ლორთქიფანიძე ივანე
ლორთქიფანიძე ივანე ნესტორის ძე - (30.VII.1890, სოფ. მარანი, სენაკის მაზრ. - 14.IX.1937) - ქართველი სოციალისტ-რევოლუციონერი. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გზათა მინისტრი. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს (პარლამენტის) და დამფუძნებელი კრების წევრი.
სარჩევი |
ბიოგრაფია
დაიბადა აზნაურის ოჯახში. ესერთა პარტიას ახალგაზრდობიდანვე, თბილისის ვაჟთა გიმნაზიაში სწავლის პერიოდში შეუერთდა. 1905 დააპატიმრეს პოლიტიკური მიზეზით. 1907 წელს ჩაირიცხა ხარკოვის უნივერსიტეტში, სწავლობდა სამედიცინო ფაკულტეტზე, აქტიურად მონაწილეობდა ესერ სტუდენტთა საქმიანობაში. 1913 წელს კვლავ დააპატიმრეს. 1914 წლიდან როგორც სამხედრო ექიმი, გაიწვიეს რუსეთის იმპერიის არმიაში.
1917 წლის რევოლუციის შემდეგ აქტიურად მონაწილეობდა ამიერკავკასიისა და საქართველოს პოლიტიკურ მოვლენებში. 1918 წელს იყო ამიერკავკასიის სეიმის წევრი. იგი შედიოდა ამიერკავკასიის სეიმის მიერ შერჩეულ დელეგაციაში, რომელიც გაიგზავნა ტრაპიზონის კონფერენციაზე, ოსმალეთთან მოსალაპარაკებლად, რომელიც 1917 წლის 14 მარტს დაიწყო. თავდაპირველად, ი. ლორთქიფანიძე კონფერენციაზე გამოდიოდა ოსმალებისათვის წინააღმდეგობის გაწევის მოთხოვნით. მოგვიანებით მან მხარი დაუჭირა ამიერკავკასიის დამოუკიდებლობის გამოცხადებას. შედიოდა დამოუკიდებელი საქართველოს პირველი კოალიციური მთავრობის შემადგენლობაში და იყო გზათა მინისტრი. საქართველოს დამოუკიდებელ სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტიის მეორე კონფერენციაზე, 1918 წლის 10-15 დეკემბერს, მისმა მოხსენებამ მთავრობაში თავისი სამინისტროს მუშაობის შესახებ, ვერ დააკმაყოფილა ყრილობის მონაწილეები. 1920 წლის გაზაფხულზე დამფუძნებელი კრების მეორე დამატებითი არჩევნების შედეგად, სოციალ-რევოლუციონერთა პარტიის სიით მოიპოვა კრების წევრის მანდატი.
საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ დარჩა საქართველოში და აგრძელებდა პოლიტიკურ საქმიანობას საბჭოთა სახელმწიფოს წინააღმდეგ. 1922 წლდან სოციალ-რევოლუციონერთა შორის წარმოშობილი განხეთქილების შემდეგ, იყო „მემარჯვენეთა ჯგუფის“ ერთ-ერთი ლიდერი. 1922 წელს „ჩეკამ“ იზოლაციის წესით პატიმრობა მიუსაჯა. პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ, მალევე 1924 წლის აჯანყებასთან დაკავშირებით კვლავ დააპატიმრეს, თუმცა გაამართლეს. შემდგომ მუშაობდა ჯანდაცვის სახალხო კომისარიატში. საბჭოთა დიდი ტერორის დროს „ესერების კონტრრევოლოციური ცენტრის“ ლიდერობის ბრალდებით დააპატიმრეს და დახვრიტეს.
- დიმიტრი შველიძე
ლიტერატურა
- ი. ხვადაგიანი, საქართველოს დამფუძნებელი კრება, 1919, თბ., 2016;
- რ. გრძელიძე, საქართველოს პოლიტიკური პარტიების ისტორია (1910-1924), თბ., 1998;
- ფ. ქაზემზადე, ბრძოლა ამიერკავკასიისათვის (1917-1921), ლ. ბაქრაძის წინასიტყვაობა ქართული გამოცემისათვის, თბ., 2016.
წყარო
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი
იხილე აგრეთვე
- ქართველი პოლიტიკოსები
- საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა
- ამიერკავკასიის სეიმის წევრები
- საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრები
- საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრები
- სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტიის წევრები
- ლორთქიფანიძეები
- საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის წევრები
- საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლნი საქართველოში