დიურასი მარგერიტ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მარგერიტ დიურასი

დიურასი მარგერიტ - (ფრ. DURAS MARGUERITE. 1914 -1996). ხშირად მოიხსენიებენ, როგორც დიურა. ნამდვილი გვარია დომადიე. ფრანგი მწერალი, დრამატურგი, სცენარისტი, რეჟისორი და მსახიობი ქალი.

ბიოგრაფია

მარგერიტ დიურასი დაიბადა 1914 წლის 4 აპრილს ვიეტნამში, მაშინდელ ფრანგულ კოლონიაში. დიურასმა იქ გაატარა ბავშვობა და სიყმაწვილე, რომელიც აღწერა რომანში „საყვარელი“ („L’Amant“, 1984), რომელიც ბესტსელერად გადაიქცა და გონკურების პრემიაც მოუტანა.

1932 წელს იგი პარიზში გადადის საცხოვრებლად და ამთავრებს უნივერსიტეტს. პირველი რომანის - „უსირცხვილონი“ (1943) გამოქვეყნების შემდეგ მთლიანად გადაერთო ლიტერატურაზე. დიურასი 150-მდე წიგნის ავტორია, მათ შორის ბრწყინვალე ნარკვევისა - „მოდერატო კანტაბილე“ („Moderato Contabile,“ 1958). მოგვიანებით უკავშირდება თეატრსა და კინოს. მან დაწერა სცენარი ცნობილი ფილმისათვის „ჰიროსიმა, ჩემი სიყვარული“ („Hiroshima, mon amour“, 1960, რეჟისორი ალენ რენე; „ასეთი ხანგრძლივი არყოფნა“ („Une aussi longue absence“, 1961), „ადამიანი ატლანტიკიდან“ (1981) და მრავალი სხვ.

მარგერიტ დიურასის პროზა დაახლოებულია ფრანგული „ახალი რომანის“ პოეტიკასთან. პირველივე პიესამ „სკვერი“ („Le Square“) 1956 წელს მწერალი გადააქცია ავანგარდისტული თეატრის ერთ-ერთ ლიდერად, რომელიც ანტიდრამის მხატვრულ პრინციპებს იყენებდა და ამავე დროს მის გარკვეულ გადაფასებასაც აკეთებდა. თავის ნაწარმოებებში ცდილობდა ეჩვენებინა, რომ მარტოობა, ურთიერთგაუგებრობა ყველას ხვედრია. დიურასი უკუაგდებს ტრადიციულ დრამატურგიულ ტექნიკას, პირველ ყოვლისა, ინტრიგას („წყალნი და ტყენი“, „Les Eaux et Forêts“, 1965; „სიუზანა ანდლერი“, 1968). მისი თეატრის მთავარი გმირი ხდება სიტყვა, რომელიც შორდება ადამიანთა მიერ ჩადენილ საქციელს და კარგავს მის პირვანდელ მნიშვნელობას.(სპექტაკლში „India song“, 1973, გამოყენებული იყო მსახიობთა წმინდა მიმური თამაში). მწერალი ქმნის სამყაროს საშინელ, გროტესკულ სურათს, სადაც გამქრალია სოციალური და ფსიქოლოგიური კავშირები. ატომური კატასტროფის შემდეგ უდაბნოში ხვდება ორი ქალი. ისინი დიდი გაჭირვებით იხსენებენ მშობლიურ ენას, თავიდან სწავლობენ სიტყვათა და მოვლენათა მნიშვნელობებს („Yes“, „იქნებოდეს იქნება“, 1968). ქალი უცბად იწყებს ლაპარაკს უცნობ დიალექტზე და მხოლოდ გიჟებს ესმით მისი.

დიურასის პერსონაჟებისთვის, რომელნიც მკაცრ სამყაროში დაიკარგნენ, სიტყვა იქცევა ერთადერთ რეალობად. „ღამის ხომალდში“ (1979) შემთხვევითი სატელეფონო ნაცნობობა გადაიზრდება სიყვარულში, მაგრამ გმირები მაინც ვერ ხვდებიან ერთმანეთს.

მონოპიესაში „სავანა ბეი“ („Savannah Bay“, 1983) ხნიერი მსახიობი ქალის მოგონებები აღმოჩნდება მის მიერ განუხორციელებელი როლების ნაწყვეტები.

დრამაში „აგატა“ (1981) და-ძმისათვის, რომელნიც მოგონებებთ ცხოვრობენ, გამოგონილი მოვლენები პაექრობას უწევენ ნამდვილად მომხდარ ამბებს. ოცი წლის შემდეგ პიესის - „მუსიკა“ (1965) გადამუშავებისას დიურასმა დაასრულა მეორე აქტი, შეცვალა ტექსტის ტონალობა: სიყვარულის ლირიკული ისტორია გადაიქცა სიკვდილ-სიყვარულის დრამად, რომელიც თან ატარებს წამებასა და განცდებს ყოფილი ცოლ-ქმრის შეხვედრისას ხანგრძლივი განშორების შემდეგ („მუსიკა“, 1985). პირველ ვარიანტში მათ რჩებოდათ იმედი ბედნიერებაზე - ჰქონდათ ტკბილი და მწარე მოგონებანი. ახლა კი ერთად გატარებული ღამის შედეგად სცადეს თავიდან აღედგინათ ურთიერთობის ისტორია, როგორიც ის იყო სინამდვილეში, როგორც მათ წარმოედგინათ. მათ მხოლოდ საკუთარ სიყვარულს დაუსვეს წერტილი, იმ ერთადერთს და საუკეთესოს, რაც მათ გააჩნდათ თავიანთ უფერულ ცხოვრებაში.

გამოცემები ქართულ ენაზე
  • მთელი დღეები ხეებზე: [რომანი] / მ. დიურასი ; თარგმ. ე. ჭიჭიაშვილმა. აფრა თბილისი, 2000. N8, გვ.73-102
  • გიბრალტარელი მეზღვაური: [რომანი] / მარგერიტ დიურასი ; მთარგმნ. მერაბ ფიფია ; რედ. ბელა ჩეკურიშვილი; დიზაინი ნიკოლოზ ბაგრატიონი.
  • კაშხალი წყნარი ოკეანის წინააღმდეგ: [რომანი / მთარგმნ.: გურანდა დათაშვილი; რედ.: მზია ბაქრაძე]. თბ.: ჯისიაი, 2001.
  • ლოლ ვ. სტეინის გატაცება = Le ravissement de Lol V. Stein : [რომანი] / მარგერიტ დიურასი; ფრანგ. თარგმნა გურანდა დათაშვილმა. თბ.]: ჯეოპრინტი, [2006]
  • მოდერატო კანტაბილე: [რომანი] / მარგერიტ დიურასი; ფრანგ. თარგმნა გიორგი ძნელაძემ; რედ. თეა ქიტოშვილი. თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013 (საქ. საპატრიარქოს სტ. "მეგობრობა")
  • ტარკვინიის პატარა ცხენები: [რომანი] / მარგერიტ დიურასი; ფრანგ. თარგმნა გიორგი ძნელაძემ; რედ. თამარ ნინიკაშვილი. თბ.: კლიო, 2012.
  • ნორჩი ინგლისელი მფრინავის სიკვდილი: [პროზა] / მარგერიტ დიურასი; თარგმ. ნანა იაშვილმა. ლიტერატურული პალიტრა თბილისი, 2011. იანვარი, N1(76), გვ.99-105
  • სიკვდილის სენი: ფრაგმენტი / მარგერიტ დიურასი ; ფრანგულიდან თარგმნა გურანდა დათაშვილმა. არილი : საზოგადოებრივ-ლიტერატურული ჟურნალი თბილისი, 2014. 2298-0954 აპრილი, N2(222), გვ.10-11, გარი/დიურასი - 100
  • შავი თმა, ცისფერი თვალები: [რომანი] / მარგერიტ დიურასი ; ფრანგ. თარგმნა ზაალ ჩხეიძემ ; რედ. ლალი ჭინჭარაული. თბ.: პალიტრა L, 2013.
  • საყვარელი ჩრდილოეთ ჩინეთიდან: [რომანი] / მარგერიტ დიურასი ; თარგმანი გიორგი ძნელაძე ; მხატვ. ნიკა თეთრაშვილი. თბ.: ელფი, 2012.
  • [მოთხრობები] / მარგარიტ დიურასი; ფრანგ. თარგმ. მარინა ავალიანმა. შინაარსი: ალკოჰოლი, ბორდოს მატარებელი, ღამის უკანასკნელი კლიენტი.
  • ღამის უკანასკნელი კლიენტი / მარგერიტ დიურასი; თარგმნა მარინა ავალიანმა. კვირის პალიტრა თბილისი, 2014. 3 - 9 თებერვალი, N6 (1018), გვ.31





წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები