კოსმოსური კავშირი
კოსმოსური კავშირი - ინფორმაციის გაცვლა კ.კ-ის დედამიწისეულ სადგურებსა და კოსმოსურ აპარატებს შორის. კ.კ. ფართოდ გამოიყენება ტელემეტრიული, სატელეფონო, სატელეგრაფო, ფოტოსატელეგრაფო, სატელევიზიო და სხვა ინფორმაციის გადასაცემად. მისი სისტემები საშუალებას გვაძლევს, გადავწყვიტოთ რეგიონებს, ქვეყნებს, შორეულ რაიონებს შორის გლობალური კავშირის პრობლემა, უზრუნველვყოთ საიმედო მობილური კავშირი ჯარების (ძალების) ძირითადი დაჯგუფებების მოქმედების უმნიშვნელოვანეს მიმართულებებზე. კ.კ-ის ორგანიზაციის ყველაზე გავრცელებული ფორმაა კ.კ-ის დედამიწისეული სადგურების გამოყენება. ყველაზე ფართო განვითარება კ.კ-მა პოვა აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის და საფრანგეთის სამხედროსაზღვაო ძალებში. აქ 80-იანი წლების დამდეგს შეიქმნა სამხედრო თანამგზავრული კავშირის ეროვნული სისტემები. ნატოს ძირი- თადი ქვეყნების სახმელეთო ჯარებში მშვიდობიანობის დროს კ.კ-ის გამოყენება გათვალისწინებულია მართვის ოპერატიულ-სტრატეგიულ რგოლში, ხოლო წვრთნების დროს და საშიშროების პერიოდში მართვის ტაქტიკურ რგოლსაც ემსახურება.