პარანოია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პარანოია - (F220), (paranoia), იშვიათი ქრონიკული ფსიქოზი, როდესაც ლოგიკურად დალაგებული ბოდვითი იდეების სისტემა ყალიბდება, მაგრამ ჰალუცინაციები და შიზოფრენიული ტიპის აზროვნების დარღვევა არ აღინიშნება. შინაარსით ბოდვა წარმოადგენს განდიდების (მესიანობა ან გამომგონებლობა), დევნის და სომატური პათოლოგიის იდეებს.

ისტორიული კონტექსტი

ტერმინს - პარანოია, რომლისგანაც თანამედროვე ზედსართავი სახელი - „პარანოიდული“, წარმოიქმნა, ხანგრძლივი და მრავალმხრივი ისტორია აქვს. შეიძლება ითქვას, რომ მან გაცილებით მეტი კამათი და აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია, ვიდრე სხვა ტერმინებმა, რომლებიც ფსიქიატრიაში გამოიყენება. ლუისი (Lewis, 1970) გვთავაზობს სათანადო ლიტერატურის ამომწურავ მიმოხილვას. ეს უმეტესწილად გერმანული ლიტერატურაა, რომელიც ძირითადად 1970 წლამდეა შექმნილი. სიტყვა „პარანოია“ ბერძნული წარმოშობისაა: para (გარეშე) და nous (გონება). ძველ ბერძნულ ლიტერატურაში იგი „გონების გადაცდენის“, ანუ არაჯანსაღი გონების, სულიერი ავადმყოფობის მნიშვნელობით იხმარებოდა. ამ სიტყვის ფართო მნიშვნელობით გამოყენება აღადგინეს მეთვრამეტე საუკუნეში; მაგრამ, როდესაც მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევარში გერმანულ ფსიქიატრიაში მან განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა, ეს ტერმინი უშუალოდ დაუკავშირდა მდგომარეობას, რომელიც დევნის და განდიდების ბოდვისათვის არის დამახასიათებელი. გერმანული ტერმინი Verrucktheit ხშირად გამოიყენებოდა ასეთი მდგომარეობების აღსაწერად, მაგრამ საბოლოოდ ის პარანოიამ შეცვალა. ამ აშლილობის შესახებ მრავალი შეხედულება არსებობდა. ძირითადი საკითხები, რომლებიც დღესაც პრობლემად რჩება, შემდეგია:

  • წარმოადგენს თუ არა ამგვარი მდგომარეობა პირველად აშლილობას, თუ ის მეორადია სხვა აშლილობის მიმართ?
  • უცვლელია თუ არა ის წლების მანძილზე, თუ მხოლოდ ავადმყოფობის განვითარების ეტაპია, რომლის შემდგომ სტადიაზე ინტელექტისა და პიროვნების დაქვეითება ვლინდება?
  • აღმოცენდება თუ არა ჰალუცინაციის გარეშე?
  • არსებობს თუ არა ამ აშლილობის ისეთი ფორმა, რომელსაც კარგი პროგნოზი აქვს?

კალბაუმმა ეს საკითხები ჯერ კიდევ 1863 წელს წამოჭრა, როდესაც მან პარანოია გამოყო, როგორც დამოუკიდებელი პირველადი მდგომარეობა, რომელიც უცვლელად ნარჩუნდება წლების მანძილზე. კრეპელინმა ძლიერი ზეგავლენა მოახდინა პარანოიის ცნების ჩამოყალიბებაზე, თუმცა მას არ აკმაყოფილებდა ეს ტერმინი და მისი შეხედულება ამის თაობაზე დროთა განმავლობაში მნიშვნელოვნად იცვლებოდა. 1896 წელს ის ამ ტერმინს იყენებდა მხოლოდ განუკურნებელი, ქრონიკული და სისტემატური ბოდვის მნიშვნელობით, რომელსაც არ ახლავს მძიმე პიროვნული აშლილობა. თავისი ნაშრომის მეექვსე გამოცემაში ის წერს:

„ბოდვა, რომელიც ნაადრევი ჭკუასუსტობის (შიზოფრენია) დროს გვხვდება, უკიდურესად ფანტასტიკურია. ის იცვლება ყოველგვარი მიზეზის გარეშე, უსისტემოდ და პაციენტი მას ვერ უკავშირებს თავისი წარსული ცხოვრების მოვლენებს; მაშინ, როცა პარანოიის დროს ბოდვა ძირითადად შემოიფარგლება რეალური მოვლენების ავადმყოფური ინტერპრეტაციით, რაც ერთმანეთშია გადახლართული და - ორგანიზებულ, - არაწინააღმდეგობრივ მთლიანობას ქმნის. ბოდვა თანდათანობით ფართოვდება და ახლად მომხდარ მოვლენებსაც მოიცავს. ამ მოვლენების შეუსაბამობებსა და მიზეზებს პიროვნება თავისებურ ახსნას უძებნის”. (Kraepelin 1904, p.199)

უფრო გვიან კრეპელინი (Kraepelin, 1919) იყენებს იასპერსის (Jaspers, 1913) მიერ დადგენილ განსხვავებას პიროვნების განვითარებასა და დაავადების პროცესს შორის. ის თვლის, რომ პარანოია, როგორც დაავადების პროცესის მაგალითი, განსხვავდება ნაადრევი ჭკუასუსტობის განვითარების პროცესისაგან. თავის ბოლო ნაშრომში კრეპელინი (Kraepelin, 1919) ერთმანეთისაგან განასხვავებს ნაადრევ ჭკუასუსტობას, პარანოიას და მესამე პარანოიდულ ფსიქოზს ანუ პარაფრენიას.


წყარო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ფსიქიატრიის ლექსიკონები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები