დიურასი მარგერიტ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
11:47, 25 აგვისტო 2016-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მარგერიტ დიურასი

დიურასი მარგერიტ - (ფრ. DURAS MARGUERITE. 1914 -1996). ხშირად მოიხსენიებენ, როგორც დიურა. ნამდვილი გვარია დომადიე. ფრანგი მწერალი, დრამატურგი, სცენარისტი, რეჟისორი და მსახიობი ქალი.

ბიოგრაფია

მარგერიტ დიურასი დაიბადა 1914 წლის 4 აპრილს ვიეტნამში, მაშინდელ ფრანგულ კოლონიაში. დიურასმა იქ გაატარა ბავშვობა და სიყმაწვილე, რომელიც აღწერა რომანში „საყვარელი“ („L’Amant“, 1984), რომელიც ბესტსელერად გადაიქცა და გონკურების პრემიაც მოუტანა.

1932 წელს იგი პარიზში გადადის საცხოვრებლად და ამთავრებს უნივერსიტეტს. პირველი რომანის - „უსირცხვილონი“ (1943) გამოქვეყნების შემდეგ მთლიანად გადაერთო ლიტერატურაზე. დიურასი 150-მდე წიგნის ავტორია, მათ შორის ბრწყინვალე ნარკვევისა - „მოდერატო კანტაბილე“ („Moderato Contabile,“ 1958). მოგვიანებით უკავშირდება თეატრსა და კინოს. მან დაწერა სცენარი ცნობილი ფილმისათვის „ჰიროსიმა, ჩემი სიყვარული“ („Hiroshima, mon amour“, 1960, რეჟისორი ალენ რენე; „ასეთი ხანგრძლივი არყოფნა“ („Une aussi longue absence“, 1961), „ადამიანი ატლანტიკიდან“ (1981) და მრავალი სხვ.

მარგერიტ დიურასის პროზა დაახლოებულია ფრანგული „ახალი რომანის“ პოეტიკასთან. პირველივე პიესამ „სკვერი“ („Le Square“) 1956 წელს მწერალი გადააქცია ავანგარდისტული თეატრის ერთ-ერთ ლიდერად, რომელიც ანტიდრამის მხატვრულ პრინციპებს იყენებდა და ამავე დროს მის გარკვეულ გადაფასებასაც აკეთებდა. თავის ნაწარმოებებში ცდილობდა ეჩვენებინა, რომ მარტოობა, ურთიერთგაუგებრობა ყველას ხვედრია. დიურასი უკუაგდებს ტრადიციულ დრამატურგიულ ტექნიკას, პირველ ყოვლისა, ინტრიგას („წყალნი და ტყენი“, „Les Eaux et Forêts“, 1965; „სიუზანა ანდლერი“, 1968). მისი თეატრის მთავარი გმირი ხდება სიტყვა, რომელიც შორდება ადამიანთა მიერ ჩადენილ საქციელს და კარგავს მის პირვანდელ მნიშვნელობას.(სპექტაკლში „India song“, 1973, გამოყენებული იყო მსახიობთა წმინდა მიმური თამაში). მწერალი ქმნის სამყაროს საშინელ, გროტესკულ სურათს, სადაც გამქრალია სოციალური და ფსიქოლოგიური კავშირები. ატომური კატასტროფის შემდეგ უდაბნოში ხვდება ორი ქალი. ისინი დიდი გაჭირვებით იხსენებენ მშობლიურ ენას, თავიდან სწავლობენ სიტყვათა და მოვლენათა მნიშვნელობებს („Yes“, „იქნებოდეს იქნება“, 1968). ქალი უცბად იწყებს ლაპარაკს უცნობ დიალექტზე და მხოლოდ გიჟებს ესმით მისი.

დიურასის პერსონაჟებისთვის, რომელნიც მკაცრ სამყაროში დაიკარგნენ, სიტყვა იქცევა ერთადერთ რეალობად. „ღამის ხომალდში“ (1979) შემთხვევითი სატელეფონო ნაცნობობა გადაიზრდება სიყვარულში, მაგრამ გმირები მაინც ვერ ხვდებიან ერთმანეთს.

მონოპიესაში „სავანა ბეი“ („Savannah Bay“, 1983) ხნიერი მსახიობი ქალის მოგონებები აღმოჩნდება მის მიერ განუხორციელებელი როლების ნაწყვეტები.

დრამაში „აგატა“ (1981) და-ძმისათვის, რომელნიც მოგონებებთ ცხოვრობენ, გამოგონილი მოვლენები პაექრობას უწევენ ნამდვილად მომხდარ ამბებს. ოცი წლის შემდეგ პიესის - „მუსიკა“ (1965) გადამუშავებისას დიურასმა დაასრულა მეორე აქტი, შეცვალა ტექსტის ტონალობა: სიყვარულის ლირიკული ისტორია გადაიქცა სიკვდილ-სიყვარულის დრამად, რომელიც თან ატარებს წამებასა და განცდებს ყოფილი ცოლ-ქმრის შეხვედრისას ხანგრძლივი განშორების შემდეგ („მუსიკა“, 1985). პირველ ვარიანტში მათ რჩებოდათ იმედი ბედნიერებაზე - ჰქონდათ ტკბილი და მწარე მოგონებანი. ახლა კი ერთად გატარებული ღამის შედეგად სცადეს თავიდან აღედგინათ ურთიერთობის ისტორია, როგორიც ის იყო სინამდვილეში, როგორც მათ წარმოედგინათ. მათ მხოლოდ საკუთარ სიყვარულს დაუსვეს წერტილი, იმ ერთადერთს და საუკეთესოს, რაც მათ გააჩნდათ თავიანთ უფერულ ცხოვრებაში.

წყარო

  • XX საუკუნის ფრანგი დრამატურგები და თეატრის თეორეტიკოსები: [ცნობარი / შეადგინა ლევან ხეთაგურმა]. - თბ., 1998. - 111გვ.; 21სმ
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები