ჰალუცინაცია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ავგუსტ ნატტერერი, ჩემი თვალები ხილვების დროს

ჰალუცინაცია - (hallucination), ნებისმიერ მოდალობაში წარმოქმნილი სენსორული აღქმა, შესაბამისი გარეგანი სტიმულირების არარსებობისას. სენსორული მოდალობის გარდა, ჰალუცინაციები იყოფა ინტენსივობის, სირთულის, აღქმის სიცხადის და გარე სამყაროში მათი პროექციის სუბიექტური ხარისხის მიხედვით.

ჰალუცინაციები შეიძლება ჰქონდეს ჯანმრთელ ადამიანს – ნახევრად მიძინებულ მდგომარეობაში (ჰიპნოგოგიური) ან არასრული გამოღვიძებისას (ჰიპნოპომპიური). როგორც პათოლოგიური ფენომენი, ჰალუცინაცია შეიძლება წარმოადგენდეს ისეთი დაავადებების სიმპტომს, როგორიცაა თავის ტვინის დაავადება, ფუნქციური ფსიქოზი, სამკურნალო (ფსიქოაქტიური) საშუალების ტოქსიკური ზემოქმედება. ყოველ ზემოაღნიშნულ შემთხვევაში შეინიშნება დამახასიათებელი თავისებურება. ასევე აუცილებელია განვასხვავოთ კულტურულად წესდებული „ფსევდოჰალუცინაციებისაგან“ და ტრანსისგან. (ფსიქიატრიის ლექსიკონები)

სარჩევი

ჰალუცინაციების აღწერა

ჰალუცინაციების აღწერა
სირთულის მიხედვით
  • მარტივი
  • რთული
შეგრძნების მოდალობის მიხედვით
  • სმენითი
  • მხედველობითი (ვიზუალური)
  • ყნოსვითი და გემოვნებითი
  • სომატური (ტაქტილური და ვისცერალური)
სპეციალური მახასიათებლების მიხედვით
  • სმენითი
  • მეორე პირის
  • მესამე პირის
  • Gedankenlautwerden
  • écho de la pensée
  • მხედველობითი
  • ექსტრაკამპინური
აუტოსკოპური ჰალუცინაცია
რეფლექტორული ჰალუცინაცია
ჰიპნოგოგიური და ჰიპნოპომპიური ჰალუცინაციები

ჰალუცინაციის ტიპები

ჰალუცინაციები შეიძლება აღვწეროთ მათი სირთულისა და სენსორული მოდალობების მიხედვით (იხ.ცხრილი ).

სირთულის მიხედვით არსებობს მარტივი და რთული ჰალუცინაციები. მარტივი სმენითი ჰალუცინაციის დროს, ადამიანს ესმის ხმაური (მაგ. ჯახუნის ხმები) ან სტვენა, ხოლო რთულის დროს - ხმები ან მუსიკა;

მარტივი მხედველობითი ჰალუცინაციის დროს, ადამიანი ხედავს სინათლის გაელვებას, ხოლო რთულის დროს - ადამიანების სახეებს ან სხვადასხვა სცენებს.

სმენითი ჰალუცინაცია

სმენითი ჰალუცინაციების დროს ადამიას შეიძლება ესმოდეს ხმაური, მუსიკა ან ხმები. ხმები შე ძლება იყოს მკვეთრი ან ბუნდოვანი და მას სიტყვების, ფრაზების ან წინადადებების ფორმა ჰქონდეს. ისინი შეიძლება პირდაპირ პაციენტს მიმართავდნენ (მეორე პირის ჰალუცინაციები) ან ერთმანეთში საუბრობდნენ და პაციენტს მესამე პირში იხსენიებდნენ (მესამე პირის ჰალუცინაციები). ზოგჯერ პაციენტი ამბობს, რომ ხმებმა წინასწარ იციან ის, რის გაფიქრებასაც ის ცოტა ხნის შემდეგ აპირებს. ზოგჯერ ხმები პაციენტის ფიქრებს პარალელურად ახმოვანებენ (Gedankenlautwerden) ან იმეორებენ იმას, რაც პაციენტმა ცოტა ხნის წინ გაიფიქრა (écho de la pensée).

მხედველობითი ჰალუცინაცია

მხედველობითი ჰალუცინაციები შეიძლება იყოს მარტივი და რთული, ხოლო ჰალუცინაციის ობიექტის ზომის მიხედვით - ნორმალური ან ანომალიური. ისეთ ჰალუცინაციას, რომლის დროსაც პიროვნებას ჯუჯა ფიგურები ეჩვენება,ზოგჯერ ლილიპუტურს უწოდებენ. ხანდახან პაციენტი აღწერს მხედველობით ჰალუცინაციას, რომლის დროსაც ის რაიმეს ან ვინმეს საკუთარი მხედველობის არის მიღმა, ჩვეულებრივ, თავს უკან ხედავს (ექსტრაკამპინური ჰალუცინაციები).

ყნოსვითი და გემოვნებითი ჰალუცინაცია

ყნოსვითი და გემოვნებითი ჰალუცინაციები ხშირად ერთად განიცდება. სუნი და გემო უმეტეს შემთხვევაში უსიამოვნოა.

ტაქტილური ჰალუცინაცია

ტაქტილური ჰალუცინაციების დროს, რომელსაც ზოგჯერ ჰაპტურ ჰალუცინაციებს უწოდებენ, ადამიანი შეიძლება გრძნობდეს შეხებას, ჩხვლეტას ან დახრჩობას. ზოგჯერ შეიძლება ისეთი შეგრძნება ჰქონდეს, თითქოს მის კანქვეშ რაღაც მოძრაობს, რასაც პაციენტი ტანსაცმლის ქსოვილში დამალულ მწერებს, ჭიებს ან სხვა მცირე ზომის ქმნილებებს მიაწერს. ვისცერალური შეგრძნებების ჰალუცინაციების დროს შეიძლება პაციენტს ეჩვენებოდეს, რომ შინაგანი ორგანოები გაწელილი ან დაბერილი აქვს. ასევე შესაძლოა, აღენიშნებოდეს სასქესო ორგანოების სტიმულაციის ან ელექტროშოკის შეგრძნებები.

აუტოსკოპური ჰალუცინაცია

აუტოსკოპური ჰალუცინაციის დროს პაციენტი ხანმოკლე დროის მანძილზე თავის სხეულს ხედავს გარე სივრცეში პროეცირებულად, ჩვეულებრივ, საკუთარი თავის წინ. სენსორული დეპრივაციის დროს ასეთი სახის გამოცდილებას, ხანდახან, ჯანმრთელი ადამიანებიც აღწერენ. ასეთ განცდას სხეულის მიღმა ყოფნის განცდას უწოდებენ. აუტოსკოპიური ჰალუცინაციები ადამიანებს სერიოზული ავარიის ან გული შეტევის შემდეგაც აღენიშნებათ (ორივე შემთხვევაში ადამიანს ისეთი განცდა აქვს, თითქოს სიკვდილს თვალებში ჩახედა). იშვიათ შემთხვევაში, ასეთი გამოცდილების დროს, პაციენტი შეიძლება დარწმუნებული იყოს, რომ მას ორეული ჰყავს (Doppelganger).

რეფლექტორული ჰალუცინაცია

რეფლექტორული ჰალუცინაციები იშვიათი ფენომენია, რომლის დროსაც ერთი რომელიმე მოდალობის სტიმული მეორე მოდალობაში იწვევს ჰალუცინაციას. მაგ., მუსიკამ შეიძლება მხედველობითი ჰალუცინაციები გამოიწვიოს. (ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში)



იხილე აგრეთვე

ჰალუცინაციების კლინიკური გამოხატულება

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები