ცქიტიშვილი ავთანდილ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ავთანდილ ცქიტიშვილი

ცქიტიშვილი ავთანდილ ლევანის ძე(დ. – 1950 გ. – 2013), ქართველი გენერალ-მაიორი (1993) გენერალური შტაბის უფროსი (1993-94).

დაიბადა ქალაქ სარვანში (1957 წლიდან ქალაქი მარნეული). 1967 წელს დაამთავრა ქალაქ თბილისის №29 საშუალო სკოლა. 1969-1972 წლებში სწავლობდა თბილისის უმაღლეს სამეთაურო საარტილერიო სასწავლებელში, ხოლო 1978-1981 წლებში – ლენინგრადის კალინინის სახელობის საარტილერიო აკადემიაში.

1972-1973 წლებში მსახურობდა მე-13 გვარდიული სატანკო დივიზიის მე-6 მოტომსროლელი პოლკის არტილერიის მართვისა და დაზვერვის ოცეულის მეთაურად უნგრეთის სახალხო რესპუბლიკაში, ხოლო 1973-1975 წლებში – ამავე შენაერთის არტილერიის მართვისა და დაზვერვის ასეულის მეთაურად.

1975-1976 წლებში მსახურობდა შუა აზიის სამხედრო ოლქის I საარმიო კორპუსის 155-ე მოტომსროლელი დივიზიის 515-ე მოტომსროლელ პოლკში;

1976-1981 წლებში მსახურობდა შუა აზიის სამხედრო ოლქის I საარმიო კორპუსის 155-ე მოტომსროლელი დივიზიის 906-ე ცალკეული საარტილერიო დივიზიონის შტაბის უფროსად;

1981 წლიდან მსახურობდა ბალტიისპირეთის სამხედრო ოლქის მე-11 გვარდიული არმიის საარტილერიო ბრიგადის დივიზიონის მეთაურად;

1981-1985 წლებში მსახურობდა მე-40 სატანკო დივიზიის 886-ე გვარდიული საარტილერიო პოლკის შტაბის უფროსად;

1985-1986 წლებში მსახურობდა შორეული აღმოსავლეთის სამხედრო ოლქში (მონღოლეთის სახალხო რესპუბლიკაში).

1986-1989 წლებში მსახურობდა 129-ე დივიზიის საარტილერიო პოლკის მეთაურად;

1989-1991 წლებში მსახურობდა საქართველოს სამოქალაქო თავდაცვის შტაბში;

1989 წელს აქტიურად ჩაერთო ეროვნულ-გამათავისუფლებელ მოძრაობაში. იყო ეროვნული გვარდიის ერთ-ერთი დამაარსებელთაგანი.

1990 წლის 20 დეკემბრიდან, საქართველოს ეროვნული გვარდიის-შინაგანი ჯარების ჩამოყალიბების დღიდან, პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას წინადადებით დაანება თავი სსრკ შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში სამსახურს და დაინიშნა ახალი საქართველოს I ბრიგადის პირველ მეთაურად და დაევალა მისი ჩამოყალიბება და დაკომპლექტება. მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობის გზაზე პირველი ნაბიჯების გადადგმა დაიწყო, ის არაერთი სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი საქმის, სასიკეთო წამოწყების სათავესთან იდგა.

მთავრობის დავალებით, სხვა ქართველ ოფიცრებთან ერთად, დაიწყო შეიარაღებული ძალებისთვის საფუძვლების ჩაყრა. საქართველოს უახლესი სამხედრო ისტორიის თვალის ერთი გადავლებითაც ნათლად ჩანს გენერალ ავთანდილ ცქიტიშვილის როლი სამხედრო საქმეში.

სწორედ მას ერგო პატივი ყოფილიყო 1991 წლის 26 მაისს, თბილისის ,,დინამოს“ სტადიონზე გამართული პირველი ეროვნული სამხედრო აღლუმის სარდლობა.

1991 წლის აგვისტოდან მსახურობდა საქართველოს ეროვნული გვარდიის სარდლის პირველ მოადგილედ;

1992 წლის იანვრიდან მსახურობდა თავდაცვის სამინისტროს მთავარი საბრძოლო სამმართველოს უფროსად.

1992 წლის თებერვლიდან იყო საქართველოს შეიარაღებული ძალების მთავარი შტაბის უფროსი;

1992 წლის 12 აგვისტოს მიენიჭა ,,ბრიგადის გენერლის“ სამხედრო წოდება. 1993 წელს ,,ბრიგადის გენერლის“ წოდება შეიცვალა ,,გენერალ-მაიორის“ სამხედრო წოდებით.

1993 წლის მაისიდან მსახურობდა შეიარაღებული ძალების მთავარი შტაბის უფროსად - საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველ მოადგილედ;

1993 წლის 26 მაისს სამხედრო აღლუმზე, თავდაცვის სამინისტროს კოლონებს გენერალი ავთანდილ ცქიტიშვილი ხელმძღვანელობდა . მონაწილეობდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებულ სამხედრო მოქმედებებში.

1993 წელს სოხუმის დაცემის შემდეგ გადადგა დაკავებული თანამდებობიდან; 1997 წლის 8 აპრილს პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის თხოვნით დაბრუნდა სამსახურში სასაზღვრო ძალების შტაბის უფროსად - სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილედ. ამ თანამდებობაზე იმსახურა 1999 წლის 31 დეკემბრამდე.

2000 წელს გახდა ვეტერანთა მოძრაობის აქტიური წევრი და ერთ-ერთი ლიდერი, „ძალოვანი სტრუქტურების ვეტერანთა ლიგისა“ და ,„საქართველოს ლეგიონის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი;

2013 წლიდან მუშაობდა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის უფროსის მრჩევლად.

იყო ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანი. დაჯილდოებულია ,,ვახტანგ გორგასლის“ III ხარისხის (1999 წ.) და ,,ღირსების“ ორდენით.

გარდაიცვალა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას. დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს სასაფლაოზე.₰


წყარო

დამოუკიდებელი საქართველოს გენერლები და ადმირალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები