ბურჯანაძე ვარლამ
ბურჯანაძე ვარლამ ამირანის ძე - (23.I.1873, სოფ. ობჩა, ქუთაისის მაზრ. - 17.X.1941, თბილისი) - პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე. სოციალ-დემოკრატი (ალიონელი). საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს წევრობის კანდიდატი. ქ.შ.წ.კ.გ. საზოგადოების მდივანი.
განათლება გორის საოსტატო სასწავლებელში მიიღო. მუშაობდა ქ.შ.წ.კ.გ. საზოგადოების კავკავის სკოლის პედაგოგად, შემდგომში - ბაქოს ქართულ სკოლაში. 1914 წლოდან იყო ქ.შ.წ.კ.გ. საზოგადოების მდივანი. აქვეყნებდა სტატიებს ნაციონალისტ სოციალ-დემოკრატთა ფრაქციის გაზეთ „ალიონში“.
1917 წლის ნოემბერში ახლად შექმნილი საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრობის
კანდიდატად დასახელდა. 1918 წლის 26 მაისს ხელი მოაწერა საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს. 1918 წლის ივნისში ალიონის
ფრაქციამ განახლებული ეროვნული საბჭოს წევრობის კანდიდატად დაასახელა, თუმცა წევრი არ გამხდარა. დამოუკიდებლობის პერიოდში აქტიურ საგანმანათლებლო და საზოგადოებრივ საქმიანობას ეწოდა.
1919-1921 წლებში რედაქტორობდა ჟურ. „განათლებას“. იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მასწავლებელთა კავშირის თავმჯდომარე.
საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ განაგრძობდა პუბლიცისტურ და პედაგოგიურ საქმიანობას. 1930 პოლიტიკური ნიშნით დააპატიმრეს და სამწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. პატიმრობის შემდეგ მუშაობდა პედაგოგად. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.
- ირაკლი ირემაძე
ლიტერატურა
გ. შარაძე, ისტორიული რელიკვიების დაბრუნება. თბ., 2000; ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, მამულიშვილთა სავანე, თბ., 1994; გაზ. „ერთობა“, 1920, №203.
წყარო
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი