სუმბათაშვილი გიორგი
სუმბათაშვილი გიორგი ნიკოლოზის ძე - (6.VI.1868 - ?) - ქართველი ოფიცერი და მხედართმთავარი, რუსეთის საიმპერატორო არმიის პოლკოვნიკი და ქართული არმიის გენერალი. 1904-1905 წლების რუსეთ-იაპონიის ომისა და I მსოფლიო ომის მონაწილე. წმ. გიორგის ორდენის კავალერი.
დაიბადა თბილისში. საწყისი განათლება მიიღო გიმნაზიაში. შემდეგ დაამთავრა თბილისის იუნკრების ქვეითთა სასწავლებელი და ოფიცრების მსროლელთა სკოლა.
სამხედრო სამსახურში შევიდა 1889 წელს. 1896 წლის აპრილიდან პორუჩიკია. მსახურობდა ბაქოს 153-ე ქვეით პოლკში. 1900 წლის მაისში ენიჭება შტაბს-კაპიტნის წოდება, ხოლო 1904 წლიდან კაპიტანია.
მონაწილეობდა რუსეთ-იაპონიის 1904-1905 წლების ომში. არაერთხელ იქნა დაჭრილი. 1911 წლისათვის მსახურობდა 85-ე ვიბორგის ქვეით პოლკში. 1912 წლის 1 სექტემბერს მიენიჭა კაპიტნის სამხედრო წოდება.
I მსოფლიო ომის დროს მსახურობდა 145-ე ნოვოჩერკასკის ქვეით პოლკში, მეთაურობდა ბატალიონს. აქვე ენიჭება პოდპოლკოვნიკის წოდება. 1915 წელს დაინიშნა ცარიცინის 146-ე ქვეითი პოლკის მეთაურად, სადაც ენიჭება პოლკოვნიკის წოდება.
საბრძოლო დამსახურებისათვის დაჯილდოვდა: გიორგის ოქროს იარაღით (1915 წლის 3 იანვარს) და წმ. გიორგის IV ხარისხის (1915 წლის 2 ივნისს) ორდენით, წმ. ვლადიმირის IV ხარისხის (მახვილებით და ბაფთით), წმ. სტანისლავის II ხარისხის (ბაფთით), წმ. ანას IV (მახვილებით და ბაფთით) და საპატიო ლეგიონის ორდენით (საფრანგეთი).
საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, 1918 წლიდან, მსახურობდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შეიარაღებულ ძალებში, სადაც ინიშნება მე-2 ქვეითი დივიზიის მეთაურის მოადგილედ. სომხეთ-საქართველოს ომში იყო შულავერის ფრონტის სარდლის, გენერალ მაზნიაშვილი ს მოადგილე. განსაკუთრებით გამოიჩინა თავი მდინარე ხრამის მისადგომებთან 1918 წლის 18 დეკემბერს გამართულ ბრძოლაში, სადაც კულმინაციურ მომენტში მისმა მცირერიცხოვანმა შენაერთმა უკან დაახევინა შემტევ სომხურ ავანგარდს, რითაც აღკვეთილი იქნა სომხური შენაერთების შემდგომი წინსვლა.
1919 წლის გაზაფხულზე ინიშნება ახალციხისა და ახალქალაქის მაზრების გენერალ- გუბერნატორის მოადგილედ. 1919 წლის აპრილში, თვითგამოცხადებული „სამხრეთ-დასავლეთ კავკასიის,“ იგივე „ყარსის რესპუბლიკის“ საჯარისო ნაწილებთან და პანისლამისტებთან სამხედრო დაპირისპირების დროს, არდაგანის (არტაანი) აღების ოპერაციაში, მეთაურობდა ქართული მხარის ერთ-ერთ შემტევ კოლონას.
1920 წლის განმავლობაში იყო აღმოსავლეთ საქართველოში გაშლილი მე-2 ქვეითი დივიზიის მეთაურის მოადგილე. 1921 წლის დასაწყისში ინიშნება სამხრეთ-აღმოსავლეთის ფრონტზე, ლორეს ქვედა ზონაში გაშლილი ერთ-ერთი შენაერთის სარდლად, რომელიც რუს ბოლშევიკთა მე-11 წითელი არმიის ავანგარდთან 1921 წლის თებერვლის ბრძოლებში დამარცხდა.
რუსეთ-საქართველოს ომის მსვლელობისას, 1921 წლის 25 თებერვალს, თბილისიდან უკანდახევის შემდეგ, მონაწილეობდა 4-5 მარტის ოსიაურის ბრძოლაში, ასევე 18-20 მარტის ბათუმის ბრძოლაში, სადაც ქართულმა შენაერთმა გენერალ მაზნიაშვილის სარდლობით ბათუმიდან განდევნა თურქ ქემალისტთა ჯარები.
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის რუსულ-თურქული ბოლშევიკურ- ქემალისტური ოკუპაციისა და იძულებითი გასაბჭოების შემდეგ საქართველოს მთავრობის წევრებისა და ქართველი გენერალიტეტის ზოგიერთი წარმომადგენლის მსგავსად ემიგრაციაში არ წასულა და დარჩა სამშობლოში. მის შესახებ შემდგომი ბიოგრაფიული ცნობები მიუწვდომელია. გარკვეული ცნობებით გარდაიცვალა 1921 წელს, თუმცა, გარდაცვალების ზუსტი დრო, ადგილი და დეტალები უცნობია.
იხილე აგრეთვე
წყარო
- ქართველი გენერლები
- საქართველოს პირველი რესპუბლიკის გენერლები
- პირველი მსოფლიო ომის მონაწილეები
- წმინდა გიორგის IV ხარისხის ორდენოსნები
- წმინდა ვლადიმირის IV ხარისხის ორდენოსნები
- წმინდა სტანისლავის II ხარისხის ორდენოსნები
- წმინდა ანას IV ხარისხის ორდენოსნები
- საფრანგეთის საპატიო ლეგიონის ორდენოსნები
- სუმბათაშვილები