ზაქაიძე ილია
ზაქაიძე ილია ვასილის ძე - ([7. VII. 1924, დუშეთი - 2008), ხალხური მომღერალი, საქართველოს სახალხო არტისტი (1980).
1957-იდან საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის წამყვანი სოლისტია. უბადლო ოსტატობით ასრულებს ქართლ-კახურ სიმღერებს: („ჩაკრულო“, „შენ ბიჭო ანაგურელო“, „მეტივური“, „ჭონა“, „გუშინ შვიდნი გურჯანელნი“, „შაშვი-კაკაბი“, „კალოსპირული“, „საქართველო“ და სხვ.).
აღსანიშნავია ზაქაიძის მიერ ჩონგურზე მაღალი ოსტატობით დამღერებული ცალფა სიმღერები („ბალადა ვეფხისა და მოყმისა“ და სხვ.). კონცერტებს მართავს საქართველოს ყველა კუთხეში და საზღვარგარეთ. 1977 აშშ-ში გაშვებულ ავტომ. საპლანეტათაშორისო სადგურებზე „ვოიაჯერ-1-სა“ და „ვოიაჯერ-2-ზე“ (რომლებმაც უკვე დატოვეს მზის სისტემა) სხვა ინფორმაციასთან ერთად ჩაწერილია სიმღერა „ჩაკრულო“ ზაქაიძის შესრულებით.
წყარო
მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი / [შემდგ.: ანზორ თამარაშვილი; მთ. რედ.: გულბათ ტორაძე]. [ახალციხე: თბილ. უნ-ტის მესხეთის ფილიალის გამ-ბა], 2005 (ა.ო. "პროგრესი")