრისტეფორე. შინაურ ცხოველთა გენეტიკა / დ. აგლაძის წინასიტყვაობით; თარგმნილი გერმანულიდან ე. გარსიაშვილის მიერ. – ტფ.: სას.-სამ. ინსტიტ. გა-მა, 1931. – 153, [1] გვ.;
  5. მორგანი, ტ. ჰ. ევოლუცია და გენეტიკა. – თბ., 1932;
  6. სინოტი, ე., დენი, ლ. გენეტიკის კურსი: თეორია და ამოცანები / თარგმანი რუსულიდან ნ. სანაძის მიერ; წინასიტყვ. ავტ.: დ. აგლაძე. – თბ.: სახელგამი, 1937. – 345 გვ.;
  7. ლისენკო, ტ. დ. აგრობიოლოგია: შრომები გენეტიკის, სელექციისა და მეთესლეობის საკითხებზე [თარგმანი მეოთხე გამოცემიდან]. – თბ.: სახელგამი, 1950. – 851 გვ.

მის შესახებ:

  1. მაჩაბელი, ო. აკადემიკოს ტ. დ. ლისენკოს წიგნის „აგრობიოლოგიის“ ქართული თარგმანის შესახებ // კომუნისტი. – 1951. – № 283.

გამოყენებული ლიტერატურა

  1. ავტობიოგრაფია;
  2. ზემოთხსენებული შრომები;
  3. ბაქრაძე, გ. ი. ქართული პერიოდიკა, 1819–1945 / ბიბლიოგრაფია შედგენილი გ. ი. ბაქრაძის მიერ; ვ. ი. ეგნატაშვილის რედ. – თბ., 1946 [1947]. – გვ.: 158, 249.


წყარო

ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი 1801-1952

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები