ამირეჯიბი ბარბარე
ამირეჯიბი, ბარბარე მიხეილის ასული (1873-1939) – კომპოზიტორი, პიანისტი და პედაგოგი, მგოსან-მთარგმნელის ს. ვ. ამირეჯიბის ქალი. ბავშვობიდანვე მუსიკით გატაცებულმა დაამთავრა მოსკოვის კონსერვატორია (როიალის კლასი პროფ. საფონოვის ხელმძღვანელობით) და 1906 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე პედაგოგიურ ასპარეზზე მოღვაწეობდა. დაწერა მრავალი ნაწარმოები, მათ შორის: 17 ფორტეპიანოსთვის, 15 რომანსი და სხვ. თავის დროზე დიდად გაითქვა სახელი ვ. ორბელიანის ლექსზე დაწერილი რომანსით „გალია“.
მისი დილა პირველად მერვე ქალთა გიმნაზიის დარბაზში, 1920 წლის მარტის 14-ს, თბილისის კონსერვატორიის სიმღერის მასწავლებლის ქ-ნ მიხალსკაიას და ყალამქაროვის თაოსნობით, გორის დაზარალებულთა სასარგებლოდ გაიმართა. შეასრულეს ამირეჯიბის ნაწარმოებები: „მერკნეთის დღე“, „მოჭიკჭიკე ჩიტები“, „მთვარიანი ღამე“, „იავნანა“, „რა კარგია შენი ყვავილები“, „ელეგია“, „ოხ, არა – სილამაზისთვის ნუ გიყვარვარ“, „ყანავ“ და სხვა უამრავი რომანსით მოაჯადოვეს დამსწრენი. დასასრულს, ბ. ამირეჯიბმა როიალზე შეასრულა ქართულ კილოზე დაწერილი მუსიკა „Gavotte fis moll“, რამაც საყოველთაო აღტაცება გამოიწვია. მის სამუსიკო ნიჭს ბევრი თაიგული და მხურვალე ტაში მიუძღვნეს.
გამოყენებული ლიტერატურა
- 1. ბიბლიოგრაფიული ცნობები;
- 2. პარნასელი. სახიობა, მუსიკა, მხატვრობა // თეატრი და ცხოვრება. – 1920. – № 11. – გვ. 13-14;
- 3. მუსიკოსი. კომპოზიტორი ქალი – ბ. ამირეჯიბი // კომუნისტი. – 1926. – 6 აგვისტო. – № 177. – გვ. 4;
- 4. ანდრიანოვა-რიადნოვა, ნ. ა. ჩემი მოგონება // ლიტერატურა და ხელოვნება. – 1946. – № 26;
- 5. ანდრიანოვა-რიადნოვა, ნ. ა. ქართველი მუსიკოსი ქალები // ლიტერატურა და ხელოვნება. – 1947. – № 10.