ფორთოხალი ბათუმის
ფორთოხალი ბათუმის - ფორთოხლის ეს ჯიში ადგილობრივ ჯიშებში მეტად გამოირჩევა. გავრცელებულია ბათუმის რაიონში – გონიოში. გამოყოფილი და პირველად აღწერილია ე. თოფურიძისა და მ. ტაბლიაშვილის მიერ.
სარჩევი |
ხე
ხე 6–7 მეტრის სიმაღლისაა, მძლავრად დატოტვილი უხფოთლიანი ვარჯით. ფოთლები დიდია, გრძელი, მოგვაგონებს მანდარინის ფოთლებს, ყუნწი მოკლეა, ფრთა არ ემჩნევა, ტანი (შტამბი) საკმაოდ დიდია – 0,5–1 მეტრამდე, მუქი ნაცრისფერი ქერქით.
ნაყოფი
ნაყოფი მსხვილია, წესიერი ფორმის, მრგვალია, ზედაპირი ღია ნარინჯისფერია, ეთერზეთოვანი ჯირკვლები პატარებია, როგორც ჩამჯდარი, ისე ზედაპირული. საშუალო წონა 250 გრამამდეა, სიმაღლე 7,0–7,5 სმ. და დიამეტრი 8,5 სმ-მდე. ნაყოფის ფუძე ჩაღრმავებულია, წვერი ბრტყელი და მომრგვალებული.
კანი
კანი სქელია, მკვრივი, 0,5 – 1,0 სმ-მდე, კანის ქვედა ფენა მოყვითალოა და რბილობთან მჭიდროდ შებმულია, სეგმენტები წესიერია, სოლისებრი, ცენტრისაკენ ბლაგვი, გულის ღერძი დიდია, დიამეტრი 1,3 სმ., ამოვსებული ფუყე ალბედოთი.
რბილობი
რბილობის განაჭერი ლამაზი, წესიერ-ჯავარიანი, მუქი ნარინჯისფერისაა. სეგმენტების აპკები მეტად უხეში და სქელია. საწვნე უჯრედები საშუალო ზომისაა, მოგრძო, თითისტარისებრია. წვენი უხვია, ყვითელი, სასიამოვნო ტკბილ-მჟავე გემოსი, ხორცი სასიამოვნო, მდნობარე, ნაზი კონსინსტენციისა.
თესლი
თესლი ნაყოფში 2–18-ია, საკმაოდ მსხვილებია, თესლის საფარის შიგაფენი ვარდისფერია, ქალაძასთან – წითელია. ლებნები თეთრია, ჩანასახი – მოყვითალო. ჯიში საკმაოდ ადრეულა და უხვმოსავლიანია.
წყარო
საქართველოს კულტურული ფლორის ატლასი = Атлас культурной флоры Грузии = Atlas for the cultivated Flora of Georgia / ნ. ხომეზურიშვილი და ელ. ერისთავი; საქართველოს სსრ მიწსახკომი. ლ.პ. ბერიას სახელ. სას.-სამ. ინსტიტუტი. ტ. 3 : ციტრუსები / ე. თოფურიძე, მ. ტაბლიაშვილი და ვ. შანიძე ; რედ. და წინასიტყვ. ავტ.: ნ. კეცხოველი.